GE

კსუ-მ ,,სტუდენტური ფესტივალი 2019’’-ზე საპრიზო მე-3 ადგილი მოიპოვა

16 მაისს, თბილისში ,,სტუდენტური ფესტივალი 2019’’-ის დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

მასში საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედი 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებდა მონაწილეობას, მათ შორის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ფესტივალის დახურვის ცერემონიას ესწრებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და მოადგილე სოფიო ხუნწარია, რომლებმაც გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლები დააჯილდოეს.

ფესტივალში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
II- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
III- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

სტუდენტური ფესტივალი 7 მაისს გაიხსნა და 10 დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში 20-მდე მასობრივი ღონისძიება გაიმართა, სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი მიმართულებით.

ფესტივალი მოიცავდა საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს.
საკონკურსო ნაწილი ითვალისწინებდა შეჯიბრებებს უნივერსიტეტის სტუდენტურ გუნდებს შორის სპორტის 3 სახეობაში (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი) და სტუდენტთა შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს 4 მიმართულებით (ქართული ცეკვა, თანამედროვე ცეკვა, ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა).

კსუ-მ გამარჯვება მოიპოვა შემდეგ აქტივობებში:

  • სტუდენტური ფესტივალი 2019-ის საუკეთესო გულშემატკივარი;
  • სტუდენტური ფესტივალი 2019-ის გრანპრის მესამე ადგილი;
  • სტუდენტური ფესტივალი 2019-ის მინი-ფეხბურთის ჩემპიონი;
  • სტუდენტური ფესტივალი 2019-ის ქუჩის კალათბურთის მეორე ადგილი;
  • სტუდენტური ფესტივალი 2019-ის მუსიკალური ბენდის მეორე ადგილი.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის მიზანია სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, სტუდენტებს შორის ჯანსაღი კომუნიკაციის პრინციპების ჩამოყალიბება, მათი მოტივაციის ამაღლება და ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა.

ფესტივალი თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური