GE

კსუ-ში დერმატოლოგიაში საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია მიმდინარეობს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამდღიანი კონფერენცია “საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის” და კსუ-ს ორგანიზებით, ასევე „დერმატოლოგიისა და ფსიქიატრიის ევროპის საზოგადოების“ მხარდაჭერით ტარდება, რომელსაც ამავე საზოგადოების პრეზიდენტი, პოლონეთის ქ. ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი იაცეკ შჩეპიეტოვსკი უძღვება.

კონფერენციის მიზანია, პრაქტიკოს ექიმებს გააცნოს განახლებული ინფორმაცია კანის ყველაზე ცნობილ ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებით. მათ თანამედროვე მკურნალობის მეთოდებზე. ასევე დერმატოლოგიური პაციენტის ფსიქო-ემოციური სტატუსის მართვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მეთოდებზე. ძირითადი თემატიკა შემდეგია:  დღე პირველი – ფსორიაზი, დღე მეორე – ატოპიური დერმატიტი, დღე მესამე – აკნე, როზაცეა, ჰიდრადენიტი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიას განცხადებით, უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო წამყვან ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.

„მეამაყება, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ტარდება ასეთი სკოლა კონფერენცია დერმატოლოგიაში და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალ დარგს – ფსიქოდერმატოლოგიას. უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტთან, ეს ურთიერთობა წელს დაიწყო. ჩვენ ერთობლივად შევძელით, რომ მოგვეგო “ERASMUS+”- ის პროგრამა და შემდეგ, მალევე, ორივე მხარის შეთანხმებით, დავიწყეთ ამ პროგრამის გაფართოება და ორმხრივი ურთიერთობებიც ჩავრთეთ ჩვენს დღის წესრიგში. უკვე რამდენიმე თანამშრომელი იყო ჩვენგან წასული ვროცლავში, ასევე იქედანაც ჩამოვიდა რამდენიმე დელეგაცია. ძალიან მეამაყება, რომ დღეს ჩვენთან იმყოფება ვროცლავის უნივერსიტეტის პრორექტორი. ვიმედოვნებ, ეს სამი დღე ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან სასარგებლო იქნება“, – განაცხადა რექტორმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ლალი მეკოკიშვილი, რომელიც თავადაც ექიმი-დერმატოლოგი, პროფესორი გახლავთ, ამბობს, რომ სკოლა კონფერენცია ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის, რადგან ღონისძიების ფარგლებში დერმატოლოგიის სფეროში ახალი მიმართულებების შესახებ იქნება საუბარი.

„სკოლა-კონფერენცია ეძღვნება დერმატოლოგის აქტუალურ საკითხებს, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება ფსიქო-დერმატოლოგიაზე. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ჩვენი სტუმარი არის ევროპის დერმატოლოგთა და ფსიქიატრიის საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი პოლონეთიდან. კონფერენცია სამ დღიანია, ის საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან ფსიქოდერმატოლოგია არის ახალი დარგი და ბევრმა ჩვენმა ექიმმა არ იცის მისი მეთოდების შესახებ. სკოლა-კონფერენციას აქვს  პრაქტიკული მნიშვნელობა და ამავდროულად, ის ძალიან საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის და დერმატოლოგიის რეზიდენტებისთვის“, – განაცხადა ლალი მეკოკიშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ქართულ-ინგლისურენოვან სკოლა კონფერენციაში ექიმი დერმატო-ვენეროლოგები, ალერგოლოგები და ამავე დისციპლინების სარეზიდენტო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში პრაქტიკული სემინარები/ვორკშოფები ტარდება და ასევე ინდივიდუალური კლინიკური შემთხვევების განხილვა მიმდინარეობს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური