GE

კონფერენცია დამთავრდა – შემდეგი გამოწვევები მასწავლებლებისთვის

„ძალიან სასიხარულოა, რომ მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულმა კონფერენციამ, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „მასწავლებლის სახლში“ უმასპინძლა, მასწავლებლების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. თემა, რომელსაც კონფერენცია ეხებოდა – სკოლებში დემოკრატიული კულტურის, უსაფრთხო და არადისკრიმინაციული გარემოს ორგანიზება – ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ვცდილობთ, მუდმივად მივაწოდოთ პედაგოგებს ამ მიმართულებით არსებული უახლესი რეკომენდაციები და ეს პროცესი იქნება აქტიური. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „მასწავლებლის სახლი“ არის, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცე და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შევქმნათ ურთიერთთანამშრომლობის გარემო პედაგოგთა პროფესიული განვითარებისათვის – ასეთი კონფერენციები კი აქტიური თანამშრომლობისათვის ძალიან კარგი ფორმატია“, – განაცხადა  EDU.ARIS.GE-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მასწავლებელთა მეექვსე ეროვნული კონფერენციის დასრულების შემდეგ.

კონფერენციამ, რომლის თემას წარმოადგენდა აქტუალური საკითხი ,,დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“, თავი მოუყარა ქართული სკოლების გამოცდილებას ჩარჩო დოკუმენტის დანერგვის მიმართულებით. 2018 წლიდან მოცემული დოკუმენტის დანერგვის ნება და მზაობა ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა 2016 წლის ბრიუსელის დეკლარაციით დაადასტურეს.

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს შემუშავების პარალელურად, საქართველომ, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, შექმნა გამოცდილება, რომელიც ხელს შეუწყობს სხვა ქვეყნებს როგორც დასახული მიზნების მიღწევაში, ასევე, პრობლემების პრევენციაში. ეს დასკვნა არგუმენტირებულად გაჟღერდა როგორც ქართველი, ასევე, კონფერენციაში მონაწილე უცხოელი ექსპერტების გამოსვლებში.

„თუ აქამდე ჩვენ საუბარი გვიწევდა იმაზე, რას წარმოადგენს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო და რა უნდა გაკეთდეს მის ფარგლებში, ეს უკვე გუშინდელი დღეა და ახლა ვსაუბრობთ  კონკრეტულ გამოცდილებაზე ამ მიმართებით. კონფერენციაზე წარვადგინეთ ევროსაბჭოს მიერ,საერთშორისო ექსპერტთა მონაწილეობით შემუშავებული დამხმარე რესურსი „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოს“ სამტომეული, რომელის ერთ-ერთი პირველი თარგმანი, ევროსაბჭოს სხვა ქვეყნებს შორის, სწორედ ქართულია. ყველა მონაწილემ საჩუქარად  მიიღო ეს კრებული, რომელიც ქართველ მასწავლებლებს ღია, ტოლერანტული და მრავალფეროვანი საზოგადოების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.კრებულის ელექტრონული ვერსია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლის სახლის ვებგვერდზე“. აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ნათია ნაცვლიშვილმა, დემოკრატიული კულტურისა და ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა.

ნათია ნაცვლიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ევროპის საბჭოს ახალი საგანმანათლებლო კამპანია ,,Free to Speak, Safe to Learn – Democratic Schools for All”და მისი ძირითადი მიმართულებები: გარემო, სადაც მოსწავლეს უსმენენ; ძალადობისა და ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ,,ფეიკ ნიუსის“ ამოცნობა; რთული, წინააღმდეგობრივი თემების გაანალიზება; ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ; კეთილდღეობა სკოლებში. განმარტა, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს თითოეულ მიმართულებაზე ორიენტირებული პრაქტიკა.

სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსის  მარიკა სიხარულიძის მიერ კონფერენციაზე კიდევ ერთი აქტუალური თემა -როგორ დავიცვათ ბავშვთა უფლებები ციფრულ სამყაროში-  იქნა წარდგენილი; სტატისტიკა მეტყველებს, რომ მსოფლიოში ინტერნეტის ყოველი მესამე მომხმარებელი 18 წლამდე ასაკის მოსწავლეა  და მათი 71% ინტერნეტში 24-საათიან რეჟიმში იმყოფება. ინტერნეტი მოზარდთა „ძილისპირულად“ იქცა. ამ საფრთხესთან დაპირისპირება აკრძალვის ხისტი მეთოდებით ბავშვთა უფლებების შეზღუდვაც არის და უშედეგოც. უფროსების კომუნიკაციას მოზარდებთან, მათი ინტერესების შესაბამისი კლუბებისა და წრეების შეთავაზება,  ინფორმაციის ჭარბი ნაკადებიდან უსაფრთხოს და სასარგებლოს „გაფილტვრის“ უნარების განვითარება, არის ის გზა, რომლითაც ვირტუალურ საფრთხეებს უნდა დავუპირისპირდეთ. –ასეთი იყო მომხსენებლის ძირითადი გზავნილი მასწავლებლებისათვის;

ორი დღის მანძილზე საქართველოს სკოლების (საჯარო და კერძო) 50-ზე მეტი პედაგოგი კოლეგებს უზიარებდა იმ კონკრეტულ გამოცდილებას, რომელიც დემოკრატიული კულტურის კონკრეტული კომპეტენციების განვითარების პროცესში დაუგროვდათ. მათ შორის იყო ლადო აფხაზავა, უკვე მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ორმოცდაათეულის წევრი, რომელმაც ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მთელ თემში დემოკრატიული „რევოლუცია“ მოახდინა. მისმა  პრობლემაზე ორიენტირებულმა, კრეატიულობით გამორჩეულმა აქტივობებმა დარბაზი ახალი იდეებით აავსო.  წლევანდელი მასწავლებლის ჯილდოს მფლობელის მანანა კაპეტივაძის მოხსენება „მოსმენისა და დაკვირვების, ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარების განვითარება გაკვეთილზე“ გასცდა საგაკვეთილო ჩარჩოს და კლასგარეშე აქტივობებიც მოიცვა. ახალგაზრდობის, დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლებისა და ადამიანის უფლებების სწავლების საკითხებში ტრენერ-კონსულტანტის სულხან ჩარგეიშვილის საუბრის თემა სწორედ კომპეტენციების კლასგარეშე განვითარების პერსპექტივა იყო.

კონფერენციის მეორე დღე პარალელური სესიების ფორმატში მიმდინარეობდა და სავსე იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებიდან წარმოდგენილი მრავალფეროვანი, ექსკლუზიური გამოცდილებებით.

ნანა ნიკოლაშვილი, ველისციხის საჯარო სკოლის პედაგოგი: „უამრავი სიახლე, ძალიან საინტერესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება… მოტივირებული და პოზიტიური ემოციებით დამუხტული ვბრუნდები. მადლობა მასწავლებელთა პოფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და ყველა იმ ადამიანს, მათ შორის ყველაზე მთავარს –ჩემს მოსწავლეებს, ვინც მომცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაში“.

კონფერენციაზე თითოეული მასწავლებელი უდიდესი კეთილგანწყობითა და პასუხისმგებლობით საუბრობდა მოსწავლეებთან თანამშრომლობაზე, მათთვის დემოკრატიული  კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებზე. მოსმენილი ქმნიდა განცდას, რომ ჩვენ დემოკრატიული კულტურის დამკვიდრების გზაზე წინ მივიწევთ, მაგრამ  მთლიანობაში  გზის დასაწყისიდან შორს რომ არ წავსულვართ, ეს   სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ხელმძღვანელის მედია გუგეშაშვილის მიერ წარმოდგენილმა 2018 წლის კვლევამ „ადამიანის უფლებათა სწავლების მდგმარეობა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“ დაგვანახა.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე რამდენად ხშირად ტარდება თქვენს სკოლაში აქტივობები, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს? გამოკითხულთა 60%-ზე მეტი პასუხობს ,,იშვიათად“ ან ,,არასდროს“ და მხოლოდ 30 %-მდე –ხშირად; კვლევის მიხედვით, სკოლებში იშვიათად ეხებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები, მდგრადი განვითარება, სიღარიბის დაძლევა, გენდერი… სკოლებში მოსწავლეთა დაცინვისა და  ჩაგვრის სიხშირე იზრდება  მოსწავლეთა ოდენობის მიხედვით, თუ 100-დე მოსწავლიან სკოლებში ეს მაჩვენებელი 2%-ია, 1270-ზე მეტ მოსწავლიან სკოლებში ის 31 %-ს აჭარბებს. ჩაგვრის ფაქტების არაღიარებას ცდილობს დირექციის წარმომადგენელთა 95-99%; განსხვავებულია მოსწავლეთა, მასწავლებელთა და დირექციის მონაცემები;  რასაც არ ვაღიარებთ პრობლემად, იმის დაძლევაზე ვერც ვიზრუნებთ.  ასეთი გარემო უკვე ბარიერია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებისთვის და ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია.

კონფერენცია დასრულდა. მიუხედავად მრავალი  საინტერესო და წარმატებული გამოცდილებისა, რეალობა ადასტურებს, რომ წინ დიდი გამოწვევებია, რათა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები  თავად მასწავლებლებმაც გაითავისონ და მოსწავლეებიც ამ გზაზე გაიყოლიონ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური