GE

კსუ-მ პროგრამის – „ახალგაზრდა მეწარმე“ – გრანტიორებს უმასპინძლა

7 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის – „ახალგაზრდა მეწარმე“ – გრანტიორებს უმასპინძლა.

პროექტის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური ზრდის გაძლიერება და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა. პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდის IFAD ფინანსური მხარდაჭერით.

ახალგაზრდა მეწარმეების უნივერსიტეტში ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაცია „აგროსერვისის“ ორგანიზებით განხორციელდა, რომელიც პროგრამის ფარგლებში საქართველოში ცოდნის მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დამატებით მომსახურებას აწარმოებს.

უნივერსიტეტში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დავით თამარაშვილმა, რომელიც ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და მაია ალექსიძემ, პროექტების განხორციელებაში გრანტიორებს კონსულტაციები გაუწიეს, მოისმინეს პროექტების განხორციელების დინამიკა და ბენეფიციართა წინაშე არსებული გამოწვევები.

შეხვედრის დაწყებამდე, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა ოლან გოცირიძემ სტუმრებს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერებინა და გრანტიორებთან უნივერსიტეტის მხრიდან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, რომელშიც სტუდენტთა ჩართვაც იგეგმება. ასევე ხაზი გაესვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ესპანეთის პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას და შესაბამისი დახმარების გაწევას პროექტში ჩართული ბენეფიციარებისთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური