GE

მამა პეტრე – მშობლებს გვაკლია შვილთან ურთიერთობის კულტურა, სკოლაში მხოლოდ საგანი არ უნდა ისწავლებოდეს

იყო მშობელი დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა როგორც შვილის, ასევე საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე. მშობლობა, ალბათ, ორმაგად საპასუხისმგებლოა, როცა შენი სტატუსი მშობლისას ცდება, ხარ სასულიერო პირი და უამრავ სულიერ შვილთან ერთად, საკუთარი 6 შვილიც გყავს. EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „მშობელი მშობელს“ დღევანდელი სტუმარი, პირველად რუბრიკის ისტორიაში სასულიერო პირი, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და სკოლის დირექტორი პეტრე კვარაცხელიაა.

არასდროს ვერევი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში

მეც და ჩემი მეუღლეც პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევით. თავად გახლავართ სკოლის დირექტორი. მიუხედავად ამისა, არასდროს ზედმეტად და უხეშად არ ვერევი ჩემი შვილების პირად ცხვორებაში. რა თქმა უნდა, ყოველთვის მაინტერესებს რას აკეთებენ ისინი, როგორ არიან სასწავლო პროცესში ჩართულები, რამდენად მომზადებული მიდიან სკოლაში. ვცდილობ, დილით თავად წავიყვანო სკოლაში. გზაში ყველას მაქსიმალურად ვეკითხები ვის რა პრობლემა აქვს, რომელი საგანი უფრო ერთულებათ, ვის უფრო მეტად სჭირდება დახმარება და ა.შ. თუმცა, პრობლემა მხოლოდ მოსწავლეს ან მშობელში კი არაა, პრობლემაა საგანმანათლებლო სისტემაში. სკოლაში მხოლოდ საგანი არ უნდა ისწავლებოდეს, სკოლაში უნდა ისწავლებოდეს პირველ რიგში ცხოვრება, ურთიერთობები. თუ ჩვენ კლასში გვყავს ბავშვი, რომელიც თუნდაც 6-ანის ან 7-ანის დონეზე  ვერ ფლობს საგანს, ეს არ არის მარტო იმის ბრალი, რომ ბავშვს არ აინტერესებს საგანი. ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ამ დონეზე დაძლიოს საგანი, თუ ამის მზაობა გააჩნია მშობელს და პედაგოგს. თანამშრომლობის ნიადაგზე ყველა საგნის დაძლევა შესაძლებელია. ბავშვს ჩვენ უნდა შევაყვაროთ საგანი. ხშირად ხდება ისე, რომ ბავშვი სწავლობს იმ საგანს, რომლის პედაგოგიც მოსწონს. ე.ი. რაღაც კუთხით, ეს პედაგოგის „ბრალიც“ ყოფილა. სწორედ მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამა თუ იმ საგანზე სწორად.

მშობელი შვილს გაკვეთილების მომზადებაში უნდა ეხმარებოდეს

მშობელი შვილს გაკვეთილების მომზადებაში აუცილებლად უნდა ეხმარებოდეს. ასევე, უნდა გააკონტროლოს რამდენად მომზადებული აქვს გაკვეთილი. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი დისციპლინას, მან უნდა იცოდეს რომ მხოლოდ ერთი საგნის სწავლა კი არა, ყველა საგნის სწავლაა საჭირო. ამასთან, ბავშვს უნდა დავუტოვოთ არჩევანის საშუალება, არ უნდა დავაძალოთ ისწავლოს ესა თუ ის საგანი. ძალიან მინდა, ჩემი შვილი იყოს ნასწავლი, დაამთავროს უმაღლესი სასწავლებელი, მაგრამ იმიტომ რომ ჩემი შვილი იყოს დიპლომაინი, ნამდვილად ვერ დავაძალებ, თუ ეს მისი მოწოდებაც არ იქნება. უმაღლესი განათლება კი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, ბავშვი უნდა გაიზარდოს, პირველ რიგში, პიროვნებად. ამასთან, ჩვენ შვილები იმ მიმართულებით უნდა წავიყვანოთ, რაშიც ნიჭიერები არიან, სადაც უფრო მეტად გამოაჩენენ თავს და არა ისე, როგორც ეს ჩემ ბავშვობაში ხდებოდა. ფაქტობრივად მშობლების მოთხოვნის შედეგად რომ ხდებოდა პროფესიის არჩევა და უნივერსიტეტში ჩაბარება. არ გვქონდა თავისუფალი ნება. ჩვენ გვაწვალებდნენ და გვაიძულებდნენ მშობლები. ბავშვს კი არ უნდა  ვაიძულოთ და დავაძალოთ, დაძალებამდე ისეთი ენა უნდა გამოვნახოთ მასთან, რომ ამის გარეშეც გაუჩნდეს სურვილი ისწავლოს, ჩააბაროს და მიაღწიოს. დიპლომი არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი რეალიზდეს.

თუ მათი სურვილი არ იქნება, შვილებს უმაღლესში ჩაბარებას არ დავაძალებ

ჩემთვის მნიშვნელოვანია სწავლა-განათლება, მაგრამ თუ ჩემი შვილებისთვის არ იქნება უმაღლესის დიპლომი აპრიორი, არავითარ შემთხვევაში არ დავაძალებ, რომ უმაღლესში ჩააბარონ. საკმარისია ისწავლონ პროფესია, ისწავლონ ცხოვრება, იყვნენ ადამიანები, სხვას არ შეუშალონ ხელი პირადი ცხოვრების მოწყობაში.

მყავს აბიტურიენტი შვილი. ემზადება საგნებში, მე მასთან არ ვერევი და არ ვუთითებ რომელი ფაკულტეტი უნდა აირჩიოს. მას აქვს თავისუფალი ნება. მე არჩევანის დროსაც ხელს არ ვუშლი, რადგან შეიძლება ჩემმა აზრმაც მის ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინოს, დამიჯეროს და მერე მიხვდეს რომ ვიღაცის გავლენის გამო გადაწყვიტა ასე.

ბავშვები საკუთარ მიდრეკილებებს მაშინ მალავენ, როცა იციან, რომ ოჯახში მათი არ ესმით

ჩემი შვილებიდან ყველას აქვს თავისი მიდრეკილებები და მიზნები. გემოვნებითაც და სტილითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩემს ოჯახში ზოგს მოსწონს ფეხბურთი, ზოგს კალათბურთი, ჭადრაკი. ვისაც რა მოსწონს, იმის წრეზე დადიან. მე რომ დავაძალო, შეიძლება ჩემი ხათრით შეცვალონ გადაწყვეტილება, მაგრამ შემდეგ უკვე ადვილი შესაძლებელია, მას კომპლექსი ჩამოუყალიბდეს. არ არსებობს ბავშვს რაიმე კონკრეტული მიდრეკილება არ ჰქონდეს. ისინი იმ შემთხვევაში მალავენ ამას, როცა იციან რომ მათ აზრს ოჯახში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მშობლებმა, პირველ რიგში, შვილებს უნდა მივცეთ აბსოლუტური  თავისუფლება, რომ გამოხატონ საკუთარი აზრი, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და თქვან ის, რისი მიდრეკილებაც აქვთ.

აგრესიით ვერასდროს ავლაგმავთ აგრესიას

აგრესიით ვერასდროს ავლაგმავთ აგრესიას და ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს, რადგან „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“. ეს მართლაც არის სრული ჭეშმარიტება. როცა გვინდა, რომ ბავშვთან სასურველ შედეგზე გავიდეთ, უნდა ვიყოთ მასთან მეგობრულები. მშობელი წინააღმდეგობებს განსაკუთრებით შვილის თინეიჯერობის ასაკში აწყდება. ჩვენ გვაკლია შვილთან ურთიერთობის კულტურა. ბავშვები 13 წლიდან 18-წლამდე განსაკუთრებით სარკისებური ეფექტით აღიქვამენ სამყაროს, ურთიერთობებს და სწავლობენ არა სიტყვით, არამედ საქმით, ქმედებებით. ამიტომ, ვცდილობ, ჩემმა შვილებმა ჩემგან დარიგებები ნაკლებად მოისმინონ და საქმით  დავუმტკიცო რისი თქმაც სიტყვით მინდოდა. მშობლები შვილებს კი არ უნდა ესაუბრონ, უნდა იმოქმედონ.

დასვენების დღეებში, მშობლები უნდა შეეცადონ, რომ შვილთან მაქსიმალური დრო გაატარონ. ასწავლონ არა სიტყვიერი საუბრებით, არამედ საქმით. წაიყვანონ კინოში, თეატრში, რომელიმე კულტურულ დაწესებულებაში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი სწორედ ურთიერთობებით სწავლობენ.

შვილის გაზრდა ყველაზე რთულია

ყველა ბავშვს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. არც ერთი ერთმანეთს არ ჰგავს ჩემი შვილებიდან. ყველა არის ინდივიდაული და სჭრიდება თავისი გასაღები. შვილის გაზრდა ყველაზე რთულია. ძალიან ვნანობ მათთან დიდ დროს რომ ვერ ვატარებდი. ხშირად ვიყავი დაკავებული, უფრო ხშირად, შეიძლება, მქონდა დრო, მაგრამ არ მინდოდა მათთან ვყოფილიყავი. ძალიან რთული იყო ჩემთვის 6 შვილთან ურთიერთობა. ბავშვებთან ურთიერთობას დიდი მნიშვენლობა აქვს. მათ სჭირდებათ მშობლიური სითბო. უნდა გავატაროთ მათთან დიდი დრო და მაქსიმალურად მოვუთმინოთ. რამდენჯერაც გავბრაზებულვარ  ბავშვებზე, მიყვირია, მიჩხუბია… დამერწმუნეთ, ამით მათი  ფსიქიკა უფრო  ინგრეოდა და შედეგი იყო ნულს ქვემოთ. რამდენჯერაც უფრო  დამთმობი და მეგობრული ვყოფილვარ, უფრო კარგ შედეგამდე გავსულვარ, რადგან ჩემგან დამოუკიდებლად მათ გასჩენიათ აბოსლუტურად  გახსნის სურვილი და დაგულწრფელად უსაუბრიათ.

შვილი, როგორიც არ უნდა იყოს, უნდა უყვარდეს მშობლეს. უნდა გრძნობდეს ბავშვი, რომ ის უყვართ ოჯახში მაშინაც კი, როცა რაღაცას აშავებს.

მშობელი–მშობელს სხვა სტუმრები

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური