GE

„კვლევამ აჩვენა, რომ ზოგადი უნარების ტესტი არ არის ისეთი წონის და გამათანაბრებელი ტესტი, რომ სავალდებულო იყოს“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეს კვლევის შედეგებით გაამყარეს გადაწყვეტილებები გამოსაშვები და უნარების გამოცდების შესახებ, რაც ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს გახმოვანდა და დღემდე კრიტიკის ობიექტია.

დღევანდელ დღემდე საზოგადოებისთვის არც სამინისტროს და არც გამოცდების ცენტრს არ წარუდგენია გადაწყვეტილებების განმაპირობებელი რაიმე დოკუმენტი. როგორც გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, „კვლევებმაც დაადასტურა, რომ კატის გამოცდებმა დასახული მიზნები ვერ შეასრულა, ასევე კვლევამ აჩვენა, რომ ზოგადი უნარების ტესტი არ არის ისეთი წონის და გამათანაბრებელი ტესტი, რომ ის იყოს სავალდებულო გამოცდების რიგში“.

ის საუბრობს უნარების გამოცდაზე, რომლის არასავალდებულოთა კატეგორიაში გადატანამაც აზრთა სხვადასხვაობა, კრიტიკა გამოიწვია და აქაც კვლევა მოჰყავს დამხმარედ:

„უნარების ტესტის შემოღების მთავარი მიზანი იყო უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებში კორუფციის შემცირება და რეპეტიტორთან მომზადების რიცხვის შემცირება, თუმცა კვლევამ დაადასტურა, რომ 15 წლის წინანდელი გამოწვევა, რაც კორუფციას ეხებოდა მისაღებ გამოცდებში, აღმოფხვრილია, ხოლო რეპეტიტორთან მომზადების რიცხვი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. მშობელთა 74% მიიჩნევს, რომ უნარებში მომზადება ყველაზე მეტად საჭიროა“, – ამბობს სოფო გორგოძე.

„რეპეტიტორები რომ არსებობენ იმიტომ არ არის სკოლაში კარგი სწავლება, თუ სკოლაში კარგი სწავლება რომ არ არის იმიტომ არსებობენ რეპეტიტორები?“

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ განმარტავს CAT-ის გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილებას:

„ის მიზნები რაც კატის გამოცდებს ქონდათ, ვერ იქნა მიღწეული, დასწრების მხრივ, განსაკუთრებით მე-12 კლასში. სიტუაცია არ შეცვლილა, სკოლის მიმართ ნდობა დაბალია  და რეპეტიტორებთან შედარებით მეორეხარისხოვან ინსტიტუტად აღიქმება. იმის მიუხედავად, რომ  კატის სისტემით ასეთ მოკლე ვადაში ეროვნულ დონეზე გამოცდის ჩატარება მნიშვნელოვან მიღწევად ჩაითვალა საერთაშორისო ექსპერტების მიერ, მისი მთავარი მიზნები ვერ შესრულდა და ამიტომ მივიღეთ გაუქმების გადაწყვეტილება“, – განმარტავს გორგოძე.

ამავე თემაზე:

სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში – NAEC-მა კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური