GE

„კოვიდ პანდემიამ მოზარდებში ახალი მდგომარეობა გვისახსოვრა“ – რა არის Zoom-თან ასოცირებული დაღლილობა

კოვიდპანდემიის პირობებში, ონლაინ სწავლება და ეკრანდამოკიდებულების ზრდა, მოზარდებში ახალი დაავადებების წარმოშობის საფუძველი გახდა, მათ შორის ერთ-ერთია, ონლაინ პლატფორმების ხშირ მოხმარებასთან დაკავშირებული ნერვული აშლილობა, რომელსაც პირობითად ზუმდაღლილობა უწოდეს.

„პანდემიის შედეგად გაჩნდა კიდევ ახალი ტერმინი ზუმთან ასოცირებული დაღლილობა, ცხადია, ზუმი ფიგურალური და პირობითია, ვინაიდან ტექნიკურ პლატფორმებზე ჩვენ არ ვსაუბრობთ და არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ზუმი, თუ გუგლმითი. დადგინდა, რომ ბავშვებში მოზარდებსა და მოზრდილებში ახალი მდგომარეობა გვისახსოვრა კოვიდ პანდემიამ, ეს გახლავთ ზუმთან ასოცირებული დაღლილობა. დაღლილობას ისე ნუ გავიგებთ, რომ თითქოს ეს არის სუბიექტური შეგრძნება. დაღლილობა ეს არის აბსოლუტურად ობიექტური, ნევროლოგიური ჩივილი, რომელსაც სამ კომპონენტი აქვს, ეს არის ზოგადი დაღლილობა, კოგნიტური (შემეცნებითი) დაღლილობა და ძილის დარღვევით გამოწვეული დაღლილობა. დადგინდა, რომ ზუმთან დაკავშირებული დაღლილობა მოიცავს დაღლილობის სამივე მოდალობას, მაგრამ ყველაზე მეტად გამოხატული გახლავთ მენტალური დაღლილობა, რაც არც ისე ადვილად გადასალახია”, – განაცხადა ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონიასთან ერთად“.

ნევროლოგის თქმით, აკადემიური მიზნით ეკრანის გამოყენების დროს, ერთის მხრივ მასწავლებელს მოჩვენებითად ჰგონია, რომ მოსწავლე უსმენს, თუმცა ბავშვი ამ დროს შეიძლება რამდენიმე აქტივობაში იყოს ჩართული, რაც ყურადღების დეფიციტის სინდრომს კიდევ უფრო ამძაფრებს.

„ზუმ დაღლილობის ერთ-ერთი თანმდევი ნიშანი გახლავთ ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. უფრო მეტსაც გეტყვით, აი ამ აკადემიური მიზნით ეკრანდამოკიდებულების დროს, ერთის მხრივ, მასწავლებელს მოჩვენებითად ჰგონია, თუნდაც ჩართული კამერით, რომ ბავშვი მას უსმენს და ამის უნარი ყველა ბავშვს შესწევს, იქვე ზუმის (ან ნებისმიერი სხვა სასწავლო პლატფორმა) პარალელურად შეუძლია ჩართოს მეორე პროგრამა და გახსნას მისთვის იმ მომენტში უფრო სახალისო აქტივობა. შედეგად, ბავშვი ერთდროულად ჩართულია ორ, ან სამ აქტივობაში, ერთის მხრივ ვითომ უსმენს პედაგოგს და მეორეს მხრივ ჩართული აქვს სხვა, ეს ცხადია ამძაფრებს უკვე არსებული ყურადღების დეფიციტის სინდრომს“, – აცხადებს ნევროლოგი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური