GE

მალავს თუ არა განათლების სამინისტრო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას – რა დადგინდა მინისტრის ყოფილი მოადგილის დის შესახებ?

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ იმ მასალების კვლევა დაასრულა, რომელსაც უნდა ეპასუხა კითხვებისთვის, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების სკანდალს უკავშირდებოდა. კერძოდ კი გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარი იყო განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის დის მხრიდან ისტ–ის სახელმძღვანელოს სავარაუდო ლობირებაზე. ლალი გიგაური, სავარაუდოდ, გრიფირების კონკურსში შეტანილი სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობდა და ამასთან, სავარაუდოდ იყო „დიოგენეს” გამომცემლობის მიერ მომზადებული ერთ-ერთი სახელმძღვანელოს რეცენზენტიც.

იმ ექსპერტიზის თანახმად (ჩანიშნული იყო სხვა ექსპერტიზებიც), რომელიც ბიურომ უკვე მოამზადა და მიხეილ ბატიაშვილის უწყებას ბიუროდან გატანილი აქვს, უნდა ეპასუხა შემდეგი კითხვებისთვის:

1.წარმოდგენილი მასალებით დგინდება თუ არა მოქალაქე ლალი გიგაურის “ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების” საგანში კონკრეტული სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში მონაწილეობა.

2.წარმოდგენილი მასალებით დგინდება თუ არა, რომ “ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების” საგანში, კონკრეტული საავტორო ჯგუფის წევრს/წევრებს წვდომა ჰქონდათ გრიფირების ელექტრონულ სისტემაში სარეცენზიო ჯგუფის მიერ დაფიქსირებულ მოსაზრებებთან.

როგორც EDU.ARIS.GE-ს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში განუმარტეს, ექსპერტიზის დასკვნა ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში მომზადდა და აპრილის პირველ-ორ რიცხვში განათლების სამინისტროს გატანილი უნდა ჰქონდეს. რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს მტკიცებით, რაც  EDU.ARIS.GE-სთვის მოწერილი უახლესი (აპრილის) წერილითაც დასტურდება, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის პასუხი მომზადებული არ აქვს. მალავს თუ არა მიხეილ ბატიაშვილის უწყება ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს დადასტურებით ვერ ვიტყვით, თუმცა დღეს უკვე 18 აპრილია და დასკვნა მინიმუმ ორი კვირაა სამინისტროში დევს. მასალების შესწავლის დაწყებიდან კი 288 დღე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გამოკვეთილ სხვა დარღვევებზე, რომელთა არსებობაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის დასკვნით უკვე დადასტურდა.

ამავე თემაზე:

„გიგაურის საქმე“ – მასალები სამხარაულის ექსპერტიზას 30 ივლისამდე არ გადაუგზავნეს!

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – რა დარღვევები იკვეთება ინსპექტირების სამსახურის დასკვნით

განათლების სამინისტროს 80-დღიანი „მოგზაურობა“ გიგაურის საქმის გარშემო

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური