GE

„KIU-მ მომცა შესაძლებლობა, გავხდე საუკეთესო ჩემს პროფესიაში“ – მათემატიკის სკოლის სტუდენტი ელენე კენჭოშვილი

ელენე კენჭოშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. ამჟამად, თანატოლებთან ერთად მონაწილეობას იღებს KIU Visual Math Fest-ის კონკურსზე. პროექტის ფარგლებში, ელენემ, მათემატიკის სკოლის ერთმა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ორმა სტუდენტმა შექმნეს ჯგუფი, რომელიც მუშაობს Harmonograph-ის შესწავლაზე, ხელოვნებაში მის გამოყენებაზე. გოგონა, ასევე, ჩართულია უნივერსიტეტის სხვა პროექტშიც, რომლიც სტუდენტებს განვითარების დამატებით შესაძლებლობასა და მოტივაციას აძლევს. მან მონაწილეობა მიიღო KIU Photo Contest-ში, საკუთარი ნამუშევარი წარადგინა და ახლა კონკურსის შედეგებს ელოდება. მისი თქმით, ეს პროექტი საუკეთესო საშუალებაა დამწყები ფოტოგრაფებისთვის, მიიღონ უდიდესი გამოცდილება ხელოვნების ამ დარგში.

მათემატიკა ბავშვობიდანვე აინტერესებდა და ყოველთვის, როდესაც მომავალი, სასურველი პროფესიის შესახებ ჰკითხავდნენ პასუხი უცვლელი იყო – „მსურს გავხდე მათემატიკის პედაგოგი“. აღნიშნული მეცნიერების მიმართ მსგავსი ინტერესის გამო სწავლობდა ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41-ე ფიზიკა-მათემატიკის, ხოლო ბოლო სამი წლის მანძილზე №23-ე საჯარო სკოლებში. პირველი კლასიდან აქტიურად იყო ჩართული მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადებში, მათ შორის, „ევერესტის“, “პითაგორას“, “ანაბასისის“, “Smart competition“-ის კონკურსებში. მათემატიკის მსგავსად, მეტ დროს უთმობდა უცხო ენის – ინგლისურის შესწავლას. სკოლის ბოლო საფეხურზე, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა აერჩია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ შეიტყო. აბიტურიენტი მაშინვე დაინტერესდა მეგა-პროექტით და დაიწყო KIU-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება. საუნივერსიტეტო ქალაქის ყველა შესაძლებლობამ – ულტრათანამედროვე სასწავლო და საცხოვრებელმა გარემომ, TUM-ის საგანმანათლებლო მოდელმა, გრანტების ფონდმა, გაცვლითი პროგრამების არსებობამ, დასაქმების პერსპექტივამ აღაფრთოვანა მომავალი სტუდენტი. გოგონა ყველაზე მეტად სუბიექტურმა ფაქტორებმა გაახარა, KIU-ს სამი პროგრამიდან მისთვის სასურველის – მათემატიკის მიმართულების და უნივერსიტეტის მშობლიურ ქალაქში არსებობამ იმთავითვე გადააწყვეტინა KIU-ში ჩაბარება.

„KIU-მ მომცა შესაძლებლობა, გავხდე საუკეთესო ჩემს პროფესიაში. გერმანული გამოცდილებისა და უმაღლესი განათლების ინგლისურ ენაზე მიღება საუკეთესო გამოწვევაა სტუდენტებისთვის. საერთაშორისოდ აღიარებული პროფესორების მიერ სასწავლო პროცესის წარმართვა კი უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს. უნივერსიტეტის პროფესორები, ასისტენტები და ზოგადად, KIU-ში დასაქმებული ყველა, აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის არჩევა ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც სტუდენტი არასდროს ინანებს.

არ შემიძლია აქვე არ ვახსენო სუბიექტური ფაქტორი – ქუთაისში KIU-ს არსებობა, ჩემთვის როგორც ქუთაისელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციონირება ავითარებს ჩვენს ქალაქს. უამრავი ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდა უკავშირებს საკუთარ მომავალს ქუთაისს და ყველაზე საინტერესო წლებს აქ ატარებს“, – აღნიშნა ელენე კენჭოშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური