GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ვიქტორ სანიკიძეს შორის მემორანდუმი გაფორმდა

28 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საკალათბურთო ნაკრების ყოფილ წევრ, ევროლიგის წარმატებულ ვეტერან კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმებას უნივერსიტეტის კალათბურთის კლუბის მომავალ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით.

ღონისძიებას კსუ-ის ხელმძღვანელობა და სპორტსმენები დაესწრნენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა  კახაბერ კორძაიამ ჟურნალისტებთან მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და  იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბის მიღწევები გაიზრდება:

„დღეს კსუ-სთვის ისტორიული დღეა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს უნივერსიტეტს საკმაოდ წარმატებული კალათბურთის კლუბი აქვს და ახლა ვაფუძნებთ პროფესიულ კლუბს, ჩვენი პარტნიორი იქნება ვიქტორ სანიკიძე და იმედი გვაქვს, წელს ჩვენი შედეგები უფრო შთამბეჭდავი იქნება.

ჩვენი ყველა სპორტული ღონისძიება სტუდენტური ცხოვრების გაჯანსაღებისკენაა მიმართული და რახან  კალათბურთში გვაქვს გარკვეული წარმატებები, გვინდა, კიდევ უფრო განვვითარდეთ ამ მხრივ.

ასევე, ძალიან კარგი თვითმმართველობა გვყავს და როცა გულშემატკივრობაა საჭირო, ამასაც დიდი ენთუზიაზმით აკეთებენ და თუ ჩვენ აღმოვჩნდით კალათბურთის სუპერ ლიგაში, უნივერსიტეტისთვის ამაზე კარგი რა უნდა იყოს”, – ამბობს კორძაია.

ვიქტორ სანიკიძის თქმით, მემორანდუმი მნიშველოვანია არამხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ კალათბურთისთვისაც:

„ამ შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად კალათბურთისთვისაც, რადგან ჩვენი კლუბი ითვალისწინებს ასპარეზობას  არამხოლოდ ლიგის ტურნირში, არამედ ჩვენი მიზანია ახალგაზრდების მომზადება სპორტულ მოღვაწეობასა და განათლების მხრივ. ახალგაზრდები, რომლებიც გუნდში მოხვდებიან, ექნებათ შესაძლებლობა უნივერსიტეტში ჩაირიცხონ და მიიღონ უმაღლესი განათლება. წელს საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, ვაპირებთ ლიგის ტურნირში გამარჯვებას”, – ამბობს სანიკიძე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური