GE

კსუ-ის დოქტორანტებმა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსსში გაიმარჯვეს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი – კახაბერ კორძაია და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის ორი დოქტორანტი – მაია ურუშაძე და ალექსანდრე რუსეცკი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ განხორციელებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულ მკვლევართა მიღების ღონისძიებას დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ კსუ-ის დოქტორანტები ამ კონკურსის გამარჯვებულები არიან და მათი პროექტები (,,აფხაზეთის კონფლიქტის კომპლექსური სისტემის ინტერდისციპლინური შედარებითი ანალიზი ინოვაციური 4D-RAV-17 მეთოდით“ – ალექსანდრე რუსეცკი, ,,გარე პროპაგანდისტული ზეწოლების შედეგად აღმოცენებული შიშის ფაქტორის გავლენა მცირე ქვეყნების პოლიტიკაზე“ – მაია ურუშაძე) დასაფინანსებლად შერჩეულ 54 პროექტს შორის მოხვდა.

კონკურსი მიმდინარე წლის აპრილის თვეში გამოცხადდა და ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჯამში 160 საპროექტი განაცხადი შევიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 54 გამარჯვებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 33 სამეცნიერო – კვლევითი ვიზიტი მსოფლიოს 18 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. წინა წელთან შედარებით, 25%-ითაა გაზრდილი კონკურსის ბიუჯეტი და ის 525 000 ლარს შეადგენს.

კონკურსის გამარჯვებულ მკვლევრთა მიღების ღონისძიებას , საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი – ზვიად გაბისონია და საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური