GE

კრიზისში მყოფ ბავშვიან ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გაურემონტებენ

რუსთავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა კრიზისში მყოფ ბავშვიან ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გაურემონტებს. შესაბამისი გადაწყვეტილება 24 ივნისს გამოქვეყნდა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელების წესი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, გარკვეული ღონისძიებები განხორციელდება.

„ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა, ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარება და გაძლიერება, მათთვის საბინაო პირობების გაუმჯობესებით;

სოციალური დახმარების პროცესი მოიცავს, უკიდურესად მძიმე საბინაო პირობებში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გამოვლენას, შეფასებასა და საცხოვრებელ ფართში სარემონტო სამუშაოების განხორციელებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით;

ქვეპროგრამის ამოცანაა, საცხოვრებელ ფართში შემდეგი სახის სარემონტო სამუშაოების განხორციელება მაგ: კედლების ამოშენება და ჭერის შეკეთება, კარ-ფანჯრების შეცვლა, იატაკის, სველი წერტილების მოწყობა და აღჭურვა. ბუნებრივი აირით, ელექტრო ენერგიით და წყლის მიწოდების სისტემით უზრუნველყოფა (მხოლოდ გამრიცხველიანებულ ფართში), გათბობის მოწყობა, მხოლოდ ლოკალური/ადგილობრივი გამათბობელის მონტაჟით“,-ნათქვამია დოკუმენტში.

პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, რომ მოზარდი რეგისტრირებული იყოს რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური