GE

კენი ლარკინი თსუ-ის სტუდენტებისთვის

ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებზე დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის ცნობილი წარმომადგენლის, დეტროიტელი არტისტის, “soulful” ტექნოს შემქმნელის კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველკურსელებს.

თსუ-ში სწავლის დაწყება მიულოცა საღამოზე მისულ სტუდენტებს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. „ძალიან მაგარი ღონისძიებაა. სპეციალურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული 5 ათასამდე პირველკურსელისთვის საღამო წაიყვანა ძალიან ცნობილმა არტისტმა კერი ლარკინმა. ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრა ყველა პირველკურსელს დაამახსოვრდება“,- განაცხადა თსუ-ის რეტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„დღევანდელი საღამო გამორჩეულია, რადგან საუნივერსიტეტო სივრცეში პირველად სტუმრად გვყავს თავის სფეროში ერთ-ერთი წარმატებული და აღიარებული კენი ლარკინი. ვეცადეთ, რომ პირველკურსელებისთვის მოგვეწყო განსაკუთრებული საღამო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება იქნება მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების დასაწყისი“,- აღნიშნა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შოთა კეჟერაშვილმა.

ცნობილი არტისტის ელექტრონულ მუსიკაზე თსუ-ის 8 ათასამდე სტუდენტი გაერთო.

„არაჩვეულებრივი სიტუაციაა, შესანიშნავი მუსიკაა. გადაღლილი აბიტურიენტებისთვის ეს არის მშვენიერი განტვირთვა“,- განაცხადა თსუ-ის პირველკურსელმა სტუდენტმა ვერიკო ტატიშვილმა.

სტუდენტ გოგა ხიმშიაშვილის თქმით, თსუ-მ მისი მოლოდინი გაამართლა: „უნივერსიტეტში სწავლა დავიწყეთ და ასეთი დახვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ.“

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ „TSU Welcome Party 2019”-ს, რომელიც აქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, თავად კენი ლარკინი გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუქგვერდზე და მას გასაოცარი საღამო უწოდა.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 5 ათასამდე პირველკურსელი შეემატა. თსუ-ის 7 ფაკულტეტის 200-ზე მეტ პროგრამაზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი