GE

კახის სკოლაში მოსწავლეებს შორის ეთნიკური კონფლიქტების გახშირების გამო მანდატურს ითხოვენ

საკანონმდებლო ორგანოში განთალების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე დიასპორის საკითხების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც აზერბაიჯანში ქართველებით  დასახლებულ რეგიონებში განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე საუბრობენ.

„ჰერეთის სახლის“ დირექტორი ვასილ პაპიაშვილი ამბობს, რომ სახელმძღვანელოების და კვალიფიციური კადრების პრობლემებთან ერთად, რეგიონში ერთ-ერთი მწვავე საკითხი კახის რაიონის მე-2 სკოლაში ეთნიკური კონფლიქტის არსებობაა, რაც  ქართველ, რუს და აზერბაიჯანელი ეროვნების მოზარდებს შორის მიმდინარეობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია კახის რაიონის მე-2 ინტერნაციონალურ სკოლაში მანდატურის საჭიროების საკითხი. ამ სკოლაში სწავლობენ ქართველი, რუსი და აზერბაიჯანელი ეროვნების ბავშვები და ძალიან ხშირადაა კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე. სკოლაში 800-მდე მოსწავლეა, მათ შორის 120 ბავშვია ქართულ სექტორში. ჩვენთან საუბარში მასწავლებლებმა და განსაკუთრებით მშობლებმა, მათ შორის აზერბაიჯანული და რუსული სექტორებიდანაც, გამოთქვეს მზადყოფნა, რომ შეაგროვონ თითო მანეთი და მანდატურს გადაუხადონ, აი ამ დონეზეა ამ პრობლემის მოგვარების სურვილი. ამ პრობლემას ამძაფრებს აზერბაიჯანის ისტორიის სახელმძღვანელოში არსებული სიძულვილის ენაც. ერთ -ერთ ეპიზოდს მოვიყვან: მე -11 კლასის სახელმძღვანელოს 84-ე გვერდზე წერია ასეთი რამ, იმ პერიოდში როდესაც სომხები ბაქოში აზერბაიჯანელთა გენოციდს ეწეოდნენ, აზერბაიჯანალების წინააღმდეგ, ამ ღონისძიებებს ხელს უშლიდნენ ქართველები (გულისხმობს, რომ ხელს არ უშლიდნენ ქართველები. ავტ.) ასეთი კონტექსტია და ამას რომ აზერბაიჯანელი წაიკითხავს სკოლაში, მას მუდმივი კონფლიქტი ექნება ქართველთან.  არსებობს ასევე გარკვეული მიდგომა, როდესაც სომხებთან ასევე ერთნაირ კონტექსტშია ქართველები მოხსენიებული. კარგი იქნება, თუ ქართული მხარე დაინტერესდება ამით და გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს აზერბაიჯანის განათლების სამინისტროსთან, რომ ამგვარი პასაჟები ამოღებულ იქნას. ქართველები და აზერბაიჯანელები მუდამ იყვნენ ძმები და დღესაც დეკლარირებულია ეს მეგობრობა“,- განაცხადა ვასილ პაპიაშვილმა.

თ. ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური