GE

კუთვნილი საჩუქარს, კომპიუტერს, 4460 წარჩინებული მოსწავლე ელოდება – რამ შეაფერხა გადაცემის პროცესი

2019-2020 სასწავლო წელს საჯარო სკოლების საბაზო საფეხური წარჩინებით 4000-ზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა. ისინი კუთვნილი საჩუქრის, კომპიუტერის, მოლოდინში არიან. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ინფორმაციით, პორტაბელური კომპიუტერების დარიგების ვადები დამოკიდებულია კონსოლიდირებული ტენდერის შედეგებზე, ამიტომ კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

სააგენტოს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2019-2020 წლების საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პორტაბელური კომპიუტერების შესყიდვა, ბენეფიციარების რაოდენობა შეადგენს 4 460 მოსწავლეს.

„პორტაბელური კომპიუტერების შესყიდვა ხდება კონსოლიდირებული ტენდერით, რომელსაც აცხადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ამიტომ შესყიდვის და შესაბამისად დაჯილდოების ზუსტი თარიღის და თანხის მითითება ამ დროისთვის შეუძლებელია“, – აცხადებენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში.

უწყების ცნობით, 2017-2018 სასწავლო წელს პორტაბელური/სტანდარტული კომპიუტერი ლეპტოპი სააგენტომ ა 2 608 წარჩინებულ მოსწავლეს გადასცდა მათ შესასყიდად დახარჯული თანხის რაოდენობა შეადგენდა 3,286,053.92 ლარს. ხოლო 2018-2019 სასწავლო წელს სააგენტომ 3 100 წარჩინებულ მოსწავლე დაასაჩუქრა და მათი ლეპტოპების შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,253,200 ლარი გადაიხადეს.

მოსწავლეთა დამაიმედებლად განათლების სამინისტროში მხოლოდ იმას გვპასუხობენ, რომ საჩუქარს წარჩინებულები წელს (2021) მიიღებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური