GE

კსუ-ის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფებოდნენ

2 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელს ესტუმრნენ. გასვლითი ღონისძიება სპეციალობის სავალდებულო დისციპლინის „რადიოგადაცემების მომზადების“ ფარგლებში მოეწყო. სტუდენტებს საგნის ხელმძღვანელმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა, სოფიო კიკვაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა დეა გველებიანმა და მარკეტინგის პროექტების მენეჯერმა ნათია ხოშტარიამ უმასპინძლეს.

სტუდენტები მულტიმედიურ პლატფორმაზე მომუშავე „პირველი არხის“ შიდა სამზარეულოს გაეცნენ. დეა გველებიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსზე დეტალურად ისაუბრა. სტუდენტებმა დაათვალიერეს განახლებული ტელე და რადიოსტუდიები, სადაც გადის ყოველდღიური და ყოველკვირეული გადაცემები: „ახალი დღე“, „ნაშუადღევს“, „პირადი ექიმი“, „მარტივი ლოგიკა“, „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ და ა.შ. მათ ასევე მოინახულეს ტელევიზიის მინიმუზეუმი, სადაც შემონახულია ის ტექნიკური საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც „პირველი არხი“ მაუწყებლობის დაწყების პირველხანებში გადიოდა ეთერში. მუზეუმის შესახებ სტუდენტებს ნათია ხოშტარია ესაუბრა და მათთან ერთად შეაღო უძველესი რადიოსტუდიის კარი, სადაც წლების განმავლობაში ქართველი მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების ხმები იწერებოდა.

ძველი რადიოსტუდიიდან სტუდენტებმა გაერთიანებულ ნიუსრუმში გადაინაცვლეს, სადაც ისინი სხვადასხვა პლატფორმისთვის მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდნენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მათ მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

სრულ საათს რომ ათი წუთი აკლდა, სტუდენტები რადიოსტუდიის საეთეროდან აკვირდებოდნენ „საქართველოს რადიოს“ საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაიცემოდა. სოფიო კიკვაძემ სტუდენტებს კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რა გზას გადის წამყვანი, სანამ პირდაპირ ეთერში ინფორმაციას გადასცემს. მან ასევე რეჟისორსა და წამყვანს შორის არსებულ უკუკავშირზეც ისაუბრა.

საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ კი სტუდენტებმა „პირველი არხის“ „ოქროს ფონდში“ გადაინაცვლეს, რომელიც უნიკალურ ხმებს ინახავს. „საქართველოს რადიოს“ თანამშრომელმა, ლილი გოგებაშვილმა სტუდენტებს საგანძურის ისტორია გააცნო. აჩვენა დარბაზი, სადაც უამრავი ფირი „ცხოვრობს“.

სტუდენტებისთვის წელს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტუდიის კარიც გაიღო, სადაც მათ რეჟისორმა, დრამატურგმა და მწერალმა, ზურაბ კანდელაკმა უმასპინძლა. ის სტუდენტებს რადიოში ხმის მნიშვნელობასა და რადიოდადგმის სპეციფიკაზე ესაუბრა.

ბოლოს კი, საუკეთესო განტვირთვისთვის „პირველი არხის“ რადიოხმამ, მსახიობმა, დათო როსტომაშვილმა ტელევიზიასა და რადიოში გახმოვანების სხვადასხვა ტემბრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუდენტებს პრაქტიკულადაც უჩვენა მათ შორის სხვაობა.

კსუ-ის სტუდენტთა ექსკურსია საზოგადოებრივ მაუწყებელში 2 საათი გაგრძელდა.

„ძველისა და ახლის საუკეთესო კოომბინაცია“, – ასე შეაფასეს სტუდენტებმა „საქართველოს პირველი არხი“ –  „ის, რაც ნახევარ საუკუნეზე მეტია, გვაერთიანებს“.

მომზადებულია კსუ-ის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის სოსო გაზდელიანის მიერ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური