GE

კსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე „სამეცნიერო დიპლომატიის შესაძლებლობები სამშვიდობო პროცესში“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიისა და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სამეცნიერო დიპლომატიის შესაძლებლობები სამშვიდობო პროცესში“.

კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა, ძირითადი მოხსენება კი კსუ-ის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიისა და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე რუსეცკიმ წარმოადგინა.

კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა მეუფე ისაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და სხვა საპატიო სტუმრებმა.

კონფერენცია ეძღვნებოდა გაეროს მიერ დაწესებულ საერთაშორისო დღეს „მეცნიერება მშვიდობისათვის“, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 10 ნოემბერს. კონფერენცია, ასევე, წარმოადგენს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო პროგრამების ჩარჩოში მიმდინარე კვლევას. კვლევის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს სამშვიდობო პროცესებში გამოუყენებელი ან ნაკლებად გამოყენებული შესაძლებლობების აღწერა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა, რომელიც ეძღვნებოდა ისეთი მიმართულების განვითარებას, როგორიცაა სამეცნიერო დიპლომატია. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ისაუბრეს მეცნიერების ცალკეული მიმართულებებისა და გამოჩენილი მეცნიერების როლზე სამშვიდობო პროცესებში, მნიშვნელოვანი იყო ასევე მეცნიერების როლის შეფასება კონფლიქტების გაღვივებაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საერთაშორისო მოძრაობის ინიციატორი – „უნივერსიტეტები მშვიდობისათვის“. პირველად ისტორიაში ამ უნივერსიტეტში შეიქმნა და აქტიურად მოღვაწეობს საუნივერსიტეტო დიპლომატიის ცენტრი. მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველოში და კავკასიაში დაინერგა მულტიარხული დიპლომატიის ელემენტები. 2015 წელს კი უნივერსიტეტს ესტუმრა ამ კონცეფციის დამაარსებელი, ცნობილი ამერიკელი დიპლომატი – ჯონ მაკ დონალდსი. 2018 წელს შეიქმნა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და მასთან არსებული პოლიდიპლომატიის საერთაშორისო სკოლა, რაც წარმოადგენს ამერიკული მულტიარხული დიპლომატიის გაძლიერებულ ქართულ ვერსიას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური