GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო სკოლა კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სამეცნიერო სკოლა და კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანიც იმუნოლოგიის დარგში ბიოსამედიცინო კვლევების პოტენციალის წარმოჩენა იყო.

სკოლა-კონფერენციის ფარგლებში თეორიულ კურსს კლინიკური და ფუნდამენტური იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებზე ონკოიმუნოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის, ალერგოლოგიისა და დერმატოლოგიის მიმართულებით 80–მა სტუდენტმა გაიარა.

სამეცნიერო სკოლა 15 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და დასკვნითი ღონისძიება 19 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სახელწოდებით: „ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ”.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ლალი მეკოკიშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, სამეცნიერო სკოლა და კონფერენცია – იმუნოლოგიის, სიმსივნური იმუნოლოგიისა და იმუნოთერაპიის საკითხებს ეძღვნებოდა.

„ფორუმზე მოწვეული იყვნენ ძალიან ცნობილი მეცნიერები და ექიმები თითქმის მთელი მსოფლიოდან: ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ესპანეთიდან, ბრიტანეთიდან, რუსეთიდან და ა.შ. ჰქონდათ შესანიშნავი მოხსენებები. თავად კონფერენციის ფორმატი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებისთვის, ვინაიდან კონფერენციის დასკვნით ნაწილში გაიმართა სტუდენტური დებატები, ანუ ერთი ჯგუფის მიერ წარმოდგენილ თეორიას მეორე ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა არგუმენტებით. შესაბამისად გეტყვით, რომ ეს ფორმატი არის არა მხოლოდ კონფერენცია, არამედ  ძალიან კარგი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა მათ მცირე დროში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღონ“, – განაცხადა ლალი მეკოკიშვილმა.

ხუთდღიან სკოლა–კონფერენციის მნიშვნელობაზე  ისაუბრა თსუ–ის იმუნოლოგიის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა, კსუ–ის კონსულტანტმა კვლევების განვითარების დარგში, აღნიშნული კონფერენციის ავტორმა და კოორდინატორმა ნუნუ მიცკევიჩმა.

„ეს კონფერენცია არის საუკეთესო საშუალება სტუდენტებისთვის. მათ აქვთ პირადად გაცნობის შესაძლებლობა, როგორც უცხოეთში მოღვაწე თანამემაულეების, ასევე უცხოელი მეცნიერების გაცნობის და მთთან შემდგომი პროექტების დაგეგმვის, იდეების გაცვლისა და დახვეწის შესაძლებლობა.

„ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც დასკვნით დღეს მოხდა, ეს იყო სტუდენტებს შორის სამეცნიერო დებატების ჩატარება, რისთვისაც ისინი 2 თვეზე მეტხანს ემზადებოდნენ“, – განაცხადა კონფერენციის კორდინატორმა და აღნიშნა, რომ სტუდენტებში კონფერნციაში მონაწილეობით დაინტერესება იმაზე მაღალი იყო, ვიდრე ელოდნენ.

„თავიდან ვფიქროდით, რომ კონფერენციაში მაქსიმუმ 40-50 სტუდენტი იქნებოდა ჩართული თუმცა, მონაწილეობის მსურველი 200-ზე მეტი სტუდენტი იყო, საიდანაც  საბოლოოდ 80 სტუდენტი შევარჩიეთ. აღსანიშნავია, რომ შერჩეული სტუდენტებიდან  50 ქართველი და 30 უცხოელი სტუდენტია, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობენ.

„საერთო ჯამში, სტუდენტები 7 უნივერსიტეტიდან არიან წარმოდგენილნი, მათ შორის 2 რეგიონალური უნივერსიტეტიდან. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიდან და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიდან, ასევე მონაწილეობას იღებენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ტვილდიანის სამედიცინო სკოლა აიეტის, თბილისის სამედიცინო აკადემიისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ღონისძიება საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კომპანია EMD GROUP-ის, რობერტ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების პარტნიორობით ჩატარდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური