GE

კსუ-ში კერძო და საჯარო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა II ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეორე წელია რაც კერძო და საჯარო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა II ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია ტარდება. წლევანდელ კონფერენციაში ,,ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში“ – სკოლის მასწავლებლები, დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების – ასამდე წარმომადგენელი ჩაერთო.

ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 78 მოხსენება დარგობრივად და თემატურად დაჯგუფდა და საბოლოოდ შვიდ სექციაში გადანაწილდა. 8 დეკემბერს გამართულ II ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენის, ქიმია-ბიოლოგიის, ინფორმაციული ტექნოლოგიები-მათემატიკის, დირექტორთა, ისტორია-გეოგრაფიისა და უსაფრთხო სკოლის სექციები მუშაობდა.

პლენარულ სხდომაზე, კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას, კსუ-ს რექტორი – კახაბერ კორძაია, კანცლერის მოადგილე – ნინო ჩუბინიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – მარინა გედევანიშვილი და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი – სესილი გოგიბერიძე მიესალმნენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა II ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მოკლედ გააცნეს ის განხორციელებული პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები, რაც უნივერსიტეტისათვისაა პრიორიტეტული, მათ შორის, ისაუბრეს სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერისა და ტექნოლოგიების მიმართულებით უახლოეს მომავალში გაწერილი სიახლეების შესახებ.

პლენარული სხდომის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეები, შესაბამის სექციებში გადანაწილდნენ, სადაც კომისიის სექციის სხვა გამომსვლელების წინაშე ისეთი მოხსენებები წარადგინეს, როგორიცაა: ,,საგანმანათლებლო ციფრული თამაშების შექმნა და გამოყენება სწავლებაში“, ,,უსაფრთხო სკოლა – არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები“, ,,მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების საშუალებები“, ,,არაფორმალური განათლების როლი სასკოლო განათლებაში“ და სხვა.

კონფერენციაზე, სექციებში მუშაობის დასრულების შემდეგ, მასწავლებლებს, დირექტორებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს, საშუალება ჰქონდათ ადგილზე დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიები, კლინიკური უნარ-ჩვევებისა და მულტიმედია ცენტრი, შეხვედროდნენ ფაკულტეტების დეკანებსა და მათ წარმომადგენლებს, რათა მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია თითოეულ ფაკულტეტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტი მენტორის წარმომადგენლები.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კერძო და საჯარო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე მეორედ ტარდება და ღონისძიების მიზანია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მასწავლებელთა შორის პროფესიული ურთიერთობების განვითარება, პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და პედაგოგთა კვლევითი საქმიანობის საგნობრივ სტანდარტთან, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან თავსებადობა და რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეთა სერტიფიკატებით დაჯილდოვება კსუ-ის ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც თითოეული სექციის კომისიის წარმომადგენლებმა, მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური