GE

კსუ-მ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ბიომედიცინის განყოფილების მიწვეულ პროფესორს უმასპინძლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, 14-დან 18 იანვრის ჩათვლით, კსუ-ის აფილირებულ პროფესორს დიდი ბრიტანეთიდან, ცნობილ მეცნიერსა და იმუნოლოგს, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მედიცინის მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორს, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ბიომედიცინის განყოფილების მიწვეულ პროფესორს – პიტერ ლიდიარდს უმასპინძლა.

პროფესორმა ვიზიტის ფარგლებში, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექცია-სემინარები ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ გარდა აკადემიური საათების ჩატარებისა, პიტერ ლიდიარდი აქტიურადაა ჩართული კსუ-ში სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაში, კერძოდ, მისი ინიციატივით კსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, დაინერგა მუდლის სისტემა და სტუდენტებს საშუალება აქვთ ნებისმიერ დროს დაუსვან შეკითხვები პროფესორებს.

პიტერ ლიდიარდმა ფაკულტეტის საბაზისო და კლინიკური საგნების პროფესორ-მასწავლებელთათვის გამართა ტრენინგი – „როგორ უნდა დაიწეროს ქეისი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისთვის” (PBL), აღნიშნული მეთოდი გულისხმობს სასწავლო პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას და ხელს უწყობს სწავლის, დასკვნისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. პროფესორის რეკომენდაციით მედიცინის ფაკულტეტზე, უახლოეს მომავალში შეიქმნება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) კომიტეტი.

ტრენინგზე პროფესორმა აკადემიურ პერსონალთან სასწავლო პროცესის სრულყოფაში, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეტალურად განიხილა აღნიშნული მეთოდის დანერგვის ეტაპები, გზები და საჭირო ადამიანური თუ მატერიალურ-ტექნიკური რესურსი.

ვიზიტის ფარგლებში, პიტერ ლიდიარდმა კიდევ ერთი აქტივობა ჩაატარა და 16 იანვარს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, შეკრებილი სტუდენტებისათვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, საჯარო ლექცია ,,ყველაზე მნიშვნელოვანი და კვლევის პროცესში არსებული თანამედროვე თერაპიული მიდგომები – პერსონალური ხედვა” (“Exciting Current and Developing approaches to New Therapeutic Agents – a personal view”) წაიკითხა.

შეგახსენებთ, რომ კსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე, თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, სისტემატურად ტარდება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ექსპერტებთან. აღნიშნული აქტივობები მედიცინის ფაკულტეტზე სწავლების თანამედროვე სტანდარტების განვითარებასა და სასწავლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას – მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური