GE

„KIU მაძლევს შესაძლებლობას ავისრულო ჩემი ბავშვობის ოცნება და მონაწილეობა მივიღო გაცვლით პროგრამებში“ – სტუდენტი

ნათია სოლომონიძე KIU-ს მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტია. უნივერისტეტში ყოველი ახალი საგნის გავლისას რწმუნდება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც KIU და ეს პროფესია აირჩია.

ნათია მაღალმთიანი აჭარიდან არის. მან საშუალო განათლება ხულოში მიიღო. პირველი 9 წელი სოფელ დიაკონიძეების საჯარო სკოლაში, ხოლო მომდევნო 3 წელი ხულოს მუნიციპალიტეტის ტბელ აბუსერიძის სახელობის გიმნაზიაში სწავლობდა. გიმნაზიიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა, ამიტომ გაკვეთილებზე დასწრების მიზნით, მოსწავლეებისთვის გამოყოფილი ავტოტრანსპორტით ყოველდღიურად სარგებლობდა. სკოლის პერიოდში მისი ინტერესის სფეროს ამოცანების ამოხსნა და უცხო ენაზე საუბარი წარმოადგენდა, შესაბამისად, საყვარელი საგნებიც მათემატიკა და ინგლისური იყო. ინგლისური ენის ცოდნის გასაღრმავებლ ერთადერთ საშუალებას მისთვის სკოლა წარმოადგენდა, რადგან სხვების მსგავსად ინტერნეტითა და ტექნოლოგიებით განებივრებული არ იყო. ყოველთვის სურდა უცხო ენის მაღალ დონეზე შესწავლა და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება, ეს უკანასკნელი მის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად და ოცნებად იქცა.

უნივერსიტეტისა და პროფესიის არჩევაში მათემატიკის პედაგოგი დაეხმარა, სწორედ, მან გააცნო აბიტურიენტს პირველმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მომზადებული ვიდეო მასალა. გოგონა მაშინვე აღფრთოვანდა მასშტაბური პროექტით, დაიწყო დეტალური ინფორმაციის მოძიება, დღითიდღე იხიბლებოდა KIU-ს პროგრამებითა და შესაძლებლობებით. ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგით KIU-ს მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი გადალახა და მენეჯმენტის სკოლაში ჩაირიცხა. განსაკუთრებით მოსწონს პროგრამის ინგლისურ ენაზე გავლა, ამით უცხო ენაში ცოდნას იღრმავებს და საყვარელ პროფესიასაც ეუფლება. ყველაზე მეტად ახარებს ის ფაქტი, რომ მსოფლიო დონის უნივერსიტეტი საკუთარ სამშობლოში აქვს და უმაღლესი განათლების მიღების მიზნით არ უწევს ოჯახისაგან შორს, საზღვარგარეთ ყოფნა.

„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია KIU-ს თანამშრომლობა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს უნივერსიტეტთან (TUM). ამის წყალობით მე მაქვს შესაძლებლობა, გერმანელი თანატოლების მსგავსად მივიღო ევროპული განათლება. უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი პროფესორები დაუღალავად შრომობენ, რათა გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. მე მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი ვარ, მჯერა, თუ კარგად ვისწავლი წარმატებული მენეჯერი გავხდები.

KIU-ს მიერ ერთი წლის განმავლობაში სწავლის დაფინანსება, საცხოვრებლისთვის გამოყოფილი სოციალური გრანტები და სხვადასხა სახის სტიპენდია ჩვენთვის, სტუდენტებისთვის ბევრს ნიშნავს. თითქოს ეს ყველაფერი ერთგვარი სტიმულია წარმატებით დავხუროთ სასწავლო სემესტრი/წელი და შევინარჩუნოთ შეღავათები.

საუნივერსიტეტო ქალაქი საუკეთესო სივრცეა ახალგაზრდებისთვის, ვისწავლოთ და შევეჩვიოთ დამოუკიდებელ ცხოვრებას. და ბოლოს, რატომ ეს უნივერსიტეტი? იმიტომ, რომ KIU მე პირადად მთავაზობს შესაძლებლობას, ავისრულო ჩემი ბავშვობის ოცნება და მონაწილეობა მივიღო გაცვლით პროგრამა(ებ)ში“, – აღნიშნა ნათია სოლომონიძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური