GE

ლალი გიგაური საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-სგან 30000 ლარს ითხოვს

ფოტო –
ლალი გიგაურის "ფეისბუკ" გვერდი

ლალი გიგაური, საჯარო სკოლის მასწავლებელი, ტრენერი და განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლია გიგაურის და, საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ს სასამართლოში უჩივის და ორი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს.

ვიდრე ქალბატონი ლალი გიგაურის მოთხოვნებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ საზოგადოებისა და მედიის ინტერესს ქალბატონ ლალი გიგაურთან მიმართებაში. უახლესი ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ იმ მასალების კვლევა დაასრულა, რომელსაც, სამინისტროს აზრით, უნდა ეპასუხა კითხვებისთვის, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების სკანდალს უკავშირდებოდა. კერძოდ კი გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ 2018 წელს გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარი იყო განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის დის მხრიდან ისტ–ის სახელმძღვანელოს სავარაუდო ლობირებაზე. ლალი გიგაური, სავარაუდოდ, გრიფირების კონკურსში შეტანილი სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობდა და ამასთან, სავარაუდოდ იყო „დიოგენეს” გამომცემლობის მიერ მომზადებული ერთ-ერთი სახელმძღვანელოს რეცენზენტიც. „არსებობს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ განათლების მინისტრის მოადგილის და იმ სახელმძღვანელოს თანაავტორია, რომელსაც გრიფს სამინისტრო ანიჭებს. ეს კი კანონით აკრძალულია”, – ვკითხულობთ „სტუდია მონიტორის“ მიერ ამ საკითხზე მომზადებული ფილმის წანამძღვარში.

გეტყვით იმასაც, რომ სამხარაულის ექსპერტიზისგან მიღებული დასკვნის მიუხედავად, განათლების სამინისტრო არ წერს საკუთარ დასკვნას, თუ საიდან მოხდა ინფორმაციის გაჟონვა, დადგინდა თუ არა ინტერესთა კონფლიქტი მინისტრის ყოფილ მოადგილესა და მის დას შორის, დაადგინა თუ არა ექსპერტიზამ ლალი გიგაურის “ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების” საგანში კონკრეტული სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში მონაწილეობა, რაც როგორც უკვე ითქვა, კანონით აკრძალულია.

როგორც საზოგადოების, ასევე ჩვენი ინტერესიც ზემოაღნიშნულ საკითხზე იქამდე შენარჩუნდება, ვიდრე დარჩენილი კითხვები უპასუხოდ დარჩება ჩვენთვის უცნობი მიზეზების ან ინტერესების გამო. მედიის უპირველესი ფუნქცია კი – დასვას კითხვები და მიაწოდოს საზოგადოებას მათზე პასუხები, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კანონით არის დაცული.

წარმოგიდგენთ EDU.ARIS.GE-ს მიერ აღნიშნულ თემაზე დღემდე მომზადებულ მასალებს, სადაც მოსარჩელე ფიგურირებს და რომელსაც ლალი გიგაური შეურაცხმყოფელად მიიჩნევს:

რატომ გაჭიანურდა 31 მაისს დასასრულებელი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი?

„გიგაურის საქმე“ – მასალები სამხარაულის ექსპერტიზას 30 ივლისამდე არ გადაუგზავნეს!

განათლების სამინისტროს 80-დღიანი „მოგზაურობა“ გიგაურის საქმის გარშემო

მალავს თუ არა განათლების სამინისტრო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას – რა დადგინდა მინისტრის ყოფილი მოადგილის დის შესახებ?

ბატიაშვილი გიგაურის წინააღმდეგ – რა ანგარიშია? (ბლოგი)

ეს კი გახლავთ ბანერი, რომელიც ახდენს დღეების აღრიცხვას და ასახავს, თუ რამდენი დროა გასული საქმის შესწავლის დაწყებიდან, რაც ემსახურება სწორედ იმის ჩვენებას, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის პასუხები ლეგიტიმურ კითხვებზე უცნობია.

დავუბრუნდეთ მასწავლებლისა და ტრენერის, ლალი გიგაურის საჩივარს ჩვენი, მედიასაშუალების წინააღმდეგ.

მოსარჩელე ითხოვს: „მოპასუხემ შეწყვიტოს შეურაცხმყოფელი კამპანია ლალი გიგაურის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ აიღოს ბანერი, მოსარჩელის გამოსახულებითა და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით. აგრეთვე, დაეკისროს მოპასუხეს მორალური ზიანის ანაზღაურება 30. 000 ლარის ოდენობით“.

დავის არსში ვკითხულობთ შემდეგს: „ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც იმედია, მალე დასრულდება და ლალი გიგაურის უდანაშაულობას დაადასტურებენ კომპეტენტური ორგანოები“.

ახლა რაც შეეხება სარჩელში არსებულ განმარტებას, თუ რაში ადანაშაულებს ლალი გიგაური საგანმანათლებლო პორტალს. მოსარჩელე მიიჩნევს რომ:

EDU.ARIS.GE-მ უდანაშაულობის პრეზუმფციის უგულებელყოფით, დაიწყო მიზანმიმართული კამპანია მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შესალახად. კერძოდ, ინტერნეტპორტალმა, მთავარ გვერდზე გამოაქვეყნა ბანერი, სახელწოდებით „გიგაურის საქმე“. ძველი ვესტერნული ფილმების სტილში, მასზე განთავსებულია ლალი გიგაური და მისი დის – ლია გიგაურის ფოტოსურათი, რითაც ხდება გამოსახული პიროვნებების შეურაცხმყოფელ კონტექსტში, უაპელაციოდ დამნაშავეებად წარმოჩენა უდანაშაულობის პრეზუმფციის უგულებელყოფით. ბანერი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მასზე გამოსახული პირები წარმოადგენენ გამოძიების გაჭიანურების მიზეზს, რომ არიან კრიმინალები და ძებნილები…

„ბანერის გამოქვეყნებამ, იმ წრეში, სადაც ლალი გიგაური მოღვაწეობს და დაკავშირებულია პროფესიითა და საქმიანობით, ბუნებრივია, გამოიწვია მოსარჩელის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებები – სულიერი, ზნეობრივი ტკივილი და ტანჯვა“.

სარჩელში საუბარია იმაზეც, რომ ლალი გიგაურმა მოითხოვა პორტალისგან ბანერის აღება, თუმცა მიიღო უარი და ეს მიჩნეულია, როგორც ლალი გიგაურის უფლებების მიზანმიმართული ხელყოფის გაგრძელება. აღნიშნულის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE აქვე წარმოგიდგენთ საპასუხო წერილს გიგაურისადმი, სადაც განვმარტეთ, თუ რატომ ვიყავით მოკლებული შესაძლებლობას ბანერი აგვეღო და მასთან, როგორც მედიას გვქონდა შეთავაზებაც ინტერვიუზე, თუმცა თანხმობა არ მიგვიღია. გეტყვით იმასაც, რომ ჩვენდა გასაკვირად, ასევე სამწუხაროდ, ამ მიმოწერაში, ასევე ღიად სტატიებზე კომენტარების სახით, ქალბატონი ლალი გიგაური შეურაცხმყოფელი ფორმითა და ენით გვადანაშაულებდა, ბრალს გვდებდა, შეკვეთილი სტატიების მომზადებაში, ამტკიცებდა, რომ ჩვენ ვინმეს ინტერესებს ვატარებდით და შეკვეთილ სტატიებს ვანთავსებდით, რაც პირდაპირი ცილისწამებაა. თუმცა, მოსარჩელეს აღნიშნული სტატიების ვებგვერდიდან აღების მოთხოვნა არ გააჩნია.

წარმოგიდგენთ სააგენტოს მიერ ლალი გიგაურისადმი გაგზავნილ საპასუხო წერილს და აქვე ღიად ვაფიქსირებთ, რომ ინტერნეტპორტალი EDU.ARIS.GE დაიცავს საკუთარ პოზიციას სასამართლოზე

„მოგესალმებით ქალბატონო ლალი,

EDU.ARIS.GE საგანმანათლებლო პორტალია და მიზნად ისახავს საქართველოში მხოლოდ განათლებასთან დაკავშირებული მოვლენების მიმოხილვას. მოგეხსენებათ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი საზოგადოების მომეტებული ყურადღების ცენტრშია და სწორედ ჩვენს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს საზოგადოების სათანადო ინფორმირება და მისი მზარდი ინტერესის დაკმაყოფილება.

ზემოაღნიშნულთან ერთად, თქვენს ყურადღებას მივაქცევდი იმ გარემოებას, რომ EDU.ARIS.GE ამ პროცესში არც დაინტერესებულ, არც ვინმესთან მიმართებაში ბრალმდებელ მხარეს არ წარმოადგენს. ამასთან, EDU.ARIS.GE-ს მიერ გრიფირების საკითხებთან, ასევე სტუდია „რეპორტიორის“ ჟურნალისტურ გამოძიებასთან (https://www.youtube.com/watch?v=kp-tF0V–Sw) და თქვენს სახელთან, როგორც იმდროინდელი განათლების მინისტრის მოადგილის დასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს ვინმე  კონკრეტული ადამიანის ბრალეულობის დამადასტურებელ ან უარმყოფელ მტკიცებულებებს, რაც სრულიად შესაბამისობაშია საკანონმდებლო თუ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებთან.

გრიფირებასთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაციის ამოცანაა, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რომ დროზე გაეცეს პასუხი  სტუდია „რეპორტიორის“ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს, სადაც თქვენი  და თქვენი დის, განათლების მინისტრის იმდროინდელი  მოადგილის სახელები ფიგურირებს. ასევე, რომ  გაგრძელდეს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი – 82 დღე არის გასული და საზოგადოებას ჯერ არანაირი პასუხი არ მიუღია.

შესაბამისად, როგორ კი გასაჯაროვდება უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა/გადაწყვეტილება, მათ შორის საქართველოს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოკვლევის  შედეგები, აღნიშნული ინფორმაციის EDU.ARIS.GE -ზე უცვლელად გამოქვეყნებასთან ერთად, ავტომატურად მოიხსნება საქმეზე პასუხის გაუცემლობასთან დაკავშირებული ბანერი.

შესაბამისად, თქვენს მოთხოვნას ბანერის დაუყონებლივ აღებასთან დაკავშირებით ვერ დავაკმაყოფილებთ.

რაც შეეხება სტატიის ავტორს, სტატიის ტექსტშიც ნაჩვენებია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სტატია წარმოადგენს EDU.ARIS.GE –ს კონსოლიდირებულ პოზიციას.

რაც შეეხება თქვენი პოზიციის სასამართლო წესით დაცვას, აღნიშნული თქვენს კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს. თავის მხრივ, EDU.ARIS.GE მზად არის სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასაცავად.

ასევე, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ EDU.ARIS.GE -ზე ან მასობრივი კომუნიკაციის სხვა საშუალებებში თქვენს სახელთან და/ან შეჩერებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმძღვანელოს გრიფირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის ფაქტობრივად არასწორი ან არასრული, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით  თქვენი პოზიციის გამოსახატავად,  გთავაზობთ EDU.ARIS.GE -ს ჟურნალისტთან ცოცხალი ინტერვიუს ჩაწერას, სადაც თქვენი პოზიციები მაქსიმალურად დაფიქსირებული იქნება და რაც განთავსდება EDU.ARIS.GE -ზე.“

ამავე თემაზე:

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – რა დარღვევები იკვეთება ინსპექტირების სამსახურის დასკვნით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური