GE
რას უზრუნველყოფს კრედიტების ტრანსფერი პროფსასწავლებლის სტუდენტისთვის და რა შეიცვალა პროფესიულ განათლებაში

2020 წლის ბოლოს, განათლების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემა დამტკიცდა. დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, ფორმალური განათლების ფარგლებში, სრული სასწავლო დატვირთვის პირობებში მიღწევადი სწავლის შედეგების ერთობლიობა შეადგენს 60 კრედიტს. სრული სასწავლო დატვირთვა კი პირის მიერ ერთი კალენდარული წლის მანძილზე 1500 – 1800 (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) საათიან დატვირთვას გულისხმობს.

რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული სიახლე პროფესიული სწავლების სფეროში და რა შეიცვლება კონკრეტული სტუდენტებისთვის EDU.ARIS.GE საკითხის პრაქტიკული კუთხით გარკვევას შეეცადა.

თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენლების შეფასებით, განხორციელებული ცვლილება მნიშვნელოვანია და პროფესიულ განათლების სფეროში კრედიტების მინიჭების წესს თვისობრივად ცვლის.

„მინისტრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებულმა წესმა თვისობრივად შეცვალა მიდგომა კრედიტების მინიჭების, ახალი მიდგომით პროფესიულ პროგრამაში შემავალი მოდულების სწავლის შედეგის მოცულობა კრედიტებში უნდა აისახოს რიცხვითი ფორმით, კრედიტი სწავლის შედეგს ენიჭება კონკრეტული პროფესიული კვალიფიკაციის მიზნებიდან გამომდინარე მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით. ხოლო სწავლის შედეგის მოცულობა კრედიტებში განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 1) სწავლის შედეგის მნიშვნელოვნება პირისთვის შრომის ბაზარზე გასვლის ან სოციალური ინტეგრაციისთვის; 2) სწავლის შედეგის სირთულე, მასშტაბურობა და კომპლექსურობა; 3) პირის მიერ სწავლის შედეგის მისაღწევად გასაწევი ძალისხმევა. მოდულის კრედიტი წარმოადგენს მასში შემავალი სწავლის შედეგების კრედიტების ჯამს. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა პროფესიული კვალიფიკაციის ფარგლებში ერთი და იმავე სწავლის შედეგისათვის კრედიტების განსხვავებული მოცულობის მინიჭება“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

მათივე განმარტებით, კრედიტების მინიჭების და გადატანის წესი, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

„პროფესიული პროგრამის ფარგლებში სწავლის შედეგების მიღწევა შესაძლებელია როგორც ფორმალური განათლების, ისე არაფორმალური განათლების მიღების გზით. სწავლის შედეგის დადასტურება ხორციელდება: სწავლის შედეგის შეფასებით და სწავლის შედეგის აღიარებით. ხოლო კრედიტის მინიჭება ხდება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ასპექტი ხშირად უწყვეტ პროფესიულ განათლებას უკავშირდება. კრედიტების გადატანის (ტრანსფერის) მიზანია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს პირისთვის სწავლის გაგრძელების ან/და კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას. კრედიტების გადატანა (ტრანსფერი) ხორციელდება პირის მიერ ფორმალური განათლებისა ან/და არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების გზით.

„პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების (ECVET) მინიჭებისა და გადატანის (ტრანსფერი) წესი პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმების ნაწილია რომელიც ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი კვალიფიცირებული ადამიანი შევიდეს, ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების გზა კი ფიზიკურ პირს აძლევს საშუალებას მიიღოს თანამედროვე ცოდნა და შეძლოს უსაფრთხო, ლეგალური და ეფექტური დასაქმება, ხოლო უწყვეტი განათლება და პროფესიული განვითარება ჩვენი სწრაფად ცვალებადი სამყაროს მოთხოვნაა და გამოწვევაც“, – განმარტავენ თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრში

კანონმდებლობაში შესული ცვლილების თაობაზე შეკითხვებით ჩვენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი სამინისტროსა და კონკრეტულად პროფესიული მიმართულების ხელმძღვანელსაც მივმართეთ, ასევე დავუკავშირდით რამდენიმე პროფესიული სასწავლებლის ხელმძღვანელს, თუმცა შეფასებები მათ არ გააკეთეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი