GE

მამუკა თავხელიძე: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მთავარ პრიორიტეტად კვლავ საერთაშორისო პროგრამები რჩება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს, როგორც ყოველთვის, სიახლეებით ხვდება. როგორც  EDU.ARIS.GEსთან საუბარში უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ აღნიშნა, აკრედიტაცია გაიარა ინგლისურენოვანმა სამედიცინო პროგრამამ, ასევე საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას „ისრაელის სახლსა“ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის განსაკუთრებულ პრიორიტეტებად კი კვლავ საერთაშორისო პროგრამები და გაცვლითი კურსები რჩება.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს  გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან, იტალიასთან მრავალწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა აკავშირებს. დღეისათვის ის ვურცბურგის, პოტსდამის, საპიენსას, ლაზარსკის, იან კოხონოვსკის,  ნანტის, ლილის, სორბონის, უნივერსიტეტებთან,  ადმინისტრირების ეროვნულ სკოლასთან (ენა)  და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობს და 20-მდე ერთობლივ სამაგისტრო, სამეცნიერო და გაცვლით პროგრამას ახორციელებს.

2016 წლიდან უნივერსიტეტი  ჰარვარდის ბიზნესსკოლის აფილირებული წევრია.

-ბატონო მამუკა, 2019-2020 სასწავლო წელს რა სიახლეები ხვდებათ სტუდენტებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში?

მამუკა თავხელიძე: ამ ახალ სასწავლო წელსაც სიახლეებით ვხვდებით. წელს უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი. ხელი მოეწერა „ისრაელის სახლსა“ და ჩვენს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

ერთობლივი შეთანხმებით, დაიგეგმა უნივერსიტეტში ისრაელისა და ჰოლოკოსტის შესახებ სწავლებისა და კვლევების განხორციელება, კერძოდ, საგანამანათლებლო პროგრამებში „ჰოლოკოსტის ისტორიის“ სასწავლო კურსის ჩართვა და ისრაელის სახლის მხარდაჭერით სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების, კონფერენციებისა და საჯარო ლექციების, აგრეთვე, სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელება.

საქართველოში ებრაელი ერის გენოციდისადმი განსაკუთრებული ყურადღების დათმობა და საუნივერსიტეტო სივრცეში ჰოლოკოსტის არსისა და უნიკალურობის სწავლება, განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა შეხვედრის მონაწილე ისრაელის დელეგაციისათვის, რომლის შემადგენლობაში ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) 5 დეპუტატი იყო, მათ ძალიან საინტერესო იდეები და წინადადებები შემოგვთავაზეს. ჩვენი შეხვედრის დროს წარმოიშვა აზრი, რომ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ განიცადა ჰოლოკოსტის ტრაგედია ან ასეთი ოჯახის წარმომადგენლები, პერიოდულად ეწვიონ უნივერსიტეტს და შეხვედნენ სტუდენტებს. ამავე დროს, ისრაელში სასწავლო კურსის მოსასმენად ჩვენი სტუდენტებიც გაემგზავრებიან და ა.შ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროექტია.

-სხვა რა სიახლეები გაქვთ საერთაშორისო პროგრამების მიმართულებით?

მ.თ: გასულ წელს ჩვენს უნივერსიტეტში შეიქმნა ბრიტანეთისა და ამერიკის შესწავლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის უმთავრესი სამიზნე აუდიტორია ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამეცნიერო წრეა, შესაბამისად, წლის განმავლობაში ინსტიტუტის მიერ გაწეული საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩინების შესანიშნავი საშუალებაა, ის იკვლევს ბრიტანეთსა და ამერიკაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ლინგვისტური, ასევე გეოგრაფიული, პოლიტიკური, სოციალური და ა.შ. მიმართულებით. წელს გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა და აღმოჩნდა, რომ ინსტიტუტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში 75 უმნიშვნელოვანესი ფაქტი შეისწავლა და გააშუქა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობს საერთაშორისო გაცვლით პროგრამა “erasmus +”-თან და ახორციელებს როგორც სტუდენტთა, ისე პროფესორ-მასწავლებელთა მობილობას სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტში, რაც ხელს უწყობს ევროპული საგანამანათლებლო ღირებულებების გაცნობას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარებასა და საერთაშორისო უმაღლეს საგანამანათლებლო სივრცეში ნდობისა და ცნობადობის ამაღლებას.

წელს ჩვენს უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ლაზარსკისა და იან კოხონოვსკის უნივერსიტეტების პროფესორები, რომლებმაც სალექციო, სემინარული და კვლევითი მუშაობა ჩაატარეს. წარმატებული იყო პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩვენი პროფესორების: ქეთევან მაისურაძის, ქეთევან კუხიანიძის, დავით სირაძის, ეკატერინე კევლიშვილის, გივი გუჯარაიძის და სხვათა ვიზიტი.

დღეისათვის სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტში ჩვენი არაერთი სტუდენტი სწავლობს. ჩვენთან კი გასულ სასწავლო წელს პოლონელი, ფრანგი და გერმანელი სტუდენტები ეუფლებოდნენ არჩეულ პროფესიას.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გასაცნობად უნივერსიტეტი კვლავაც განაგრძობს ცნობილი და წარმატებული უცხოელი მეცნიერებისა და სპეციალისტების მოწვევას და საჯარო ლექციებისა და მასტერკლასების ორგანიზებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურობის გაზრდას.

-როგორც ვიცით, თქვენმა ახალმა სამედიცინო სწავლების პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია, რა შეგიძლიათ ამის შესახებ გვითხრათ?

მ.თ: ნამდვილად, წელს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ჩვენს უნივერსიტეტში, უნივერსიტეტმა გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო სწავლების მიმართულებით. სხვათა შორის, ეს ინგლისურენოვანი პროგრამაა, რომელმაც მიიღო აკრედიტაცია. ეს იყო ძალიან დიდი ხნის მზადების შედეგი და ჩვენი აკრედიტაციის საბჭოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან კიდევ ერთხელ გამოავლინა ძალიან მაღალი კვალიფიკაცია და კომპეტენცია თავის სფეროში, რისთვისაც, რა თქმა უნდა, მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რითიც ვხვდებით ახალ სასწავლო წელს.

-ამ ეტაპზე თუ გადის კიდევ თქვენი რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციას და რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა ამ პროცესისა და პროგრამის შესახებ?

მ.თ: ვგეგმავთ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამას, რომელიც იქნება მულტიდისციპლინური. ეს პროგრამა მხოლოდ ჩვენი ძალებით არ განხორციელდება, არამედ უცხოელ პარტნიორებთან ერთად.

ამ მხრივ  ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით გამოვყოფდი გერმანიის აკადემიურ გაცვლით სამსახურს (DAAD), რომელთანაც უნივერსიტეტი წლებია წარმატებით თანამშრომლობს.

2018-2019 სასწავლო  წელს უნივერსიტეტმა, როგორც ინსტიტუციამ, აგრეთვე, მისმა სტუდენტებმა და პროფესორებმა, DAAD – ის რამდენიმე სტიპენდია მოიპოვეს, მათ შორის: საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტთა ჯგუფმა: გერმანიაში სასწავლო ვიზიტის, გერმანული ენის შემსწავლელი კურსებისა და საზაფხულო სკოლების სტიპენდიები.

ამასთან ერთად, წელს სამართლის სკოლის დოქტორანტმა ია ხურციძემ უკვე  მეორედ მოიპოვა DAAD – ის კვლევითი სტიპენდია და ახლა ის გერმანიაშია. ხოლო საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი, კვლევითი სტიპენდია.

უნივერსიტეტს ასეთივე ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან: USAID, GIZ, კონრად ადენაუერის ფონდი,  ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო  (AUF) და სხვა.

უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია   სასწავლო-პრაქტიკული ტურები ევროპაში,   წელს უნივერსიტეტმა უკვე ოთხი ასეთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელა.

საერთაშორისო ზაფხულისა და ზამთრის სკოლები ბათუმსა და ვურცბურგში  სწავლა-სწავლებასთან ერთად  კულტურათა შორის ურთიერთობის  ხელშემწყობი ფაქტორია. 5 აგვისტოს ბათუმში გაიხსნა  ვურცბურგის უნივერსიტეტისა და  ჩვენი ერთობლივი საზაფხულო სკოლა,  მის ყველა მონაწილეს წარმატება მინდა ვუსურვო.

რაც შემიძლია ვთქვა არის  ის, რომ დღესდღეობით გაცვლითი პროგრამები არის ჩვენთვის პრიორიტეტი.

-რა სიახლეები გაქვთ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის მიმართულებით?

მ.თ: ამ თვალსაზრისით ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ლიდერი, ეს ფაქტია. ჯერ კიდევ 1998 წელს უნივერსიტეტმა პირველმა შემოიტანა სტომატოლოგიის პროგრამაში    მოდელირებული სწავლების მეთოდი, ამ  პერიოდში უნივერსიტეტს უკვე ჰქონდა თავისი სატელევიზიო სტუდია. ცნობილია, ასევე, ჩვენი უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რომლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა  ყოველწლიურად უმჯობესდება და   ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. დღესდღეობით, ჩვენ გავხსენით მედიცინის პროგრამის  ახალი სიმულაციური ცენტრი, რომელმაც აკრედიტაციის ექსპერტების ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

-წელს დაახლოებით რამდენ აბიტურიენტს ელოდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი?

მ.თ: ქართული ბაზრისთვის დღესდღეობით პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სოციალური პრობლემების გამო, სტუდენტები ირჩევენ ისეთ უნივერსიტეტს, სადაც იაფია გადასახადი ან მარტივია სწავლა. ჩვენთან ყოველთვის მოდის ხარისხობრივად მაღალი დონის აბიტურიენტი, ანუ ის აბიტურიენტი, ვინც მიზნობრივად სწორედ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს აძლევს პრიორიტეტს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ბონუსიც კი გვაქვს მათთვის – ვინც პირველ პრიორიტეტად შემოხაზავს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, 15-პროცენტიან ფასდაკლებას ვუკეთებთ სწავლის საფასურზე. ეს არ არის მოზიდვის იაფფასიანი ტრიუკი, არამედ გვინდა, სწორედ ის სტუდენტი მოვიდეს ჩვენთან, ვინც მოტივირებულია რობაქიძის უნივერსიტეტზე და მისთვის ეს შეღავათი ერთგვარი წამახალისებელი ფაქტორი იყოს.

-თქვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რამდენი პროცენტია დასაქმებული?

მ.თ: ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ ამ სტატისტიკას და  არა მარტო იმას, რომ დასაქმდა, არამედ როდის დასაქმდა.  ვთქვათ, პირველ ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში, ან სამ თვეში.  აღმოჩნდა, რომ ერთი წლის ფარგლებში (ესეც ოფიციალური მონაცემია) ეს რიცხვი  შეადგენს 86%-ს და  ყოველწლიურად მერყეობს 86-89 პროცენტს შორის. ვფიქრობ, რომ ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის.

-როგორია თქვენი უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები?

მ.თ: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველი ამოცანაა, რომ განვავითაროთ უფრო მეტად ინფრასტრუქტურა, კვალავაც განვავითაროთ საერთაშორისო ურთიერთობები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის აფილირებული წევრები, ჩართულები ვართ საერთაშორისო კვლევაში და ამ მიმართულებით უფრო მეტად ვაპირებთ გააქტიურებას და სტუდენტების მხარდაჭერას.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური