GE

კსუ–ში სტუდენტთა ნახატების გამოფენა გაიხსნა

24 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ხატვის წრის სტუდენტთა ნახატების გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებლებს, ერთი კვირის მანძილზე, საშუალება აქვთ პროფესიონალ თუ მოყვარულ სტუდენტთა ნახატებს უნივერსიტეტის ცენტრალური შემოსასვლელის ტერიტორიაზე გაეცნონ და დაათვალიერონ.

უნივერსიტეტის ცნობით, ხატვის წრეს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, მაკა ტაბიძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, წრე უკვე 5 წელია არსებობს და მასში გაწევრიანება ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია. ხატვის გამოცდილება მნიშვნელოვანია, თუმცა გადამწყვეტი ფაქტორი არ არის და მოტივირებულ ახალგაზრდებს ის ძირითად ტექნიკასა და პრინციპებს აათვისებინებს.

სტუდენტთა დაინტერესების შესაბამისად, ხატვის წრე ყოველწლიურად 12-15 ახალგაზრდას ღებულობს, რომლებიც მთელი სასწავლო წლის მანძილზე ხელმძღვანელთან ერთად მუშაობენ, ხვეწენ ხატვის ტექნიკას, არჩევენ თემასა და მიმართულებას,  რომელზეც საბოლოო ნამუშევარი უნდა მოამზადონ.

2017 სასწავლო წლის ფინალურ სემესტრში ჩატარებული გამოფენის ძირითადი მიმართულებები პორტრეტი, პეიზაჟი და სიუჟეტური ნამუშევრებია.

მსგავსი სახის გამოფენები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პერმანენტულად ხორციელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური