GE

კრებულის „მედიაციის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა საქართველოში“ პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

2021 წლის 11 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა მედიაციის შესახებ სტატიების კრებულის „მედიაციის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა საქართველოში“ საჯარო პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე კრებულში წარმოდგენილი სტატიების ავტორებმა საზოგადოებას მოკლედ გააცნეს სტატიების არსი.

ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი 2018 წელს შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ERASMUS+ -ის პროექტს „Mediation: training and society transformation/MEDIATS“, რომლის მიზანია მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა, ინსტიტუტის პოპულარიზაცია და მასზე ცნობადობის გაზრდა ფართო საზოგადოებაში. სტატიების კრებული შეიქმნა აღნიშნული პროექტის ფარგლებში და მასში თავმოყრილია ილიაუნის სამართლის სკოლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სტატიები მედიაციის შესახებ.

პროექტით სხვადასხვა აქტივობასთან ერთად დაგეგმილი იყო სტატიების კრებულის გამოცემა. წიგნზე პანდემიის პირობებშიც კი აქტიურად იმუშავა სამართლის სკოლის გუნდმა და გამოიცა მედიაციის შესახებ სტატიების პირველი კრებული.

კრებულში შესულია 7 სტატია და ისინი გამოირჩევა შინაარსობრივი მრავალფეროვნებით. მიუხედავად იმისა რომ ყველა სტატია მედიაციის ინსტიტუტს უკავშირდება, თითოეული მათგანი განსხვავებულ თემატიკაზეა შექმნილი რაც დამატებით ხიბლს მატებს კრებულს და უფრო მეტად საინტერესოს ხდის მკითხველისთვის. კრებულში თქვენ შეხვდებით ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვეული პედაგოგის ბატონი დიმიტრი ძაგნიძის სტატიას მედიაციის ქართულ მოდელზე საკანონმდებლო რეფორმის ფონზე, ასევე პროფესორი დავით მაისურაძის სტატიას მედიაციის ეფექტიანობის შესახებ მოკლე მიმოხილვაზე ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე საკმაოდ საინტერესო სტატია აქვს წარმოდგენილი ბატონ უჩა ძიმისტარიშვილს ონლაინ მედიაციასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღინიშნა, გარდა ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებისა, კრებულში წარმოდგენილია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგებლების სტატიებიც. ქალბატონი ქეთი დევაძე არის სტატიის ავტორი, რომელიც ეხება მედიატორის პროფესიას და მის მახასიათებლებს, ქეთევან ბერიძე და რუსუდან კეჭაყმაძე აძლევს საზოგადოებას ინფორმაციას საოჯახო მედიაციაზე, დავით ქათამაძე თავის სტატიაში გვესაუბრება მედიაციის დროს გამოვლენილ სტრესზე და მისი შემცირების გზებზე ხოლო შორენა მესხიძე – მედიაციის როლზე სკოლის პედაგოგის საქმიანობაში. მოკლედ რომ ვთქვათ კრებულში შემავალი სტატიები საკმაოდ მრავალფეროვანია.

სტატიების კრებული განკუთვნილია მედიაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. ის ხელმისაწვდომია ილიაუნის ბიბლიოთეკაში როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული ფორმით შემდეგ ბმულზე:

გარდა ილიაუნის ბიბლიოთეკისა, ახლო მომავალში სტატიების კრებული საჩუქრად გადაეცემა სხვა ბიბლიოთეკებსაც და ხელმისაწვდომი იქნება მკითხველისთვის.

მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომლის დროსაც დავაში ჩართული ორი მოდავე მხარე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მესამე პირის, მედიატორის, ჩართულობით, კონფლიქტს აგვარებს უმტკივნეულოდ, მორიგების გზით. მედიაციის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეებს შეუძლიათ მთელი პროცესის განმავლობაში თავისუფლად და თუნდაც არაფორმალურ გარემოში გაცვალონ ინტერესები, ემოციები რაც ეხმარება მათ კონსენსუსის მიღწევაში. მედიტორის როლი კი ამ პროცესში არის ის, რომ მოუსმინოს მხარეებს, მისცეს მათ თავისუფალი კომუნიკაციის საშუალება და მედიატორისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ტექნიკის მეშვეობით დაეხმაროს მხარეებს. მედიაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური განმასხვავებელი დავის განხილვის კლასიკური საშუალებებისგან სწორედ ის არის, რომ გადაწყვეტილებას იღებენ თავად მხარეები.

მედიაციის ინსტიტუტი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის უკვე საქართველოშიც. ქართული საზოგადოებისთვის მედიაცია, როგორც კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარების საშუალება, ნოვაცია. მან საკანონმდებლო გზით აღიარება პოვა 2019 წლის 18 სექტემბერს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მედიაციის შესახებ“.

ნებისმიერი დარგისა თუ ინსტიტუტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს განათლების სისტემა. ამ მხრივ არც მედიაციის ინსტიტუტია გამონაკლისი და მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ 2020 წლის სექტემბრიდან კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესთავაზა განახლებული, ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია მედიაციის მოდული. მედიაციის მოდულის ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობენ მედიაციის მიმართულების მრავალფეროვან კურსებს, როგორც თეორიულს, ისე პრაქტიკულს (დეტალური ინფორმაცია მოდულის შესახებ): (დეტალური ინფორმაცია მოდულის შესახებ).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური