GE

მაგისტრობის მსურველთა გამოცდები დაიწყო – რამდენია კოვიდინფიცირებული და რა შედეგი გჭირდებათ გრანტისთვის

ერთიან ეროვნულ გამოცდებში დღეიდან მაგისტრობის მსურველები ჩაერთვნენ. დღეს გამოცდას ჩააბარებენ ასევე სპეციალური მასწავლებლები. 27 ივლისს მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდაზე 82%-მდე მაგისტრანტობის მსურველი გამოცხადდა. ამ დროის მონაცემებით არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ 27 ივლისს განუცხადა, დღევანდელ საგამოცდო სესიებზე კორონავირუსის დადასტურების გამო ჯამში 59 აპლიკანტი არ გამოცხადდა. მათთვის დამატებითი გამოცდა კი მოგვიანებით დაინიშნება.

,,დღეს დილიდან გამოცდები მაგისტრობის მსურველებისთვის იწყება, ხოლო შუადღის სესიაზე პირველად ჩატარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. გარდა ამისა, დღეს გაიმართება დამატებითი სესია აბიტურიენტებისთვის ისტორიაში. მაგისტრობის მსურველი 12 800-ზე მეტი გვყავს წელს. ისევე როგორც სხვა შემთხვევაში, მაგისტრების და სპეციალური მასწავლებლების შემთხვევაშიც, ის აპლიკანტები ვისაც დაუდასტურედება კორონავირუსი არ გამოცხადდება და მათთვის დაინიშნება დამატებითი სესია. დღეს ასეთი გვყავს სულ 59 აპლიკანტი. აქედან არის 42 მაგისტრობის მსურველი, ხოლო 17 სპეციალური მასწავლებელი”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე აპლიკანტები წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ტესტებს ასრულებენ. გამოცდაზე შესვლის წინ EDU.ARIS.GE 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან მომლოდინე აპლიკანტებს გაესაუბრა:

გიორგი, 25 წლის, ,,როცა უნივერსიტეტი დავასრულე მუშაობაც მალევე დავიწყე და დრო აღარ მქონდა სწავლის გასაგრძელებლად. პანდემიის დროს სამსახური დავკარგე და ვიფიქრე, რომ ისევ ვცდიდი სწავლის გაგრძელებას. სამწუხაროდ, ისეთი რეალობის წინაშე გვიწევს დგომა, რომ დიდი არჩევანი არც გვაქვს, სტაბილური სამსახური რომ მქონდეს და კარგი შემოსავალი, არ გავაგრძელებდი, რადგან სამეცნიერო საქმიანობას არ ვაპირებ, უბრალოდ მეტი მინდა ვიცოდე ჩემს სფეროში და ტურისტული კომპანია გავხსნა. რაც შეეხება გამოცდას, ტესტი ზედმეტად მარტივია, ამიტომ ვიცი ჩავაბარებ და მაგისტრიც გავხდები, რა იქნება ამის შემდეგ ეგ უკვე აღარ ვიცი”.

ანა, 24 წლის, ,,პროფესიით ფილოლოგი ვარ, სკოლაში ვმუშაობ მასწავლებლად და კიდევ აბიტურიენტებიც მყავს. როცა სამსახური დავიწყე არ მიფიქრია რომ მაგისტრის დიპლომი მჭირდებოდა, მაგრამ ზედმეტი დრო გამომიჩნდა და რატომაც არა. მგონია, რომ სწავლის სურვილი ყოველთვის უნდა გქონდეს, მით უფრო, როცა სხვებს ასწავლი. ტესტებს დამოუკიდებლად ვამუშავებდი, ნორმალურად ვაკეთებ და არ ვფიქრობ, რომ გამიჭირდება, უბრალოდ, მერე როგორი გრაფიკიც მექნება, ეგ ცოტა მაშინებს”.

გიორგი, 23 წლის, ,,ბაკალავრის დიპლომი რომ ავიღე, ვიფიქრე, ახლა მაინც დავსაქმდები კარგ ადგილზე მეთქი. სტუდენტობის დროს ბევრი სამსახური მაქვს შეცვლილი, ბოლოს ტექნიკის მაღაზიაში ვმუშაობდი კონსულტანტად, მერე ეს სამსახურიც დავკარგე და უმუშევრობამ ისევ სწავლის სურვილისკენ მიბიძგა, თუმცა არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, რადგან ამ ქვეყანაში სტაბილური სამსახური არ არსებობს თუ შენი ბიზნესი არ გაქვს, ამას კიდევ ფული უნდა. რაც შეეხება ტესტს, მარტივია და დავწერ, უნივერსიტეტის შიდა გამოცდებზე უფრო ვფიქრობ…”

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულები და კომპეტენციის მინიმალური ზღვრები ტესტის ნაწილების მიხედვით:

წაკითხულის გააზრების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 21, ანალიტიკური წერის ნაწილში – 18, ლოგიკური მსჯელობის ნაწილში – 17, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში – 19. კომპეტენციის მინიმალური ზღვარი თითოეულ ნაწილში, გარდა რაოდენობრივი მსჯელობისა, შეადგენს ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 30%-ს, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში – ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 25%-ს.

მაგისტრანტს შეუძლია მოიპოვოს მხოლოდ 100%-იანი გრანტი. მთლიანი გრანტის დაახლოებით 40% ნაწილდება დადგენილ 12 საგანმანათლებლო მიმართულებაზე თანაბრად, ხოლო დანარჩენი თანხა ნაწილდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესაბამისად. იხილეთ ბმული.

რაც შეეხება უნივერსიტეტში მოხვედრას საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის საფუძველზე ჩარიცხვის დროს განიხილებით იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რომლის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაც წარმატებით ჩააბარეთ.

ერთიანი სამაგისტრო გამოცდები 4 დღეს გაგრძელდება, 28 ივლისს კი საგამოცდო პროცესებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების მსურველებიც შეუერთდებიან.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს ანუკი წიწილაშვილმა და მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური