GE

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტი – ილიაუნის მკვლევრებისა და სტუდენტების ექსპედიციები

პროექტში CaBOL, რომელიც 2020 წელს დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულებაა ჩართული.

ვაშლოვანის ექსპედიცია კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია 3 წლის მანძილზე 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა. პროექტში უდიდესი როლი სხვადასხვა საფეხურზე მყოფ სტუდენტებს უკავიათ.
სწორედ ამ სტუდენტებს გაგაცნობთ უფრო ახლოს.

ლიზა ყარალაშვილი, ილიაუნის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია.

– რატომ გადაწყვიტეთ ეკოლოგიის მიმართულებაზე სწავლა?

– ბავშვობიდან მიყვარდა მეცნიერება. თავიდან თეორიული ფიზიკის მიმართულებით ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, მაგრამ შემდეგ მოვხვდი National Geographic საქართველოში, სადაც ბიომრავალფეროვნებაზე ვწერდი სტატიებს და ქართველი მკვლევრებისგან ინტერვიუების აღება მიწევდა. მაშინ მივხვდი, რომ ეკოლოგია ცხოველების, ტყე-ღრეში ბოდიალის და მეცნიერების სიყვარულს აერთიანებდა და აქ გადავწყვიტე ჩაბარება.

– რას ნიშნავს იყო ეკოლოგი? როგორია ეკოლოგის სტუდენტური ცხოვრება?

– ზოგადად, ეკოლოგიის სტუდენტის ცხოვრება ალბათ ზუსტად იმავენაირია, როგორიც ყველა სხვა სტუდენტის. თუ კვლევებში ხარ ჩართული, ბევრი მუშაობა გიწევს ლაბორატორიაში და ველზე. ზოგჯერ რთულია მუშაობის და სწავლის შეთავსება, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ველზე დიდი დროის გატარება გიწევს. საბედნიეროდ, ჩვენი პროფესორები გაგებით გვეკიდებიან და პრობლემებს არ გვიქმნიან.

– კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტი (CaBOL) – როგორ მოხვდით ამ პროექტში? რას ისახავს მიზნად ეს პროექტი? რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ეს პროექტი?

– კავკასიის სიცოცხლის ბარკოდის პროექტი უზარმაზარი პროექტია, რომელიც საქართველოს, გერმანიის და სომხეთის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუციების თანამშრომლობით მიმდინარეობს. მისი მიზანი კავკასიის, როგორც ბიომრავალფეროვნების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონის, ბიომრავალფეროვნების გენეტიკური მონაცემთა ბაზის შექმნაა. კავკასია ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია, ანუ სახეობათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გლობალური ბიომრავალფეროვნების კარგვის პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასეთი ადგილების კვლევა და დაცვა. ფართომასშტაბიანი გენეტიკური მონაცემთა ბაზის შექმნა, პირველ რიგში, ინფორმაციას მოგვცემს იმის შესახებ, თუ რა სახეობებია გავრცელებული რეგიონში და ასევე გაამარტივებს სამომავლოდ ამ სახეობების მონიტორინგს. გარდა ამისა, ეს პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ბიომრავალფეროვნების კვლევის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სამომავლო სამეცნიერო განვითარებისთვის.

მე CaBOL-ში პირველ კურსზე მოვხვდი, როდესაც საპილოტო პროექტი იწყებოდა. კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე უნდა შეგვეგროვებინა უხერხემლოების სინჯები და შემდეგ მათ იდენტიფიკაციაზე გვემუშავა. აქტიურად ვიყავი ჩართული ბატონი დავით თარხნიშვილის კურსში და ამავდროულად კარგად ვიცი გერმანული, ამიტომ ბატონმა დავითმა შემომთავაზა პროექტში ჩართვა.

– პროექტში კონკრეტულად რა არის თქვენი როლი? რა აღმოჩენები გააკეთეთ? ხომ არ აღმოგიჩენიათ ისეთი სახეობა, რომლებიც საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთისთვის სრულიად ახალია?

– პროექტში ჩემი მოვალეობა 2018 წელს კინტრიშში შეგროვებული უხერხემლოების სინჯების იდენტიფიკაციაა. გარდა ამისა, ვმუშაობ ობობების ტაქსონომიაზე. კინტრიშის სინჯები ჯერ რჩევის პროცესშია, ამიტომ კონკრეტული აღმოჩენები ჯერ არ გვაქვს. სამაგიეროდ, ორი წელია ვმუშაობ პუბლიკაციაზე გერმანელ კოლეგებთან ერთად, რომლებიც საქართველოს ობობებს ეხება. ორი წლის განმავლობაში შევაგროვეთ საკმაოდ დიდი სინჯი მთელი საქართველოდან და დავაბარკოდეთ ისინი. საკმაოდ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გვაქვს – 30-ზე მეტი სახეობა საქართველოდან არაა ცნობილი. ასევე ბევრი სახეობა, დიდი ალბათობით, მეცნიერებისთვის უცნობია, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

– რას ნიშნავს თქვენთვის, ახალგაზრდა მკვლევრისთვის მსგავსი მასშტაბის პროექტში მონაწილეობა?

– ძალიან გამიმართლა, ასეთ ადრეულ ასაკში ამხელა პროექტში რომ მოვხვდი. გარდა იმ უზარმაზარი გამოცდილებისა, რომელიც პროექტში მუშაობისას მივიღე, გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. ასეთი პროფესიული კონტაქტები (ნეთვორქინგი) ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია სამომავლო განვითარებისთვის.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ სამეცნიერო კუთხით?

გაგზავნილი მაქვს საბუთები ბონის უნივერსიტეტში, ორგანიზმული, ევოლუციური და პალეობიოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე და ამ ეტაპზე იქ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. სამომავლოდ დოქტორანტურაზე ჩაბარებას და მეცნიერებაში მუშაობას ვაპირებ, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებით, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური