GE

კსუ-ში კანადელმა პროფესორმა, ფრედერიკ ლაბარემ ღია სემინარი ჩაატარა

კანადელმა პროფესორმა ფრედერიკ ლაბარემ კსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის ღია სემინარი თემაზე: „სამშვიდობო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება ცვალებად საერთაშორისო უსაფრთხოების პირობებში“, – ჩაატარა.

პროფესორმა სემინარის ფარგლებში საკითხის ისტორია და თანამედროვეობის გამოწვევები მიმოიხილა, სადაც ძირითადად გაეროს მიერ განხორციელებულ სამშვიდობო ოპერაციებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტებზე, როგორიცაა: 1948 წლის მოვლენები, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის მშვიდობის მხარდასაჭერი პირველი მისია დააფუძნა; სუეცის კრიზისი (1956 წელი); დეკოლონიზაციის პერიოდი (1960-1965 წლები); ცივი ომის პერიოდი (1991 წლამდე); პოსტცივი ომის პერიოდი (1992 წლიდან).

შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. სტუდენტთა კითხვები აქტუალურ საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებს, სამშვიდობო ოპერაციებში სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობას, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ ფრედერიკ ლაბარე არის ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის კონსორციუმის სამხრეთ კავკასიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე პოლიტიკურ რეკომენდაციებს უმზადებს ნატოს გენერალურ მდივანს, ნატოს საერთაშორისო სამდივნოსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური