GE

ლექციათა სერია „ყველაფერი უკრაინის შესახებ“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

უკრაინის სამეცნიერო საზოგადოების სოლიდარობისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის მარტში დააარსა პროგრამა რისკის ქვეშ მყოფი აკადემიური პერსონალის მხარდასაჭერად. პროგრამა მიზნად ისახავდა საფრთხის ქვეშ მყოფ უკრაინელ მეცნიერთა და მათი ოჯახების წევრთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

პროგრამის ფარგლებში 2022 წლის მაისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო და უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ საჯარო ლექციათა სერიას „ყველაფერი უკრაინის შესახებ”. სერიის მიზანია, დაინტერესებულმა პირებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ უკრაინის, კერძოდ, მისი ისტორიის, ენის, ლიტერატურის, კულტურის, პოლიტიკური სისტემის, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ბოლო პერიოდში ქვეყანა აღმოჩნდა.

კურსს გაუძღვებიან კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო და უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია.

ლექციების მსმენელები გაეცნობიან უკრაინის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე, უკრაინული კულტურის სხვადასხვა კომპონენტს, იმ ფაქტორებს, რომლებმაც გავლენა მოახდინა უკრაინული კულტურის ფორმირებაზე. დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება, მეტი შეიტყონ უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის, ეკონომიკის ძირითადი სექტორებისა და წამყვანი ეროვნული ბრენდების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკის ევოლუციას საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, უკრაინელი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის და თანამედროვე რევოლუციებს უკრაინაში. მომხსენებლები ისაუბრებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე, მის ჰიბრიდულ კომპონენტზე, ე.წ. „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიასა და ამ იდეოლოგიის უკრაინასა და რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებში გავრცელების საფრთხეებზე.

ლექციების თემატიკა:

  • უკრაინის ისტორია: უძველესი დროიდან დღემდე;
  • უკრაინული კულტურა: ტრადიციები, თანამედროვეობა;
  • უკრაინული ენა;
  • უკრაინული ლიტერატურა;
  • უკრაინის პოლიტიკური სისტემის ფორმირება დამოუკიდებლობის შემდეგ;
  • უკრაინის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა დამოუკიდებლობის შემდეგ;
  • უკრაინის ეკონომიკა;
  • უკრაინის და რუსეთის ურთიერთობები: ისტორია და თანამედროვეობა

ლექციათა სერია დაიწყება მიმდინარე წლის 24 მაისს.

ლექციათა ციკლი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში. მსმენელს საშუალება ექნება ლექციებს დაესწროს როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად Zoom პლატფორმის მეშვეობით.

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, თუმცა საჭიროა წინასწარი რეგისტრაციის გავლა. ლექციებზე წინასწარი რეგისტრაცია იწარმოებს 22 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური