GE

მანდატურის სამსახურის თემაზე ახალ კანონპროექტში ცვლილებები შევა

ტერმინოლოგია, მანდატურის ასაკი, უმაღლესი განათლების მოთხოვნა, მოსწავლეების შეყოვნება და  სოციალური სამსახურის ჩაურთველობა – ეს იმ შენიშვნების ჩამონათვალია, რომელიც უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებმა მანდატურის სამსახურის რეფორმირების კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქვეს.

„ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გუშინ პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შს და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამართეს და არსებული კანონპროექტის შესახებ ისაუბრეს.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარია „ზოგადი განათლების კანონში“  მანდატურის სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს „პატიოსნად შესრულებულ დოკუმენტს“ უწოდებს, თუმცა მიაჩნია, რომ დღეს არსებულ პრობლემებთან ეს დოკუმენტი ახლოსაც ვერ მივა.

როგორც ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროა ზოგადასაგანმანათლებლო სფეროში ძირეული ცვლილებები და არა მთელი პასუხისმგებლობის დაკისრება მანდატურის სამსახურისთვის. მისივე თქმით, უმთავრესია დიფერენცირებული სწავლება.

„მგონია, რომ ეს არის პატიოსნად შესრულებული დოკუმენტი, მაგრამ იმ პრობლემებთან, რაც დღეს არის, ეს დოკუმენტი ახლოსაც ვერ მივა. როცა ვამბობთ უსაფრთხოებას – რას ვგულისხმობთ ჩვენ, რომ ტერორისტები მოდიან და ბავშვებს იტაცებენ? თუ უსაფრთხოებაში გულისხმობთ იმას, რა სავალალო მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი. ამ მანდატურებისკენ ხომ საერთოდ არ გავიხედავდით, რომ არ მომხდარიყო შემზარავი დანაშაული და ტრაგედია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა. აქედან გამომდინარე, ასეთი ფორმით მანდატურის გაძლიერებამ, რომელიც არც პოლიციაა, არც ქომაგია და არც მეგობარი, შეიძლება გამოწვიოს როგორც ზედმეტი პროტესტი, ისე მისი დაკნინება.

„საერთოდ თუ ვკითხეთ მე-10, მე-11, მე-12 კლასელებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, მათ არ შეიძლება იცოდნენ უფრო ზუსტად, როგორ შეიძლებოდა მათი უსაფრთხოების დაცვა, თუ მათი რეკომენდაციით არის, რომ მანდატურს უნდა ჰქონდეს მათი შემოწმების და შეყოვნების უფლება.

„2012 წელს მანდატურებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა სერიოზულად გვქონდა და იქ იყო ძალიან ბევრი რაღაც, რომელსაც ვაბრუნებთ. მე მგონია, რომ სკოლაში უპირველესი პასუხისმგებელი არის დირექტორი.

„რაც შეეხება ასაკს, რაღაც დიდ მიღწევად მიგვაჩნია, რომ 21 წლის გოგო-ბიჭებზე გვინდა მთელი უსაფრთოების ტვირთი გადავიტანოთ, რომლებიც უნდა იყვნენ რემბოები, კოფკოები, ლირები, უზნაძეები და ასევე, კიდევ მაკარენკოები? ჩემი პირადი აზრია, რომ ამას სხვანაირი მიდგომა სჭირდება”, – განაცხადა ქანთარიამ.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კვიტაიშვილმა, რომელმაც EDU.ARIS.GE– სთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებები კონტროლის მექნაიზმის გაზრდას უფრო ემსახურება ვიდრე ბავშვების უსაფრთხოებას.

„შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ კონტროლის მექანიზმი უფრო მეტად გამოიკვეთა ვიდრე ბავშვზე ზრუნვა. ეს კარგად ჩანს იმაშიც, რომ ცვლილებებში გამოკვეთილია შინაგან საქმეთა სამინისტრო და არსად ფიგურირებს სოციალური მომსახურების სამსახური.

„ფაქტობრივად აღიარეს რომ სამმხრივი ხელშეკრულება იყო შეცდომა. მანდატურის სამსახური თავად უხდის მანდატურებს ხელფასს, შესაბამისად პირდაპირ უკავშირდება მის დასაქმებას. დამსაქმებელი კი, ამ შემთხვევაში, ნამდვილად სიპი უნდა იყოს.

„რაც შეეხება ასაკს, მე პრობელმას ვერ ვხედავ, მაგრამ კარგი იქნება თუ მხოლოდ უმაღლეს განათლებაზე არ იქნება საუბარი და პროფესიულ განათლებაზეც ვისაუბრებთ, მისი სტიმულირების მიზნით.

„ამის გარდა, შენიშვნები გვქონდა ტერმინებთან დაკავშირებით, მაგალითად ზედაპირულ დათავლიერებასთან, ძალის გამოყენებასთან… ვთვლით, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს და ნათელად უნდა ჩანდეს რაზეა საუბარი ვინაიდან მოცემული კანონპროექტი ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა“, – განაცხადა კვიტაიშვილმა.

უმცირესობის წარმომადგენელი, ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანის თქმით, განათლების კანონში შესატანი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია. ხოლო დაგეგმილი ცვლილებები დაგვიანებული და ფაქტობრივად მინისტრ შაშკინის შპარგალკაა.

„2013 წლიდან მანდატურის სამსახური მოექცა ორმაგი დაქვემდებარების ქვეშ, რაც დღეს გაკეთებული განცხადებების ფონზე ფაქტობრივი აღიარებაა იმ ფაქტისა, რომ 5 წლის განმავლობაში სკოლაში მოშლილი იყო მოსწავლეების უსაფრთხოების სისტემა. მანდატურის სამსახურის მიზანმიმართული დისკრედიტაცია თავის დროზე დაშვებული შეცდომა გახლდათ, რომელმაც, სამწუხაროდ, აჩვენა კიდეც თავისი შედეგი.

„მიგვაჩნია, რომ არსებული, ნოვაციად შემოთავაზებული პრევენცია, ვგულისხმობ 5 წლის წინანდელი რეგულაციის გამოსავლად დასახელებას, უკან გადადგმული ნაბიჯია, მით უფრო, რომ გულისხმობს პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას. ეს არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც გამოსავალი არსებულ რთულ სიტუაციაში. ეს ფაქტი კვლავ ხაზს უსვამს განათლების სამინისტროს უმოქმედობას”, – განაცხადა რატიანმა.

აღნიშნულ შენიშვნებთან დაკავშირებით, პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაშმა შეხვედრის შემდგომ განაცხადა, რომ კანონპროექტი ისევ დამუშავების ეტაპზეა და ცვლილებების განხორციელება ბუნებრივია.

მისივე თქმით, ცვლილება, სავარაუდოდ, შეეხება მანდატურის განათლების საკითხს, რომ მათ პროფესიული განათლების მიღების შემთხვევავშიც შეეძლოთ მანდატურად მუშაობის დაწყება.

„დღეს შემოთავაზებული ცვლილებებით, მანდატურის განათლების კრიტერიუმები შეიცვალა ზოგადი განათლების დონიდან უმაღლესი განათლების მოთხოვნით, თუმცა პირადად მე და ჩემი არაერთი კოლეგაც ფიქრობს, რომ პროფესიული განათლების კვალიფიკაციის მქონე პირებსაც უნდა ჰქონდეთ მანდატურის სამსახურში დასაქმების უფლება.

„ასაკობრივმა ზღვარმა აიწია 20 წლიდან 21 წლამდე და მოხვდა სხვა რეგიულაციებთან მიმართებაში მისი თანხვედრა. ერთი წლით ასაკის გაზრდა, ვფიქრობ, ტექნიკური საკითხია და არავითარ ძირეულ ცვლილებას არ შემოიტანს ამ სისტემაში“, – განაცხადა ჯაშმა.

სკოლაში ვიდეოკამერა სავალდებულო იქნება – კანონპროექტის ცვლილებათა ჩამონათვალი

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური