GE

კიდევ ორი სკოლიდან პანიკაში მყოფ მშობლებს მოსწავლეები გაჰყავთ

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, სასწავლო პროცესი 97–ე საჯარო სკოლის გარდა კიდევ ორ საჯარო სკოლაში შეფერხდა, თუმცა სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. საუბარია 106–ე და 124–ე საჯარო სკოლებზე.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 106-ე საჯარო სკოლის დირექტორი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მოსწავლეთა ნაწილის მშობლები პანიკაში არიან და შვილები სკოლიდან გაჰყავთ.

“მშობლების ნაწილი არის პანიკაში. სპეცოპერაციის ადგილი ჩვენი სკოლიდან 200 მეტრით არის დაშორებული და როგორც ჩანს, მშობლების პანიკა ინტენსიურმა სროლებმა გამოიწვია. მოდიან სკოლაში და შვილები გაჰყავთ. როგორც გვეუბნებიან, სურთ რომ ბავშვები მათ გვერდით ჰყავდეთ. არც ერთ მოსწავლეს ჩვენ სკოლიდან მშობლის გარეშე არ ვუშვებთ. გახსნილია სპეციალური ჟურნალი და გაყვანის დროს ისინი ხელს აწერენ. მიჰყავთ უმეტესად დაწყებითი კლასების მოსწავლეები – I, II, III და IV კლასის მოსწავლეები, თუმცა არიან მაღალკლასელებიც. მხოლოდ ის მოსწავლეები გადიან სკოლიდან, ვისაც მოაკითხავს მშობელი. საგაკვეთილო პროცესი არ არის შეწყვეტილი და გაკვეთილებიც მიმდინარეობს, შესაბამისად, გაკვეთილზე არდასწრების გამო “არები” ჩვეულებრივად დაიწერება”, – განგვიცხადა სკოლის დირექტორმა თენგიზ გულორდავამ.

კიდევ ერთ, 124–ე საჯარო სკოლაში, რომელიც მოსკოვის გამზირზე მდებარეობს, თუმცა სპეცოპერაციის ადგილიდან შედარებით ახლოს არის, მოსწავლეთა შენობიდან გაყვანას თავად სკოლის დირექტორი აკონტროლებს. როგორც მან  EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, პირველ სმენაში სკოლაში მხოლოდ მაღალკლასელები არიან და მათ ნაწილს მშობლები თავად აკითხავენ.

“მშობლების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ გაიყვანოს შვილები სკოლიდან, თუმცა მათი გასვლა პირადად ჩემგან კონტროლდება. მეზობელსაც არ ვატან მოსწავლეს და მხოლოდ მშობლის მოსვლის შემდეგ ვუშვებ მასთან ერთად. მეორე სმენაში მოდიან დაწყებითები და მათ გაკვეთილები ჩვეულებრივად ჩაუტარდებათ. სასწავლო პროცესი არ შეჩერდება და “არები” ყველა გაკვეთოლზე არმყოფ მოსწავლეს დაეწერება. ეს იციან იმ მშობლებმაც, ვისაც ამ წუთებში შვილები გაჰყავს სკოლის შენობიდან”, – განგვიცხადა 124–ე საჯარო სკოლის დირექტორმა მადონა მუმლაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული დეპარტამენტის ჩართულობით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საუბარია სავარაუდოდ ორი პირის აყვანაზე, რომელთაც სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს.

97-ე საჯარო სკოლის დირექტორი – სკოლის შენობა სრულად დაცლილია

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გამო 97–ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური