GE

კოდის ერთი საათი: ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი გლობალურ კამპანიას უერთდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ციფრული სამყაროთი დაინტერესებულ II-VIII კლასების მოსწავლეებს მთელი საქართველოდან 9 დეკემბრის ჩათვლით, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ გლობალურ კამპანიაში „კოდის ერთი საათი“, გაეცნონ პროგრამულ კოდთან მუშაობის საწყისებს და მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები.

კოდის ერთი საათი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი პიონერის, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კონტრადმირალი ქალის, გრეის ჰოფერის დაბადების თარიღს (9 დეკემბერი, 1906). მისი სახელი უკავშირდება ერთ-ერთი პირველი პროგრამირების ენის COBOL-ის შექმნას.

2021 წელს კვირეული 6-12 დეკემბერს გაიმართება და მის ფარგლებში მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა სასწავლებლის მოსწავლეები და სტუდენტები 85 694-ზე მეტ ღონისძიებაში შეძლებენ მონაწილეობას.

„კოდის ერთი საათის“ გლობალური კამპანიის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი ღონისძიების ორგანიზატორი იქნება ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში უმასპინძლებს ციფრული სამყაროთი დაინტერესებულ II-VIII კლასების მოსწავლეებს უნილაბის პრაქტიკოს მენტორ-ლექტორებთან შეხვედრაზე, გააცნობს მათ პროგრამულ კოდთან მუშაობის საწყისებს.

როგორ მივიღო მონაწილეობა?

შეხვედრები გაიმართება 11 დეკემბერს Zoom-ის საშუალებით. ზუსტ დროს და Zoom-ის ლინკს მიიღებთ ერთი დღით ადრე, მას შემდეგ, რაც ჯგუფები დაკომპლექტდება.

Zoom-ის ლინკის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

რეგისტრაციის გასავლელად ეწვიე ბმულს
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 დეკემბერი, 23:59 საათი
დრო: 11 დეკემბერი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური