GE

კსუ-ში უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ვახტანგ წივწივაძის 70 და უნივერსიტეტის 25 წლის იუბილე აღინიშნა

8 ივნისს კსუ-ს დამფუძნებლის, ვახტანგ წივწივაძის 70 და უნივერსიტეტის 25 წლის იუბილე აღინიშნა

8 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლისა და კანცლერის – ვახტანგ წივწივაძის 70 და უნივერსიტეტის 25 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიება გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და მას მოდერატორობა გაუწია სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, სესილი გოგიბერიძემ. სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგნენ კსუ-ს რექტორი კახაბერ კორძაია, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე, კსუ-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლან გოცირიძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, გაზეთ „ხონელის“ რედაქტორი, პუბლიცისტი ჯემალ გორდულაძე.

საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.

იყო ბევრი მილოცვა, ემოცია… სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს ბატონი ვახტანგის ცხოვრებისეული ღვაწლი, უამრავი კეთილი საქმე და მას მომავალშიც მხნეობა და წარმატებები უსურვეს.

70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სამშობლოს ერთგული მსახურებისა და ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ვახტანგ წივწივაძე წმიდა ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე წარდგნენ კსუ-ს ხალხური სიმღერების ანსამბლი, ახალგაზრდა პიანისტი დავით წივწივაძე და ხონის სახალხო თეატრის მსახიობი გულიადა სანოძე.

ვახტანგ წივწივაძე 1949 წლის 8 ივნისს, ქ. ხონში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა ხონის მე-3 საშუალო სკოლა (ოქროს მედალზე), 1972 წელს კი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1972-1975 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კოქსიკოქიმიური საამქროს ცვლის უფროსი, 1975-1990 წლებში მუშაობდა პარტიულსა და სამეურნეო თანამდებობაზე, 1990- 1994 წლებში – შპს ფირმა „პროგრესის“ დამფუძნებელი და დირექტორი, 1996 წელს – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ბიზნესისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე, 2005 წლიდან დღემდე კი არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და კანცლერი;

2017 წელს ვახტანგ წივწივაძე გახდა აზერბაიჯანის ოდლარ იურდუს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, 2016 წელს კი ქ. ხონის საპატიო მოქალაქე, ასევე არის საზოგადოება „ხონელის“ საპატიო თავმჯდომარე.

ვახტანგ წივწივაძეს ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური