GE

მარნეულის მუნიციპალიტეტში სკოლას 3 წელია აშენებენ და სამუშაოების მხოლოდ 48%-ია შესრულებული

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობა 2021 წლის 30 სექტემბერს უნდა დასრულებულო, თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, 2022 წლის 20 სექტემბრისთვის, სამუშაოების მხოლოდ 48%-ია შესრულებული. მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ამხანაგობა „ივერმშენი“ აწარმოებდა. მშენებლობის პროცესში კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა და სამუშაოების დასრულება ვერ მოახერხა.

სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან დგინდება, რომ კომპანიამ სკოლაში მოაწყო რკინაბეტონის კარკასი, შეავსო ბლოკის წყობით, დაამონტაჟა შენობის გადახურვისთვის ლითონის კონსტრუქცია, აგრეთვე, ტერიტორიის კეთილმოწყობის და სტადიონის დაგეგმარებისთვის საჭირო მიწის სამუშაოები, ხოლო კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების ნახევარზე მეტი არ შეუსრულებია.

MDF-ში (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი) აცხადებენ, რომ „ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კონტრაქტორ კომპანიას არაერთხელ მიეცა სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, თუმცა, ვერ შეძლო სამშენებლო პროგრესის გამოსწორება, რის გათვალისწინებითაც, „ივერმშენს“ კონტრაქტი შეუწყდა“.

2022 წლის 19 სექტემბერს ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი ჩანახჩის საჯარო სკოლის მშენებლობის დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროექტის სავარაუდო ღირებულებად 1 058 545 ლარი, ხოლო მშენებლობის დასრულების დროდ ხელშეკრულების დადებიდან 10 თვე განისაზღვრა,

ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ყველაფერი ბავშვების სასიკეთოდ დამთავრდება.

ასევე იხილეთ:

მთავრობა: 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის მილიარდიანი პროექტის განსახორციელებლად ტენდერები შემოდგომაზე გამოცხადდება

მოამზადა მერი ტაბატაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური