GE

მანდატურის სამსახურმა განათლების სისტემისთვის 28 სოციალური მუშაკი შეარჩია- ვის და როგორ შეუძლია მიიღოს მომსახურება

მანდატურის სამსახურმა, კონკურსის შედეგად, განათლების სისტემისთვის სოციალური მუშაკები შეარჩია. ეს პირები ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში განაწილდებიან და სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრებს ჩაატარებენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ ზოგადი განათლების სისტემაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება შეამცირებს და აღმოფხვრის საგანმანათლებლო პროცესებში ბავშვების ეფექტიანი ჩართულობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს. ამასთან, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პროცესში.

მანდატურის სამსახურის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, პირველ ეტაპზე 28 სოციალური მუშაკი შეარჩიეს, რომლებიც ქვეყანაში მდებარე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში განაწილდებიან. კერძოდ, თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ოფისებში.

უწყების ინფორმაციით, კონკურსის გზით დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა და საბოლოოდ, სოციალური მუშაკი საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების პირველი ცენტრი 2013 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 7 ცენტრი ფუნქციონირებს: თბილისში, ქუთაისში, თელავში, ბათუმში, ფოთში, გორსა და რუსთავში.

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი სთავაზობს ფსიქო-სოციალურ მომსახურებას ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს. ცენტრი ასევე ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მანდატურებთან, სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციასთან.

ცენტრის მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც შედგება ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრებისა და სოციალური მუშაკებისგან, დაეხმარება ბავშვებს, მოზარდებსა და მათი ოჯახის წევრებს ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიკაციასა და მართვაში, კერძოდ: იმპულსური ქცევის მართვასა და საკუთარი თავის კონტროლის უნარის გამომუშავებაში; აგრესიული ქცევის შემცირებასა და მართვაში; ემოციების რეგულაციაში; თანატოლებთან პრობლემური ურთიერთობის მოგვარებაში; კომუნიკაციის და კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში; მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაში; ინტერპერსონალური ურთიერთობების დარეგულირებაში და ა.შ.

ცენტრი 6-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებს, მათი ოჯახის წევრებს, პედაგოგებსა და მანდატურებს ემსახურება და სერვისის მიღება უფასოა. ცენტრთან დაკავშირება შემდეგ ნომრებზეა შესაძლებელი: 08 00 00 00 88; 032 2 200 220 (3025).

რა ჩაიწერება მოსწავლის სკოლაში დასწრების ახალ დოკუმენტში და როდის ეყოლება განათლების სისტემას სოციალური მუშაკები – ახალი დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური