GE

კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, აჭარაში 1 სკოლა, 102 კლასი და 4 ბაღია დახურული

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები ყოველდღიურად იხურება. სკოლების ნაწილი სწავლას დისტანციურად აგრძელებენ.

EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია რა ვითარებაა ამ დროისთვის აჭარის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აჭარაში 15 ოქტომბრის მდგომარეობით, დროებით დახურულია 1 სკოლა (სკოლა ხელვაჩაურში მდებარეობს ავტ.). ონლაინ სწავლებაზე კი, სხვადასხვა სკოლების 102 ცალკეული კლასია გადასული.

,,აჭარაში ერთი სკოლაა დახურული და სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასული. ონლაინ სწავლებაზე არის ასევე სხვადასხვა სკოლების 102 კლასი. რა თქმა უნდა, დროებით არის დახურული, გავა ეს კარანტინის პერიოდი და აღდგება სწავლება“, – განგვიცხადეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

კორონავირუსის შემთხვევები გამოვლენილია ბაღებშიც. 15 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარაში დახურულია 4 ბაღი და 19 სააღმზრდელო ჯგუფი.

დახურულ ბაღებშიც სააღმზრდელო პროცესი საკარანტინე პერიოდის დასრულების შემდეგ განახლდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ აცხადებდა, რომ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის რეგულაციებში ცვლილებები არ იგეგმება და მათ უკვე შემუშავებული წესების სრული დაცვით უნდა იმუშაონ, თუმცა სპეციალისტები, ქვეყანაში მკვეთრად მომატებული შემთხვევების გათვალისწინებით, რეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავენ. შეეხება თუ არა გამკაცრება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, 15 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, აჭარაში დადასტურებულია ვირუსის 178 ახალი შემთხვევა.

ასევე იხილეთ:

მასწავლებელთა ნაწილს PCR და სწრაფი ტესტის ნიმუშის აღებაში ატრენინგებენ – დეტალები

მოამზადა ეთო მიდელაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური