GE

მაღალკლასელის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, პედაგოგს სკოლას დაატოვებინებენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგს მეცხრე კლასის მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დაუდასტურდა.

ორთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგს შვილის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მშობელმა უჩივლა. მშობელი წერილობით განცხადებაში აღნიშნავდა, რომ  მასწავლებლის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ ყოფილა და პედაგოგი მეცხრეკლასელ ბიჭს სხვების თანდასწრებითაც მოიხსენიებდა დამამცირებელი სიტყვებით.

როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, საკითხთან დაკავშირებით სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა მუშაობა უკვე დაასრულა და პედაგოგს სკოლას დაატოვებინებენ.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კი განაცხადეს, რომ პედაგოგი სკოლიდან დირექტორის ბრძანების შემდეგ წავა.

,,დაუდასტურდა მასწავლებელს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი  დისციპლინური კომიტეტის მოკვლევითაც. გუშინ დასრულდა კომიტეტის მუშაობა და ალბათ, ორშაბათს იქნება დირექტორის ბრძანება“,– აცხადებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური