GE

კსუ-მ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა (პროფ. იაცეკ შიეპიტოვსკი – ვიცე-რექტორი საუნივერსიტეტო განვითარების საკითხებში; პროფ. მალგორჟატა სობიეშჩანსკა – მედიცინის ფაკულტეტის დეკანი; კამილ მაჰერა – საერთაშოროსიო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი).

ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია, კსუ-ს რექტორ კახაბერ კორძაიას შეხვდა, სადაც ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას. მხარეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები და გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები.

ასევე, დელეგაცია კსუ-ს პოლონური ენისა და კულტურის ცენტრს ესტუმრა, სადაც შეხვედრა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გაიმართა. მხარეებს შორის გაკეთდა ორმხრივი პრეზენტაციები უნივერსიტეტების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს კსუ-ს ლაბორატორიები მედიცინის მიმართულებით, რის შემდეგაც სამუშაო დღე ახალ ბიბლიოთეკაში გაგრძელდა.

ბიბლიოთეკის საკონფერენციო ოთახში ორი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პირველ ნაწილში უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი საერთაშორისო პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილეს. დაიგეგმა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების საზაფხულო გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კსუ-ს სტუდენტებს საშუალება ექნებათ საზაფხულო არდადეგების დროს უფასოდ გაიარონ პრაქტიკა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში. პარტნიორი უნივერსიტეტი, ასევე, უზრუნველყოფს მათ დაბინავებას უნივერსიტეტის კუთვნილ საერთო საცხოვრებელში. შეხვედრაზე საუბარი იყო Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების საკითხებზეც.
შეხვედრის მეორე ნაწილში განიხილეს მედიცინის ინტეგრირებული პროგრამები, ისაუბრეს სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებზე. ასევე, შესაძლო ერთობლივ კვლევით პროექტებზე.

შეგახსენებთ, რომ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთობლივმა Erasmus+-ის პროგრამის განაცხადმა (სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის შესახებ) მაღალი შეფასება მიიღო და სრულად დაფინანსდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთი სტუდენტი ერთი სემესტრის განმავლობაში გაცვლითი პროგრამით პრაქტიკას გაივლის ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით, ხოლო ერთი აკადემიური და ერთი ადმინისტრაციული პერსონალი სასწავლო/სამუშაო ვიზიტით პარტნიორ უნივერსიტეტს სრული დაფინანსებით ესტუმრება.

ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი მცხეთაში ექსკურსიით დასრულდა. სტუმრებმა ისტორიულ ქალაქში ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი მოინახულეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური