GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციური პროექტი – ტელემედიცინის ცენტრი ამოქმედდა

ტელემედიცინის ცენტრი – ასე ჰქვია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალ პროექტს, რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იგი კომპიუტერული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის დისტანციურ გაცვლას გულისხმობს, როგორც პაციენტის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის, ასევე სამედიცინო აკადემიური პერსონალის უწყვეტი განათლებისა და კვლევების განხორციელების მიზნით.

ტელემედიცინის ცენტრი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედებს და იგი აბონენტს (სტუდენტი, უნივერსიტეტის პერსონალი და ა.შ.) კოორდინატორის (დამაკავშირებელი რგოლი – ცენტრის თანამშრომელი) საშუალებით დისტანციურად აკავშირებს კონსულტანტთან (კვალიფიციური ექიმი, რეზიდენტი, დოქტორანტი, მაღალი სემესტრის სტუდენტი) და პირიქით. შედეგად, იდეის ავტორების განმარტებით, ცენტრი წარმოადგენს იდეალურ საშუალებასა და აუცილებელ სერვისს COVID-19 პანდემიის მსგავსი საგანგებო სიტუაციის პირობებში, როგორც სტუდენტზე დაკვირვების, კომუნიკაციისა და მხარდაჭერის, ასევე მისი კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავების მხრივ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ასისტენტ -პროფესორი მაგდა თორთლაძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ტელემედიცინის, როგორც თანამედროვე მედიცინის მიმართულების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იგი ეფუძნება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას პრაქტიკულ და თეორიულ მედიცინაში განვითარებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

„ტექნოლოგიების განვითარების ტემპმა, გააფართოვა ტელემედიცინის სფერო, რომელიც ინტერნეტზე დაფუძნებულ პროგრამებს მოიცავს. მაგალითად, ელექტრონულ ფოსტას, ტელეკონსულტაციების, კონფერენციებისა და მულტიმედიური მიდგომების ციფრულ გამოსახულებასა და ვიდეო კონსულტაციას“, – აღნიშნავს ჩვენთან ინტერვიუში მაგდა თორთლაძე.

მისივე თქმით, ტელემედიცინის ცენტრის შექმნის საჭიროება COVID-19 პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გამოიკვეთა. ამბობს, რომ ონლაინსერვისებმა უდიდესი როლი შეასრულეს სოციალური დისტანცირების, პაციენტის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის, ასევე სასწავლო პროცესებისა და სამედიცინო აკადემიური პერსონალის უწყვეტი განათლებისა და კვლევების განხორციელების მხრივ.

„ჩემი ინიციატივით, თანამოაზრეების გუნდი ფორმირდა და იდეის განსახორციელებლად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე მატერიალური და ადამიანური რესურსი მობილიზდა. კსუ-ს ტელემედიცინის ცენტრი წარმოადგენს იდეალურ საშუალებასა და აუცილებელ სერვისს COVID-19 პანდემიის მსგავსი საგანგებო სიტუაციის პირობებში. ასევე, იგი წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს კლინიკური საგნების სწავლების პროცესში. ჰიბრიდული სწავლების მოდელი საშუალებას გვაძლევს სტუდენტი ვირტუალურად დაესწროს მენტორის ოპერაციას, კონსილიუმს, ანამნეზის შეკრების პროცესს, ნებისმიერ ინვაზიურ ჩარევას, პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით“, – აცხადებს ფაკულტეტის დეკანი მაგდა თორთლაძე.

მისივე განმარტებით, ტელემედიცინის ცენტრის მიზანია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოპულაციის შესწავლა, COVID-19-ით ინფიცირებული ჯგუფების გამოვლენა, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის გარკვევა და სამიზნე სუბიექტების გადამისამართება საჭიროებისამებრ. გარდა ამისა, ცენტრი გასცემს რეკომენდაციებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.

„ცენტრი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელებს გერიატრიული კონტინგენტის ონლაინ მხარდაჭერას, ონლაინ კონსულტაციას. გარდა სპეციალისტისა, პროცესში ჩაერთვებიან სტუდენტებიც“, – დასძენს დეკანი.

ტელემედიცინის როლი პანდემიის გარეშე პერიოდშიც არანაკლებ მნიშვნელოვანი რომაა ამაზე EDU.ARIS.GE-სთან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტელემედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, მოზრდილთა ნევროლოგი, ასისტენტ-პროფესორი სოფიო ცინცაძეც საუბრობს და დასძენს, რომ ცენტრის ერთ-ერთ ქვემიმართულებას გერიატრიული კონტინგენტის ონლაინ მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც ასაკოვანი პაციენტებისა და მათზე მზრუნველი პირების კოგნიტური დარღვევების შესახებ ონლაინ რეჟიმში კონსულტირებას გულისხმობს.
სოფიო ცინცაძის თქმით, ასაკოვან პოპულაციაში საკმაოდ ხშირად გვხვდება მსუბუქი კოგნიტური დარღვევა (60 წელს გადაცილებული მოსახლეობის დაახლოებით 12-18 %-ში), რომლის სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.

„მსუბუქი კოგნიტური დარღვევა წარმოადგენს გარდამავალ კლინიკურ მდგომარეობას ნორმალურ კოგნიტურ დაბერებასა და დემენციას შორის. იგი ხასიათდება მეხსიერების და აზროვნების ისეთი ცვლილებით, რომელიც არ ახდენს გავლენას ინდივიდის ყოველდღიურ აქტივობაზე, თუმცა ადვილად შესამჩნევია მისთვის და მისი ოჯახის წევრისთვის. კონსულტაცია მოიცავს პაციენტის კლინიკურ და ობიექტურ (სკრინინგ ტესტებით) შეფასებას, ოჯახის წევრის გამოკითხვას, რისკ-ფაქტორების გამოვლენას და რეკომენდაციების გაცემას.

„სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ შუა და ხანდაზმული ასაკის ინდივიდს, რომელიც ადრინდელ პერიოდთან შედარებით უჩივის მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების სირთულეებს, გუნება-განწყობის და ქცევის ცვლილებებს. (შესაძლოა თავად პაციენტი არ აღნიშნავდეს ჩივილებს და სიმპტომების შესახებ ინფორმაციის წყარო ახლობელი იყოს). გარდა ამისა, სერვისით შეუძლია ისარგებლოს 60 წელს გადაცილებულმა ნებისმიერმა ინდივიდმა, ჩივილების გარეშე“, – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

კითხვაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მსუბუქი კოგნიტური დარღვევის ადრეული დიაგნოსტიკა, ცენტრის ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ მსუბუქ კოგნიტურ დარღვევას გააჩნია მაღალი რისკი გადაიზარდოს, მაგალითად, ალცჰაიმერის ან სხვა რომელიმე ნეიროდეგენერაციულ დაავადებაში.

„ზოგიერთ შემთხვევაში მსუბუქი კოგნიტური დარღვევა განიცდის უკუგანვითარებას, ან სტაბილური რჩება. შექცევადი მიზეზებიდან აღსანიშნავია ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი, ძილის აპნოე, დეპრესია, ჰიპოთირეოზი, B12 ვიტამინის დეფიციტი და ა.შ. ამიტომ, მნიშვნელოვანია მსუბუქი კოგნიტური დარღვევის ადრეული დიაგნოსტიკა და მისი სავარაუდო გამომწვევი (განსაკუთრებით შექცევადი) მიზეზების დროულად და სწორად მართვა“, – დასძენს ტელემედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო ცინცაძე.

ცნობისთვის, ტელემედიცინის შესახებ ინფორმაცია XIX საუკუნის შუა ხანებიდან მოიპოვება. ერთ – ერთი პირველი ანგარიში კი, ტელეჯანმრთელობის შესახებ, გასული საუკუნის 60-იან წლებში ფიქსირდება. იმ დროს ელექტრო კარდიოგრაფიული მონაცემები სამხედრო და კოსმოსური ტექნოლოგიების სექტორში, ასევე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სატელეფონო ხაზებით გადაიცემოდა.

სხვა სიახლეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური