GE

„კონდიციონერის ხმა ფარავდა მოსასმენ დავალებას“ – აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდა დასრულდა

2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე უცხოური ენების გამოცდა IV სესიით დასრულდა. აბიტურიენტებმა 8-9 ივლისს ტესტები ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებში ჩააბარეს. როგორც უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ განაცხადა:

წელს აბიტურიენტების 85% ინგლისურ ენას აბარებს – „ძალიან შესამჩნევად კლებულობს რუსულის ჩაბარების მსურველთა რიცხვი“

IV სესიიდან გამოსული გორელი აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-ის გამოცდაზე მოსულ საკითხებზე ესაუბრნენ. როგორც ისინი ამბობენ, გამოცდა მარტივი იყო თუმცა, მათმა ნაწილმა თემა ვერ დაწერა.

სანდრო ბაკურაძე: ,,ბოლო ორი საკითხი ვერ დავწერე. ესე და თემა ძალიან რთულად მომეჩვენა და წაკითვაც არ დამიწყია გულით. არც კი მახსოვს რა იყო მოცემული. დავწერე წერილი რესტორანზე, რომელიც ნიუ იორკში ფუნქციონირებს. ჩემი გამოცდილება უნდა დამეწერა ამ სფეროში. დროც საკმარისი იყო, რადგან, როგორც გითხარით, ორი დავალება ვერ გავაკეთე,”

ნანუკა რევაზიშვილი: ,,თემა არ დამიწერია და ვერც ესეს გავართვი თავი, რომელიც მუსიკაზე და კალათბურთზე იყო. მხოლოდ წინადადებები გავასწორე და წერილი დავწერე. შიგნით კარგი გარემოა. არ ცხელა, რადგან კონდიციონერებია ჩართული, თუმცა მათი ხმა ფარავდა მოსასმენ დავალებას. მოსასმენი დავალება იყო ერთ-ერთ ქართველ მხატვარზე და მის შემოქმედებაზე. არ იყო რთული. ორჯერ მოგვასმენინეს და გავარკვიე პასუხებიც“

ზარო აბალაკი: ,,თუ სწორად მახსოვს, ესე იყო მაღაზიაზე და სალაროზე. უნდა დაგვეწერა, რამდენად კარგია მაღაზიაში სალარო აპარატის არსებობა. ძალიან უცნაური იყო. თემა არ მახსოვს და სხვა დავალებები იყო უმარტივესი. ყველა დაწერს, ვისაც ცოტათი მაინც უმუშავებს გონება. დროც მეყო და იქ არსებული სიტუაციითაც არ ვარ უკმაყოფილო. თბილისში ვაბარებ და იმედი მაქვს, შესაბამის ქულებს დავაგროვებ და ბარიერს გადავლახავ.“

ბაჩო მერებაშვილი: ,,მოსასმენები იყო ერთ-ერთ არტისტზე. ესე და თემა არ მახსოვს, ვერ დავწერე. ძალიან ვღელავდი. გამოცდაზე გასვლის გამოცდილება არ მაქვს და ჩემთვის ძალიან რთული დღე იყო. თუ დაუფიქრდები რთული დავალებები არ იყო, მაგრამ გონების დაძაბვა მაინც მიწევდა. მოკლედ, აფორიაქებული ვარ.“

ნანიკო ბერკაცაშვილი: ,,არ იყო რთული. ყველაფერი კარგად დავწერე და იმედი მაქვს, რომ ბარიერს გადავლახავ. დავალებებს რაც შეეხება, წინადადებებში არტიკლები უნდა ჩაგვესვა და წერილი უნდა დაგვეწერა რესტორანზე. ძალიან დაბნეული ვარ და თემა არ მახსოვს. ვიცი რომ კარგად დავწერე, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ. მოსასმენი იყო პრინცი უილიამის ოჯახის მოგზაურობაზე.“

უცხოური ენების გამოცდის IV სესიაზე აბიტურიენტთა 97% გამოცხადდა. ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ქიმიაში ჩააბარებენ. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს დასრულდება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური