GE

კსუ-ის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის მასტერკლასი გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტთან არსებული ტურიზმის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ლალი მიქელაძის ორგანიზებით, სასტუმრო “Gallery Palace”-ის საკონფერენციო დარბაზში კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სასტუმროს გენერალური მენეჯერის, თამარ სიხარულიძის მასტერკლასი გაიმართა.

ღონისძიება ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მეექვსე სემესტრის სტუდენტთათვის ჩატარდა, რომლებიც სასწავლო კურსებს – ტუროპერეიტინგი, ტურიზმის პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა – გადიან.

მასტერკლასი ამ კურსების ფარგლებში არსებულ დარგობრივ ტენდენციებს, პრობლემებსა და პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავდა, სადაც თამარ სიხარულიძემ სტუდენტებს გააცნო სასტუმრო ინდუსტრიასა და ტუროპერატორებს შორის პარტნიორული სქემები, სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტის ასპექტები, ტურიზმის სახელმწიფო რეგულირებასათან დაკავშირებული პრობლემები და სხვ.

მასტერკლასის შემდეგ სტუდენტებს სასტუმრო “Gallery Palace”-ის გაცნობითი ტური ჩაუტარდათ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა ინტერესისა და სურვილის გათვალისწინებით, კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ლალი მიქელაძემ და სასტუმრო “Gallery Palace”-ის გენერალურმა მენეჯერმა თამრიკო სიხარულიძემ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური