GE

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში სასწავლო წლის ორი მესამედი გაცდა – იუნესკოს მონაცემები

პანდემია COVID-19-ის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, 800 მილიონზე მეტი მოსწავლე, ანუ მთელი მსოფლიოს მოსწავლეების ნახევარზე მეტი, საგანმანათლებლო პროცესში სერიოზულ პრობლემებს დღესაც აწყდება.

იუნესკოს მონიტორინგის ინტერაქტიულ რუკაზე გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, დღეს მსოფლიოს 31 ქვეყანაში სკოლები დახურულია, 48 ქვეყანაში კი სასწავლო პროცესი არასრული გრაფიკით მიმდინარეობს.

რუკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან სკოლები დაკეტილი საშუალოდ 3,5 თვით (14 კვირით) იყო. ეს ციფრი იზრდება 5,5 თვემდე (22 კვირა), რაც სასწავლო წლის ორი-მესამედის ეკვივალენტურია. სკოლების დახურვის ხანგრძლივობა რეგიონის მიხედვით ასე ვარირებს: ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 5 თვეს (20 კვირა), ევროპაში კი 2,5 თვეს (10 კვირა) შეადგენს.

ქვეყნების მთავრობები მაქსიმალურად ეცადნენ, რომ სკოლების დახურვის შემთხვევები მინიმუმამდე დაეყვანათ. 2020 წლის აპრილში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყნის სკოლები მთლიანად იყო დაკეტილი, დღეს კი ეს მაჩვენებელი 31-ს შეადგენს.

,,სასწავლო დაწესებულებების ხანგრძლივ დახურვას მოსწავლეებისთვის ფსიქოსოციალური ზიანი მოაქვს. განათლების სფეროს დანაკარგი მკვეთრად იზრდება. ამიტომ, სკოლების დახურვა უკიდურესი ზომა უნდა იყოს, მათი უსაფრთხო გახსნა კი პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენდეს. COVID-19-ის თაობის ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისთვის საჭირო მიმართულების მისაცემად, ჩვენ ადეკვატურად დაფინანსებული აღდგენის ზომების ნაკრები გვესაჭიროება. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ქვეყნებს მთავარი ყურადღება განათლებას მიაქციონ“, – განაცხადა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულემ.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური