GE

კსუ-ში სამდღიანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა/კონფერენცია დერმატოლოგიაში დასრულდა

15-17 ივლისს, „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციისა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა – საერთაშორისო საზაფხულო სკოლა/კონფერენცია დერმატოლოგიაში (განსაკუთრებული ფოკუსით – ფსიქოდერმატოლოგიაზე).

სამდღიანი სკოლა/კონფერენცია დერმატოლოგიისა და ფსიქიატრიის ევროპის საზოგადოების მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც ამავე საზოგადოების პრეზიდენტი, მრავალი საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრი, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი, იაცეკ შჩეპიეტოვსკი უძღვებოდა.

ქართულ და ინგლისურენოვან საერთაშორისო საზაფხულო სკოლა/კონფერენციაში მონაწილეობდნენ ექიმი დერმატო-ვენეროლოგები, ალერგოლოგები, დერმატო-ვენეროლოგიისა და ალერგოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის სტუდენტები.

სკოლა/კონფერენციის მიზანი იყო პრაქტიკოსი ექიმებისთვის გაეცნო განახლებული ინფორმაცია კანის ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებსა და მათი თანამედროვე მკურნალობის მეთოდებზე, ასევე დერმატოლოგიური პაციენტის ფსიქო-ემოციური სტატუსის მართვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მეთოდებზე.

სკოლა/კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პრაქტიკული სემინარები/ვორქშოპები, ინდივიდუალური კლინიკური შემთხვევების განხილვით.

15 ივლისს სკოლა/კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა. „მეამაყება, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ტარდება ასეთი სკოლა/კონფერენცია დერმატოლოგიაში და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალ დარგს – ფსიქოდერმატოლოგიას. უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტთან, ეს ურთიერთობა წელს დაიწყო. ჩვენ ერთობლივად შევძელით, რომ მოგვეგო “ERASMUS+”- ის პროგრამა და შემდეგ, მალევე, ორივე მხარის შეთანხმებით, დავიწყეთ ამ პროგრამის გაფართოება და ორმხრივი ურთიერთობებიც ჩავრთეთ ჩვენს დღის წესრიგში. უკვე რამდენიმე თანამშრომელი იყო ჩვენგან წასული ვროცლავში, ასევე იქედანაც ჩამოვიდა რამდენიმე დელეგაცია. ძალიან მეამაყება, რომ დღეს ჩვენთან იმყოფება ვროცლავის უნივერსიტეტის პრორექტორი. ვიმედოვნებ, ეს სამი დღე ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან სასარგებლო იქნება“, – განაცხადა კახაბერ კორძაიამ.

გახსნის ღონისძიებაზე აუდიტორიას ასევე მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, სესილი გოგიბერიძემ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ლალი მეკოკიშვილმა.

სკოლა/კონფერენციის პირველი დღე ფსორიაზზე მოხსენებებს დაეთმო, მეორე დღე – ატოპიური დერმატიტი და ქავილი, ხოლო მესამე დღე – აკნე და მსგავსი დაავადებები. აღნიშნული თემები აუდიტორიისთვის, ძირითადად, ვროცლავის უნივერსიტეტის პრორექტორმა, იაცეკ შჩეპიეტოვსკიმ მიმოიხილა. ასევე მოხსენებებით წარსდგნენ სფეროში მოღვაწე ექიმები და სტუდენტები. სკოლა/კონფერენციის ფარგლებში მეორე დღეს გაიმართა მედიცინის დოქტორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მაია დათუაშვილის ლექცია თემაზე: „სტაზური დერმატიტი“, ხოლო დასკვნით დღეს შედგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლალი მეკოკიშვილის ლექციები თემაზე: „დემოდექსის როლი, როგორ აღმოვაჩინოთ ტკიპა“; „აკნე და როზაცეა – ახალი ხედვები“.

სკოლა/კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სკოლა/კონფერენციის მონაწილეებმა, ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის უნიკალური მატერიალურ ტექნიკური ბაზა მოინახულეს, ესტუმრნენ თანამედროვე ლაბორატორიებსა და უნივერსიტეტის მარანს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი