GE

კსუ-ში გამართულმა მასწავლებელთა პირველმა სამეცნიერო კონფერენციამ მთელი საქართველო მოიცვა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებელთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე – „ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში“. კონფერენციაში საქართველოს მასშტაბით 100-მდე კერძო და საჯარო სკოლის მასწავლებელი მონაწილეობდა და მისი მიზანი საქართველოს სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მასწავლებელთა შორის პროფესიული ურთიერთობების განვითარება და საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგთა საქმიანობის სტიმულირებაა.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ განაცხადა, კონფერენცია რამდენიმე მიზანს ემსახურება. მათ შორის, სკოლებისა და უნივერსიტეტების ინტეგრაციას და იმ პედაგოგების გამოვლენას, რომელთაც ინოვაციური მიდგომები აქვთ.

„მოგეხსენებათ, ჩვენს უნივერსიტეტში მიმდინარეობს სკოლის მასწავლებელთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც სწავლებაში ინოვაციურ მიდგომებს შეეხება. ამ კონფერენციას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი ის არის, რომ აუცილებელია უნივერსიტეტებისა და სკოლების ინტერგრაცია. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, უნივერსიტეტში კარგი აბიტურიენტი მოვდეს, მომზადებული სტუდენტი, ეს კი სწორედ სკოლამ უნდა უზრუნველყოს.

„მიგვაჩნია, რომ ძალიან საშური იყო მინისტრის ინიციატივა, უნივერსიტეტების მხრიდან სკოლებისთვის შეფობის გაწევაზე. ამასთან, საქართველოს ბევრ სკოლაში, ბევრ მასწავლებელს სწავლების მიმართ ინოვაციური მიდგომა აქვს, ან სურვილი აქვს, რომ სწავლების პროცესში რაღაც ახალი დანერგოს. ამ კონფერენციით კი ჩვენ გვინდოდა გამოგვევლინა ყველა ეს ადამიანი, რათა  შემდგომ მათ ხელი შევუწყოთ ამ ინოვაციების დანერგვაში“, – განცხადა კორძაიამ.

კონფერენციაში მასწავლებელთა აქტიურ ჩართულობასა და მათ ინტერესზე საუბრობს პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი მარინა უგულავა, რომელიც ამავდროულად სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტიცაა.

„როგორც იცით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოთხი წელია ახორციელებს სასკოლო საგანმანათლებლო პროექტებს, სადაც ძირითადად სკოლის მოსწავლეებთან ვმუშაობდით, თუმცა მათთან ერთად ურთიერთობა გვქონდა მასწავლებლებთანაც. ამდენად, მომზადდა პროცესი, როცა მასწავლებლებთანაც აქტიურად უნდა ჩავრთულიყავით და სწორედ ამ მიზნით, მათ შევთავაზეთ შეექმნათ სამეცნიერო კვლევითი დონის ნაშრომები და შექმნილიყო მასწავლებელთა კონფერენცია.

„ამ ყველაფერს  საკმაოდ საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა თავად მასწავლებლების მხრიდან, რომლებიც აქტიურად ჩაებნენ პროექტში. დაახლოებით 100-მდე ნაშრომი შემოვიდა, საიდანაც ჩვენმა პროფესორ-მასწავლებლებმა თეზისებიდან გამომდინარე 77 ნამუშევარი შეარჩიეს. კონფერენციაში თითქმის ყველა რეგიონის მასწავლებელია ჩართული. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტმა სრულად მოიცვა საქართველო.

„ამასთან, ყველა პროფესორი ერთხმად აღნიშნავს, რომ მათთვისაც და მასწავლებლებისთვისაც საკმაოდ საინტერესოა, მოუსმინონ ერთმანეთს თუ სად, რომელ რეგიონში რას და როგორი მიდგომებით სთავაზობენ მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს. „ვფიქრობ, დღევანდელი დღე ყველასთვის საინტერესო იყო. გვქონდა 5 სექცია სამი ჰუმანიტარული და ორი ტექნიკური“, – განაცხადა მარინა უგულავამ.

კონფერენციის გახსნას ესწრებოდა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, რომელმაც აღნიშნა, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივა სხვა უმაღლესი სასწავლებლებისთვის მაგალითი უნდა გახდეს.

„მე ვფიქრობ, აღნიშნული კონფერენცია რამდენიმე მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმით, რომ შედგეს რეგულარული კონსულტაცია პედაგოგებსა და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს შორის, რადგან ეს არის ხარისხიანი განათლების უწყვეტი ჯაჭვი. მეორე მხრივ, ესაა ძალიან კარგი მაგალითი რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გარკვეულწილად ეხმარება ზოგადი განათლების საფეხურს, რომ მათი საერთო მიზნები თანხვედრაში იყოს. კავკასისს საერთაშორისო უნივერსიტეტმა გააჟღერა ინიციატივა, რომ ის რამდენიმე სკოლის პატრონაჟს ითავებს, რაც ძალიან მისასალმებელი მაგალითი იქნება სხვა უნივერსიტეტებისთვის“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მოანაწილეებს სპეციალური სერტიფიკატებით გადაეცათ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური