GE

კორუფცია მშობლების სახელით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში

სკოლებში სასწავლო პროცესი დასრულდა და სკოლის დამამთავრებელი თუ კლასიდან კლასში გადასაყვანი ღონისძიებებიც ამოიწურა. რა თანხები ეხარჯებათ მშობლებს შვილების სკოლის დასრულებისას ეს ცალკე თემაა და ამის შესახებ საზოგადოებაში მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია სკოლებსა და ბაღებში ღონისძიებებისთვის საჭირო და პედაგოგების საჩუქრებისთვის განკუთვნილი თანხების ოდენობა.

ოფიციალური უწყებები ერთმნიშვნელოვნად უსვამენ ხაზს, რომ სკოლებსა და ბაღებში კატეგორიულად აკრძალულია თანხების შეგროვება, მიუხედავად ამისა, პედაგოგების და ადმინისტრაციის სიამოვნებისთვის გარკვეული ფინანსების გაღება, მშობლებისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

რეალურად, საჩუქრებს და თანხების შეგროვებას მათ არავინ აიძულებს, ინიციატივა თითქმის ყოველთვის მშობლებისგან მოდის და ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ პრაქტიკას არ ეთანხმებიან, იძულებული ხდებიან ინიციატორი მშობლების ნება შეასრულონ.

პრობლემის შესახებ საუბარი არ სურთ სკოლების და ბაღების ხელმძღვანელებს, ისინი ამბობენ, რომ მავნე პრაქტიკას ებრძვიან, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბრძოლას შედეგი არ აქვს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ე.წ. საჩუქრების სქემაში ყველა პედაგოგი და ყველა ხელმძღვანელი ჩართული არ არის და გარკვეული მშობლებისგან გამოთქმული პრეტენზიები ყველა მათგანს არ ეხება.

EDU.ARIS.GE-ს ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი ადამიანი უკავშირდება, მათ შორის ერთ ერთია ნათია, მცხეთის რაიონიდან (რესპოდენტის თხოვნით სახელი შეცვლილია) ის საკუთარი შვილის სკოლაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მავნე ჩვეულებასთან ბრძოლაში ჯერ-ჯერობით ვერ გაიმარჯვა, რადგან უმცირესობაშია.

“მე-4 კლასი დაამთავრა ჩემმა უმცროსმა შვილმა  და მთელი ამ ოთხი წლის მანძილზე მართლა დავიტანჯე სკოლაში თანხების მიტანით, უკვე ოჯახშიც კონფლიქტი მაქვს ამის გამო, სულ ფული ფულის გავიძახი. ყოველ დღესასწაულზე ახალი წელია, 3 მარტია, 8 მარტია თუ მასწავლებლის დაბადების დღე, ვუკეთებთ  საჩუქარს, ან კონვერტით გადავცემთ თანხას. მაქსიმალური გვაქვს 20 ლარი აკრებილი და მერე, როცა ხმა ამოვიღეთ ორმა მშობელმა ჩამოვიდნენ ცოტა ნაკლებ თანხაზე. მეც ვმუშაობ, ჩემი მეუღლეც და შეიძლება რაღაც გამოვნახოთ, მაგრამ ძალიან ბევრი ვიცი, ვისაც საშუალება არ აქვს. გასულ წელს ერთმა მშობელმა მე დამადებინა თანხა, ახლა არ ვარ ქალაქშიო, ჩამოვალ და აუცილებლად მოგაწოდებო. ზუსტად ორი კვირა ვერ მომცა და არც შემიწუხებია, მერე გავიგე რომ არ ჰქონდა და ამის გამო მომატყუა, არსად წასული არ ყოფილა. წელიწადში სამჯერ-ოთხჯერ 10 ლარის აგროვება, რომ კონვერტში ფული ჩუდო პედაგოგს მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ის ხომ იღებს ხელფასს, იღებს დანამატს, იღებს მეცამეტეს, ასე ხომ არ შეიძლება? კონვერტით ისაზღვრება რომ ბავშვს ყურადღება მიაქციოს მასწავლებელმა? თუ არ შეუძლია და თუ მაგაზეა დამოკიდებული წაბრძანდეს და სხვა სამსახური იპოვოს“, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

მისივე თქმით, სკოლაში თანხის შეგროვების ინიციატორი ყოველთვის ერთი და იგივე მშობელია, რომელიც  მასწავლებელთან დაახლოებული პირია და დირექტივებსაც სავარაუდოდ მისგან იღებს.

“ინიციატორი ყოველთვის ერთი და იგივე მშობელია, რამდენიმე დღის წინ გვქონდა მე-4 კლასის გამოსაშვები ზეიმი. გარდა იმისა რომ მასწავლებელს კონვერტით და სიით გადასცეს გარკვეული თანხა, სკოლის დირექტორს და სასწავლო ნაწილსაც მიართვეს საჩუქრები. ჯერ შევაგროვეთ 40-40 ლარი, კლასში 29 ბავშვია, ღონისძიების წინა დღეს აღმოჩნდა, რომ ეს თანხა რაღაცებში არ გვყოფნის და დაგვამატებინეს 10-10 ლარი. ყველას არ აქვს ამდენი საშუალება, ბავშვის ჩაცმა კიდევ სხვა ხარჯია. ვაპროტესტებდი, მაგრამ ერთ-ერთ მშობელს ხელში ეჭირა ჩემი ხელი და მაჩუმებდა, ხომ ხედავ  მარტო მე და შენ ვყვირით და ვეღარ გვიტანენ სკოლაში რომ შევდივართო. სხვა სკოლაში ვერანაირად ვერ გადავიყვან, წინ კიდევ ამდენი წლები გვაქვს და ყოველთვის შეიძლება არ მქონდეს ამ თანხების გადახდის შესაძლებლობა. ეს სტრესი ბავშვზეც აისახება, რადგან თანხას როცა აგროვებენ, ყოველთვის მას აბარებენ – დედამ ამდენი მოიტანოსო.

“თუმცა ეს საერთო საჩუქრებიც ყველაფერი არაა, რამდენიმე მშობელი მასწავლებელთან ინდივიდუალურად დადიოდა სასაჩუქრე პარკებით და, რა თქმა უნდა, მეტი ყურდღება მათ ბავშვებს ჰქონდა. ჩემმა შვილმა რამდენჯერმე მითხრა – ხომ გაქვს დედიკო ხანდახან ფული, იქნებ ჩვენც მივუტანოთ რამეო. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ყველა მასწავლებელი ასეთი ნამდვილად არ არის. უფროსი შვილი მყავს, მე-6 კლასი დაამთავრა, მართლა არ მახსოვს მისი დაწყებითის მასწავლებლისთვის ერთი თეთრი აგვეგროვებინოს და ძალიან კარგი შედეგების მქონე პედაგოგია. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ერთნაირი არ არის, მაგრამ ამ კორუფციას ბოლოს და ბოლოს რამე უნდა ეშველოს”,- აცხადებს ნათია.

თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის მშობელი კი გვაჩვენებს სოციალური ქსელით მიღებულ წერილს, სადაც პედაგოგთან დაახლოებული მშობელი დანარჩენ მშობლებს ბაღის გამოსაშვები ზეიმის ხარჯებს აცნობს. წერილის თანახმად, ბაღის გამოსაშვებ ზეიმზე ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადასახდელი თანხა თითქმის 200 ლარია, ის მოიცავს დარბაზის გაფორმებას, ბავშვების ფორმებს, ვიდეოს და მუსიკიალური გაფორმების თანხებს. ამავე თანხაში შედის მასწავლებლების „პატივისცემისთვის“ განკუთვნილი 30 ლარი. თუ გავიხსენებთ იმას, რომ თბილისის საჯარო ბაღებში თითო ჯგუფში საშუალოდ 40 ბავშვია, ადვილი წარმოსადგენია რა თანხებზეა საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაშიც ყველაფერი მშობლების ინიციატივით და ნება-სურვილით ხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაღების შემთხვევაშიც სიტუაცია იდენტური არ არის, ჩვენი კიდევ ერთი რესპოდენტი თბილისიდან ამბობს, რომ ბაღის აღმზრდელს თანხების მოთხოვნით არასდროს არ შეუწუხებია, მაგრამ გამოსაშვებ წელს ეს თავად მოითხოვეს.

„მთელი ეს წლები ზეიმებზე მინიმალური თანხის გადახდა გვიწევდა, ძალიან შეგნებული ადამიანია პედაგოგი და ამბობდა – ყველას ხო არ აქვს საშუალებაო, ამიტომ მშობელს ვერ შევაწუხებო. წელს დავამთავრეთ ბაღი, მივედით და ჩვენ თითონ მოვთხოვეთ, რაც აქამდე არ გვაწუხებდი, ახლა გვითხარით რა არის საჭიროო. ალბომი გავაკეთეთ 25 ლარად და ფორმები შევიკერეთ, რომელიც ასევე 25 ლარი დაგვიჯდა“, – აცხადებს მშობელი.

როგორც რესპონდენტების მონათხრობებიდან  ირკვევა სასწავლო დაწესებულებებში კორუფციის მთავარ წყაროს მშობლები წარმოადგენენ, რადგან თუ სურვილი არ აქვთ, აღნიშნული თანხების გადახდას მათ არც ერთი კანონი არ ავალდებულებს.

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაცია გააჩნია სკოლაში მასწავლებლების მხრიდან დირექტორის დაბადების დღისთვის თანხების შეგროვების ტრადიციაზეც. ამ ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს და მასწავლებლები, სურთ თუ არა, წინააღმდეგობას ვერ უწევენ სკოლაში დამკვიდრებულ ჩვეულებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სამწუხაროდ, პედაგოგები თავს იკავებენ ამაზე ღიად საუბრისგან.

ამავე თემაზე:

უნდა დავასაჩუქროთ თუ არა სკოლის თანამშრომელი?! – მასწავლებლის ბლოგი

სა-8-მარტო ტრადიცია ჩემს სკოლაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური