GE

„მაგისტრატურის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებზე რეგულაციების დაცვა ვერ ხერხდება”

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები მიმდინარეობს. აღნიშნული გამოცდა მაგისტრატურაზე სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის, ერთიანი ეროვნულ გამოცდების ჩაბარების შემდეგი ეტაპია.

მთავრობის გადაწყვეტილებით უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრამდე ყველა საფეხურზე დისტანციურად წარიმართება. გაითვალისწინეს თუ არა ეს შეზღუდვა სასწავლებლებმა  მაგისტრანტების შიდა გამოცდების დროს?

განსაკუთრებით ხალხმრავალი აღმოჩნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენის გამოცდა, რომლიც 6 სექტემბერს სამ სესიად წარიმართა. გამოცდაში მონაწილე სტუდენტები აცხადებენ, რომ საგამოცდო შიდა სივრცეში რეგულაციები დაცული იყო, რასაც ვერ ვიტყვით გარე პერიმეტრზე.

როგორც EDU.ARIS.GE-სთან საუბარში სტუდენტები აცხადებენ, ხშირ შემთვევაში ჭირდა  რეგულაციების, დისტანციის დაცვა გარე პერიმეტრზე, ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში გადაადგილებაც გართულებულია და სტუდენტისთვის საკმაოდ დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. მათ მიაჩნიათ, რომ იმ მიმართულებებზე სადაც გასაუბრებით ხდება სტუდენტების შერჩევა, შესაძლებელი იყო პრაქტიკაში არსებული ონლაინ სასწავლო პლატფორმების გამოყენება.

თამარ ძ, თსუ-ს მაგისტრანტობის მსურველია, მან უცხო ენის გამოცდა უნივერისტეტის მაღლივ კორპუსში დასწრებულად ჩააბარა. როგორც თამარი გვიყვება გამოცდის დაწყებამდე გარეთ რეგულაციების დაცვა ვერ ხერხდებოდა, რადგან უამრავი სტუდენტი იყო თავმოყრილი. ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ უცხო ენის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდისთვის მხოლოდ ერთი დღე გამოიყო.

„უცხო ენის გამოცდა ტესტირებული იყო და ალბათ ამის გამო გადაწყვიტა უნივერსიტეტებმა, რომ დასწრებულ რეჟიმში წარმართულიყო, თუმცა გარე ტერიტორიაზე ნამდვილად ვერ ხერხდებოდა დისტანციის და რეგულაციების დაცვა., ხალხმრავლობა იყო. დაცვამ რამდენჯერმე მოგვიწოდა კიდეც რომ დისტანცია დაგვეცვა, თუმცა როდესაც ამ რაოდენობის ხალხზეა საუბარი ამის უზრუნველყოფა რთულია. ეს უნდა გაეთვალისწინებინა უნივერსიტეტს. საგამოცდო სივრცეში ყველა რეგულაცია დაცული იყო. ალბათ მსგავსი სიტუაცია იქნება სხვა გამოცდებზეც, რადგან თითქმის ყველა მიმართულებაზე გამოცდები დასწრებულად ტარდება“, – განაცხადა თამარმა.

„უცხო ენის გამოცდაზე იყო ძალიან დიდი ხალხმრავლობა და ნამდვილად ვერ ხერხდებოდა გარეთ დისტანციის დაცვა. მარტო ერთი დღით იყო გამოცდა და ალბათ ამან გამოიწვია. გამოცდა იყო ტესტირებული, უცხო ენის სხვადასხვა დონეზე. უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იყო გამოცდას რა ფორმით ჩაატარებდა, თუმცა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებაც შეიძლებოდა. ან რამდენიმე დღეზე გამოცდის განაწილება, რომ ხალხმრავლობა ყოფილიყო აცილებული ან ონლაინ რეჟიმში გამოცდის ჩატარება რატომ არ შეიძლებოდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

EDU.ARIS.GE სხვა უნივერსიტეტების მაგისტრობის მსურველებსაც ესაუბრა, ზოგიერთმა მათგანმა გასაუბრება დისტანციურ რეჟიმში გაიარა, ზოგიერთს კი დასწრებულად მოუხდა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებისა თუ გასაუბრების გავლა.

ქეთა აბაშიძე: „სამართლის მიმართულებაზე ვაბარებდი ილიას უნივერსიტეტში, სადაც ასევე დასწრებულად იყო გამოცდა როგორ უცხო ენაში ასევე წერითი გამოცდაც საგანში. ყველა რეგულაცია დაცული იყო და მკაცრად კონტროლდებოდა ნაკადიც. ჩემთვის პრობლემას უფრო ის წარმოადგენს, რომ ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში გვიწევს გამოცდებზე სიარული და ვფიქრობ ეპიდსიტუაციასთან ერთად ეს ფაქტორიც უნდა გაეთვალისწინებინათ უნივერსიტეტებს, იმ შემთხვევებში მაინც როდესაც მხოლოდ გასაუბრებით ხდება სტუდენტის შემოწმება“.

ალექსანდრე ლაცუზბაია: „სამ უნივერსიტეტში შევიტანე განაცხადი ბტუ, ილია და ტექნიკური. ბტუში სრულად ონლაინ იყო გასაუბრება და ინგლისურის ტესტი, ილიაშიც გასაუბრება ონლაინ ჩამიტარდა და აი ტექნიკურში შიდა გამოცდაზე მისვლა მიწევს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული სრულიად არადისტანციურად ვიზამდი, მაგრა ასეთ სიტუაციაში წესით თუ სადმე ძალიან მაღალი კონკურენცია არ არის, ან თვითონ ფაკულტეტი არ არის მნიშვნელოვანი, მედიცინის ან რამე სხვა შემთხვევაში, ონლაინ უნდა ყოფილიყო ყველგან ან ტრანსპორტის გახსნის მერე მაინც“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური