GE

კსუ-ში მასტერკლასი „ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები“ გაიმართა

კსუ-ის კარიერული განვითარების სამსახურის ინიციატივითა და უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და იურიდიული სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ადვოკატთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი მასტერკლასი გაიმართა, თემაზე: „ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები“, რომელსაც სსიპ – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ამავე ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გაუძღვა.
მასტერკლასი კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა – ვლადიმერ მაჭარაშვილმა გახსნა და დამსწრე აუდიტორიას, ზაზა ხატიაშვილის პროფესიული საქმიანობის შესახებ ძირითადი ინფორმაცია მიაწოდა. დეკანმა კოლეგასთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა და სტუდენტებს მოუწოდა, რომ პროფესიული ორიენტირი სწორედ ასეთ ადამიანებზე შეაჩერონ.

ზაზა ხატიაშვილმა, შეკრებილ სტუდენტებთან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მისი თავმჯდომარეობის წლებზე, (2009-2017) განხორციელებულ რეფორმებზე, გამოწვევებსა და სიახლეებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ასოციაციის სტრუქტურაზე, სასწავლო ცენტრისა და საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშნულებასა და მნიშნელობაზე.
მასტერკლასის მეორე ნაწილი მთლიანად მიეძღვნა იმ კონკრეტული შემთხვევების განხილვას, რომელიც ზაზა ხატიაშვილის პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გამორჩეული და გახმაურებული იყო. ერთ-ერთი ასეთი საქმე, სწორედ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, 2003 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად მოგებული პროცესი – ,, ასანიძე – საქართველოს წინააღმდეგ“ გახლავთ, რომლის შესახებაც მომხსენებელმა დაწვრილებით ისაუბრა.

ზაზა ხატიაშვილმა მასტერკლასის ფარგლებში, იმ უნარებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი შეფასებით, თითოეული ადვოკატისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია: ცოდნა, ეთიკურობა და გამბედაობა.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა, სადაც სტუმარმა სტუდენტების აზრი მოისმინა და მათ თითოეულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მასტერკლასი ადვოკატთა პროფესიულ დღეს მიეძღვნა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან სწორედ, ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით 8 ნოემბერს აღინიშნება. ეს დღე სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის თარიღს უკავშირდება, რომელიც პროფესიით სწორედ ადვოკატი გახლდათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური