GE

ლადო პაპავა – უმჯობესი იქნება, მეთორმეტე კლასში უნარები სავალდებულო საგნად შემოიღონ

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, პროფესორ ლადო პაპავას აზრით, კარგი იქნება თუ სკოლის გამოსაშვებ და უმაღლესში მისაღებ გამოცდებს  გააერთიანებენ.

„როცა დაიწყო საუბარი განათლებისა და მეცნიერების რეფორმაზე, მოსახლეობას ისე მიეწოდა ინფორმაცია, რომ, თითქოს, მთავარია გამოცდების მოხსნა; ყველაფერი გვერდზე დარჩა. შეიძლება, დაიბადოს კითხვა- რა დარჩა გვერდზე? სინამდვილეში არ ვიცით. იმისთვის, რომ ვისაუბროთ, რა აქვს მთავრობას ჩაფიქრებული, მან უნდა გამოაქვეყნოს დოკუმენტი, რომელიც ეხება განათლებისა და მეცნიერების სისტემის რეფორმას, სადაც გაწერილი იქნება, რა არის გასაკეთებელი და როდის. მინისტრმა სავსებით კარგად აღნიშნა, რომ ჩვენ ცოდნა უნდა მივცეთ ბავშვებს არა გამოცდაზე ორიენტირებულებით, არამედ – განათლება ცოდნაზე უნდა იყოს ორიენტირებულიო. ამას რა სჯობს. მაგრამ ახლა ვინც სკოლას ამთავრებს, წელს ან გაისად, მათ ხომ ძველი სისტემით აქვთ მიღებული განათლება? მაშინ რატომ ვუხსნით გამოცდას? გამოცდა იწვევს სტრესსო – რა თქმა უნდა, იწვევს სტრესს. მაგრამ დიდი ბოდიში, განა ცხოვრება სტრესი არ არის?

გამოცდები ორ რამეს უწყობს ხელს: ცოდნის სისტემატიზებას, რომ ივნისში უნდა გაიხსენო, რა გისწავლია სექტემბერში, ოქტომბერში, საგანი ერთიანად გაიაზრო. მეორე – როცა გამოცდებს აბარებ, იზრდება გარკვეული მედგრობა ამ სტრესების მიმართ. ასე ხელაღებით გამოცდების გაუქმებისთვის მე ნამდვილად არ ვარ მზად, თუ არ მეცოდინება, რა აქვს ჩაფიქრებული მთავრობას. მაგრამ, რაც უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული, ასე სწრაფად, წელს და გაისად გამოცდების გაუქმება, რა თქმა უნდა, გამართლებულად არ მიმაჩნია.

გამოცდებს ასე მივუდგებოდი – სკოლის გამოსაშვები და უმაღლესში მისაღებ გამოცდებს გავაკეთებდი ერთიანს – სწორი იქნებოდა ერთიანი გამოცდა. ეს გამოცდების რაოდენობას შეამცირებდა და სკოლას უნივერსიტეტს დაუახლოვებდა“, –  განაცხადა ლადო პაპავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ზოგადი უნარების გამოცდის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, უმჯობესი იქნება, მეთორმეტე კლასში უნარები სავალდებულო საგნად შემოიღონ:

„რაც შეეხება უნარებს – მეთორმეტე კლასი საერთოდ არ არის დატვირთული. სწორია, რომ ქალაქში მაცხოვრებლებსა  (განსაკუთრებით – თბილისში) და რაიონებიდან ჩამოსულ ბავშვებს შორის უნარებში განსხვავებაა. ხშირად, სოფლებში მშობლებს იმის შესაძლებლობა არ აქვთ, რომ რეპეტიტორი აიყვანონ. დიდი ბოდიში – რატომ უნდა აიყვანონ რეპეტიტორი? ხომ შეიძლება, მეთორმეტე კლასში უნარებში მეცადინეობა ჩვეულებრივი საგანი გახდეს?

მე ასე ხელაღებით, ასე მარტივად ვერ ვიტყოდი, რომ უნარების გაუქმება სწორი იყო. ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა უნარები შემოგვეღო როგორც სავალდებულო საგანი, რომელშიც ახალგაზრდები გაივლიდნენ წვრთნას“, – აღნიშნა ლადო პაპავამ.

მისივე აზრით, კარგია მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში მეცნიერება და განათლება უნდა იყოს პრიორიტეტი, თუმცა  მიაჩნია, რომ დიღომში სამეცნიერო ქალაქის აშენებას, ჯობდა, ეს თანხა არსებული სასწავლებლების ტექნიკურ აღჭურვას მოხმარებოდა.

„იმას, რასაც აცხადებს დღეს მთავრობა და პრიორიტეტად ასახელებს მეცნიერებას და განათლებას, მივესალმები. თუმცა მექმნება იმის განცდა, რომ ეს ბოლომდე გააზრებული არაა – მაგალითად, დიდ დიღომში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა. თავად თბილისია განათლებისა და მეცნიერების ქალაქი –  იმდენი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტია თავმოყრილი. ყველაზე სწორი იქნებოდა, თბილისს მიეცეს განათლებისა და მეცნიერების ქალაქის სტატუსი. ფული დაიხარჯოს არა რაღაც პაწაწინა ქალაქუნას მშენებლობაზე, რომელიც კაცმა არ იცის, რა დაჯდება, როდის დასრულდება, რა ეფექტს მოგვცემს, არამედ – ეს თანხა დაიხარჯოს საქართველოში არსებული უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, ლაბორატორიების, გარემონტებაზე, შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვაზე, რომ სამეცნიერო მუშაობა სრულფასოვნად გახდეს შესაძლებელი. მეცნიერის პროფესია პრესტიჟული უნდა გახდეს“, – დასძენს ლადო პაპავა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური