GE

მაღალსტატუსიანი დაბალხელფასიანი მასწავლებლები

თუ პედაგოგი ხართ, ან პედაგოგობას აპირებთ და გაქვთ მოლოდინი, რომ თავდადებული მუშაობის, გამოცდების ჩაბარების, კვალიფიკაციის დადასტურებისა და პედაგოგთა სქემაში მაღალ საფეხურებზე ასვლის შემთხვევაში თქვენი შემოსავალი საგრძნობლად გაიზრდება, დიდი შანსია იმისა, რომ ცდებოდეთ. საქმე ისაა, რომ სქემის მაღალ საფეხურზე ყოფნის შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ვერ დააგროვებთ ჩასატარებელი საათების საკმარის რაოდენობას (კვირაში 15-18 საათი), ვერ მიიღებთ იმ მაქსიმალურ 800 ლარიან ხელფასს, რომლის შემოღებაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიაჩნია.

საათების დაგროვება კი, პედაგოგებისათვის კარგად ცნობილია, რომ ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მათ შორის დირექტორის კეთილგანწყობაზე, კონკურენტების სიმრავლეზე და ა.შ. შესაბამისად, იქმნება პარადოქსული სიტუაცია, როდესაც პედაგოგი მრავალგვარი გარჯის შედეგად სქემაში მაღალ საფეხურებზე ინაცვლებს, თუმცა მისი შემოსავალი საგრძნობლად არ იზრდება.

EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული უახლესი სტატისტიკის თანახმად, სულ ქვეყანაში 66 504 პედაგოგი გვყავს. მათ შორის 9 მენტორი, 218 წამყვანი, 18 941 უფროსი, 44 419 პრაქტიკოსი და 2 917 სტატუსის გარეშე. შარშანდელი სტატისტიკის მიხედვით, 800 ლარამდე ხელფასს მხოლოდ დაახლოებით 8 ათასი მათგანი იღებს.

რატომ არ სურს სამინისტროს მასწავლებლის ანაზღაურების მხოლოდ კვალიფიკაციაზე მიბმა? ამ კითხვას უკვე დიდი ხანია ოპოზიციაც სვამს და თავად პედაგოგებიც. განათლების სამინისტროს კი ამაზე მუდმივად ჩამოყალიბებული, მკაფიო და ხმამაღალი პასუხი ჰქონდა. ზოგჯერ სკანდალურიც –  რომ მასწავლებელს მაღალი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ამ პროფესიას ისეთი ადამიანები აირჩევენ, რომელთაც ბავშვები არ უყვართ და ა.შ.

განათლების აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თავისი მინისტრობის უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთ გადაცემაში ამ თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ არ ფიქრობს რომ მასწავლებლის ანაზღაურება მხოლოდ სტატუსზე, კვალიფიკაციაზე იყოს დამოკიდებული და არა საათობრივ დატვირთვაზე, მან შემდეგნაირად უპასუხა:

არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობთ, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ გაგვიმრავლდება ორსაათდატვირთვიანი მაღალხელფასიანი ხალხი და ამის საშუალება ფიზიკურად არ გვაქვს“.

თავის მხრივ, ბიუჯეტიდან მასწავლებლებისათვის გადახდილი თანხების შთამბეჭდაობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ  2017 წლის იანვარ–აგვისტოში სქემით განსაზღვრული მასწავლებლების დანამატების ხარჯების დაფინანსებამ 37–ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა.

“მასწავლებლების ხელფასების ზრდა და ამ მიმართულებით პოლიტიკა სამ ეტაპად განხორციელდა. 2015 წელს სექტემბერში იყო პირველი, მეორე იყო 2016 წლის აპრილში და მესამე –  2017 წლის იანვარში. შესაბამისად, როდესაც მასწავლებლებს აქვთ სრული დატვირთვა, ისინი იღებენ აღნიშნულ დანამატს. მე მგონია, რომ თუ მასწავლებლებს დატვირთვა არ ექნებათ, ამ შემთხვევაში მათ განათლების სამინისტრო სრულ ანაზღაურებას ვერ მისცემს”, – განაცხადა ცოტა ხნის წინ ქუმსიშვილმა.

თავისი მოსაზრებები და არგუმენტები აქვს ოპოზიციასაც. საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი სერგო რატიანი ამ საკითხზე ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა და ამბობდა, რომ ხელფასის გაცემის პრინციპი შესაცვლელია.

მისი თქმით, მიუხედავად რიცხვებისა და სტატისტიკისა, ცვლილებები პედაგოგების უმეტესობას არ ეხებათ, რადგან კანონის მიხედვით ხელფასი დატვირთვაზეა დამოკიდებული.

„43 000 მასწავლებელს არ გაზრდია ხელფასი და ეს დაპირება ჩვეულებრივი ტყუილი იყო. მაგრამ, საქმე გაცილებით უფრო პრობლემურია, რადგან ჩვენ გვყავს 15 000 სერტიფიცირებული მასწავლებელი და მათ შეიძლებოდა ქონოდათ 800 ლარი და მეტი, მაგრამ, ხელფასი მიბმული არის არა სერტიფიცირებაზე. ადამიანმა ჩააბარა, მოიპოვა ეს სერტიფიკატი და ის უნდა უზრუნველყოს სკოლამ და სახელმწიფომ, რომ სრული დატვირთვა ჰქონდეს.

„ამის მაგივრად, არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც, რეალურად ხელფასი მიბმული არის დატვირთვაზე და ეს პარადოქსულ ვითარებას ქმნის  – 15 000 მასწავლებლიდან 800 ლარს და მეტს მხოლოდ 8 000 მასწავლებელი იღებს. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა,“ – აცხადებდა რატიანი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი აცხადებს, რომ მცდარია ფორმულირება, თითქოს მასწავლებლის ანაზღაურება კვალიფიკაციაზე არაა მიბმული. ამბობს, რომ კანონით ხელფასი სწორედ შეფასების შედეგებზეა დამოკიდებული.  შეფასება კი მიუთითებს იმას, თუ რამდენად კვალიფიციურია მასწავლებელი. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ  მასწავლებლის ხელფასი პირველ რიგში საათობრივად იანგარიშება და სწორედ ესაა შესაცვლელი.

იგი სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე და დაფინანსების სისტემაზე გვესაუბრება და ამბობს, რომ გამოსავალი ასეთია: მასწავლებელი ფიქსირებულ ხელფასს თავისი მთლიანი საქმიანობისათვის იღებს. ისე, როგორც მაგალითად საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები. ანუ, პედაგოგები 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობენ.

ამ 8 საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში გაკვეთილების ჩატარების გარდა უამრავ სხვა რამეს აკეთებენ. მათ შორის ზრუნავენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. საათებს კი, სკოლის საჭიროების მიხედვით, ადმინისტრაცია ანაწილებს. ასეთ დროს, როგორც წესი, მათი საათობრივი დატვირთვა მაქსიმალურია.

„იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ხელფასის გაცემის წესის შეცვლაა საჭირო, რასაც მე პირადად ორი ხელით მივესალმები. ოღონდ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – თუკი ვინმე ამას საქართველოში გააკეთებს,  სკოლებში საათების ოპტიმალურად ჩატარების საკითხი დადგება. ანუ, თუკი სკოლას ერთ საგანში 2 მასწავლებელი ჰყავს, ამ 18 საათს კი არ გაყოფს ორზე რომ არც ერთს არ აწყენინოს, არამედ იტყვის, რომ მე ერთი მასწავლებელი მჭირდება და მას მიეცემა ანაზღაურება, რომელიც განკუთვნილია ერთი პედაგოგის 8 საათიანი სამუშაო დღისათვის.

„ჩვენთან ბევრია მასწავლებელი, რომელსაც ცოტა საათიც აკმაყოფილებს. მათთვის მთავარი ისაა, რომ სკოლაში მუშაობდნენ, რადგან ეს სკოლის გარეთ რეპეტიტორად მუშაობისათვის არის საჭირო. იმ შემთხვევაში, რომელზეც მე ვსაუბრობ, საათებიც სკოლაში სულ სხვანაირად გადანაწილდება. 8-საათიანი სამუშაო დღის პირობებში მასწავლებლები მაქსიმალურად დაიტვირთებიან,“- აცხადებს ჟღენტი.

ასეთი მოდელის „უკუჩვენება“ კი, მისი თქმით, ის იქნება, რომ ქვეყანას 67 ათასამდე პედაგოგი, რომელიც ახლა ჰყავს, აღარ დასჭირდება. აქვე დასძენს, რომ ეს რიცხვი ახლაც გაბერილია. შესამცირებლად კი, სპეციალისტს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პედაგოგების სისტემიდან ღირსეული გასვლა და მინიმალურდატვირთვიანი და სხვაინტერესებიანი პედაგოგების სკოლებიდან გაშვება უნდა უზრუნველყოს. ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, უამრავი საათი გამოთავისუფლდება, რომლებიც მოტივირებულ, მონდომებულ პედაგოგებზე გადანაწილდება. ისინი სრული – 8-საათიანი დატვირთვით იმუშავებენ და ღირსეულ ანაზღაურებასაც მიიღებენ.

შესაბამისად, ჟღენტი მიიჩნევს, რომ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც პედაგოგთა ხალფასის გაცემის წესი აქამდე არ შეიცვალა – პედაგოგების სახლში გაშვებას ვერცერთი ხელისუფლება ვერ ბედავს.

„მე მგონია, რომ საზოგადოებრივი დაკვეთა პირველ რიგში უფრო  67 ათასი მასწავლებლის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, ვიდრე სწავლების ხარისხზე, სამწუხაროდ.  ამას გვიჩვენებს ნებისმიერი საზოგადოებრივი კვლევა და ზოგადად დამოკიდებულებაც. დაფინანსების რეფორმა ადვილი არ არის, საზოგადოების თანხმობაა საჭირო. რათა რომელიმე ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგას,“ – აღნიშნავს იგი.

ჩვენ კითხვაზე, ხდება თუ არა საზოგადოებრივი კეთილგანწყობის მოპოვება მომავალი თაობების განათლების ხარჯზე, ჟღენტი შემდეგნაირად გვპასუხობს:

„რა, არ იცით, რომ მასეა?! ფაქტია, რომ ეს საზოგადოებრივი დაკვეთაა. იგი  სოციალურ დაუცველობაზე აპელირებს. მიმაჩნია, რომ ეს პირველ რიგში საზოგადოების  პრობლემაა და არა ხელისუფლების. ხელისუფლება საზოგადოების დაკვეთას ასრულებს. იმ  ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, თითოეულ საზოგადოებას ის ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც იმსახურებს და ჩვენ შემთხვევაში ირჩევს კიდევაც“,- დასძენს კახა ჟღენტი.

წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის პედაგოგი, ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნოს ავტორი და ხელმძღვანელი  მანანა ბეგიაშვილი კი  მიიჩნევს, რომ პედაგოგების დაფინანსების წესის ფორმირება ურთულესი საკითხია და ამიტომ გადაჭრით იმის თქმა, თუ რით უნდა განისაზღვრებოდეს ის – სტატუსით, თუ საათებით, შეუძლებელია.

მისი აზრით, არც ბევრი საათის ქონა ნიშნავს კარგ მასწავლებლობას და არც სქემაში მაღალ საფეხურზე აწევა. ამბობს, რომ ბევრია ისეთი, ვინც  გამოცდებს კარგად აბარებს, მაგრამ პედაგოგად მაინც არ გამოდგება.

ბეგიაშვილი ფიქრობს, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია ამით არ უნდა იზომებოდეს და რომ პედაგოგიკაში ამოსავალი ისაა, თუ რამდენად შეუძლია პედაგოგს ბავშვამდე მისვლა.

„მე პირადად მაინც მგონია, რომ მასწავლებლის საზომი უპირველესად მისი პედაგოგიკური უნარები უნდა იყოს. არა მხოლოდ საგნის ცოდნა, არამედ ისიც, თუ რამდენად და როგორ შეუძლიათ ბავშვამდე მისვლა და ამ ცოდნის მიტანა.

„დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებასაც, მაგრამ არ გინახავთ მასწავლებლები, რომელთაც მთელი ცხოვრება სკოლაში აქვთ გატარებული, მაგრამ ყველაზე აგრესიულები არიან? ანუ, გამოცდილებითაც ვერ გაზომავ. ამიტომ, როგორია დაფინანსების იდეალური მოდელი, ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს, ალბათ, ვერავინ გაგცემთ.

„ვფიქრობ ყველა სკოლას თავისი ავტონომია უნდა ჰქონდეს. ოღონდ ისეთებს არ ვგულისხმობ, რომლებშიც სასწავლო ნაწილები კომკავშირელებს ჰგვანან. სკოლა უნდა ახერხებდეს მასწავლებლებისა და მის მიერ ჩატარებული გაკვეთილების შემოწმებას. იმის მომხრეც ვარ, რომ ბავშვებსაც ვკითხოთ ვინ როგორი მასწავლებელია. მართალია, ეს დამამცირებელია, მაგრამ ეტიკეტის ნორმების დაცვა შესაძლებელია,“ – აცხადებს ბეგიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 65.6 მილიონით  იზრდება და 1 181.8 მილიარდი ლარით განისაზღვრება. როგორც მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, ბიუჯეტის დღევანდელი პროექტით გათვალისწინებულია 4 მილიონი ლარი, რომლითაც სქემაში ჩართული 10 ათასი პედაგოგის დაფინანსებაა განსაზღვრული.

ამავე თემაზე:

სერტიფიცირებული მასწავლებლის ფასი საქართველოში

„ლამის ბოდიში მოვიხადო იმაზე, რომ გავბედე და გავხდი სერტიფიცირებული პედაგოგი“

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური